გადაწყვეტილება №18239/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18239/2/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 16.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18239/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.08.2019 წლის №28638 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2022 წლის №002-92 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24255 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 166 088 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 524 331
დღგ - 3 596
მოგების გადასახადი - 88 300
საშემოსავლო გადასახადი - 432 435
ჯარიმა - 251 786
საურავი - 389 971
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 31.12.2018 წლის №002-491 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2019 წლის №28638 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2021 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.06.2022 წლის №002-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №120421-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24255 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 21.09.2022 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 6.10.2022 წელს
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24255 ბრძანების გასაჩივრების ვადის მე-20 დღე იყო 26.10.2022 წელს. ხოლო, საჩივარი (№208856/01) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 16.11.2022 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანია 2017 წლის დეკემბრიდან აღარ ფუნქციონირებს და არ ჰყავს ადმინისტრაციული პერსონალი. სადავო ბრძანება (21.09.2022 წლის №24255 ბრძანება) rs.ge-ზე ჩამოტვირთულ და გაცნობილ იქნა 8.11.2022 წელს, შესაბამისად, მისი გასაჩივრების 20 დღიანი ვადის დენა დაიწყო 9.11.2022 წელს.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24255 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.