გადაწყვეტილება №19512/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19512/2/2023
1.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ს 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19512/2/2023).
დავის საგანი: საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8054 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 317 016.13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 143 876
დღგ - 64 032
საშემოსავლო გადასახადი - 78 353
ქონების გადასახადი - 1 491
ჯარიმა - 75 258
საურავი - 97 882.13
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2021 წლის №11493 ბრძანება და ამავე თარიღის №007-133 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18395 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 8 თებერვლის №2266 ბრძანება და 9 თებერვლის №007-17 მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8054 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 და მე-9 ნაწილებით, 299-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-10 ნაწილებით, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8054 ბრძანებას არ ეთანხმება, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე და 53-ე მუხლებიდან გამომდინარე ის არის დაუსაბუთებელი.
მომჩივანი უთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნის გახსნა რს-ს პორტალზე ფიქსირდება 2023 წლის 9 თებერვალს 9 სთ-სა და 43 წთ-ზე, რეალურად კი შემდეგ გარემოებას ქონდა ადგილი: შპს „---“-მა შეიძინა მისგან პროდუქცია და მისმა წარმომადგენელმა მოითხოვა სასაქონლო-ზედნადების გამოწერა. ზედნადების გამოწერა მომჩივანმა დაავალა თანამშრომელს, რომელმაც აღნიშნული სასაქონლო ზედნადები გამოწერა 9 სთ და 45 წუთზე, რს-ზე შესვლისას ზედნადებების გრაფაში ვერ გადადიოდა, რადგანაც იმ პერიოდისათვის მოსული იყო სავალდებულო შეტყობინება და რომელიც მხოლოდ კომპიუტერის მაუსით დააკლიკა და ამის შემდგომ შეძლო ზედნადებების ნაწილში გადასვლა, გახსნილი შეტყობინება არ წაუკითხია და არც მომჩივნის დირექტორისათვის უთქვამს რაიმე ამის შესახებ, მხოლოდ ჩააყენა საქმის კურსში, რომ ზედნადები დავალებისამებრ გამოუწერა მყიდველს. მომჩივნისთვის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიღება ცნობილი გახდა მისი ბუღალტრისაგან, რომელმაც 2023 წლის თებერვლის თვის ყოველთვიური დეკლარაციები, გადააგზავნა რს-დან 15 მარტს. შემთხვევით დაათვალიერა მიღებული შეტყობინებები და მაშინვე აცნობა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების შედეგად თანხები არ შეამცირა და როგორ მოქცეულიყვნენ. მომჩივანი, როდესაც გაეცნო საგადასახადო მოთხოვნას და აუდიტის დასკვნას, მას შემდგომ მისცა დავალება ბუღალტერს მოემზადებინა არგუმენტირებული საჩივარი, რომელიც უნდა წარედგინა შემოსავლების სამსახურში.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2023 წლის 29 მარტს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაცნობიდან მე-16 დღეს და მიაჩნია, რომ არ დაურღვევია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 30 დღიანი ვადა. ფაქტია, რომ 2023 წლის 9 თებერვალს საგადასახადო მოთხოვნა გახსნა არაუფლებამოსილმა პირმა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად, ან ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს.
საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. მომჩივანი კი აღნიშნულ დოკუმენტს გაეცნო 2023 წლის 14 მარტს. გარდა აღნიშნულისა აღსანიშნავია შემდეგი არსებითი გარემოება. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს122-115 (2კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გადამხდელისთვის ჩაბარებასთან, კანონმდებლონით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ესე ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ნორმების გაცნობის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის ვალდებულებას. მხოლოდ დასაბუთებული აქტის გაცნობა განაპირობებს პირის მიერ მასში მითითებული გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გაზიარებას. გასაჩივრების უფლების გამოყენებას. გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება იმ მომენტამდე, ვიდრე პირს არ მისცემია გადაწყვეტილების შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა უხეშად არღვევს პირის უფლებას საჩივრის წარდგენაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს გასაჩივრების უფლება წარმოექმნება 2023 წლის 15 მარტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს/ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აპრილის №8054 ბრძანება, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება გამოცემული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, შესაბამისად სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. დაევალოს შემოსავლების სამსახურს განიხილოს 2023 წლის 29 მარტის №54475/21 საჩივარი. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №40556-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 3 თებერვლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნას, მის საფუძველზე გამოცემულ 2023 წლის 8 თებერვლის №2266 ბრძანებას და 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 9 თებერვალს, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 13 მარტი.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით, 29.03.2023 წელს. მომჩივნის განმარტებით, 2023 წლის 9 თებერვალს შეტყობინება (საგადასახადო მოთხოვნა) გახსნა არაუფლებამოსილმა პირმა, თუმცა გახსნილი შეტყობინება არ წაუკითხავს და არც დირექტორისათვის უთქვამს რაიმე ამის შესახებ. მომჩივნისთვის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე ცნობილი გახდა მისი ბუღალტრისაგან, რომელმაც 2023 წლის თებერვლის თვის ყოველთვიური დეკლარაციები, გადააგზავნა რს-დან 15 მარტს.
მომჩივნის არგუმენტს, რომ სადავო აქტი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს და არა მას პირადად, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო აქტების ჩაბარება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8054 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2021 წლის №11493 ბრძანება და ამავე თარიღის №007-133 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18395 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 8 თებერვლის №2266 ბრძანება და 9 თებერვლის №007-17 მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8054 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8054 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
44 (1,3,9); 299 (4,10); 301 (ე); 304 (1, გ)