ბრძანება N 13452
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13452
25 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 17 მარტი
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 17 მარტის №94603/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №002-237 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ არ არსებობს დებიტორული დავალიანების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძველი. აცხადებს, რომ თანხა გადაუხდელია კომპანიისთვის დღემდე, ობიექტური მიზეზების გამო, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში 2022 წელს მომხდარი ცვლილებების გამო, ვერ აწარმოებდნენ ახალ პროდუქციას და ვეღარ აწვდიდნენ მათ, ვერ ასრულებდნენ ვალდებულებას, რის გამოც მათ ნაწილობრივ შეწყვიტეს გადახდები, დროებით, სანამ კომპანია პროდუქციის მიწოდებას განაახლებდა. ამასთან, დებიტორები აღიარებენ ზემოაღნიშნულ დებიტორულ დავალიანებებს, რაც დასტურდება შედარების აქტებზე ხელმოწერებით. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული არარეზიდენტი კომპანიებიდან არცერთი არ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია დებიტორების მიერ, ბიზნეს-პრობლემების გამო, თანხების ჩარიცხვის დაგვიანებას რა კავშირი აქვს დირექტორის ხელფასთან, იმ პირობებში, როდესაც დირექტორის მიერ თანხების პირადი მიზნებისათვის მოხმარება არ მომხდარა, ამაზე არ მიანიშნებს არცერთი გარემოება. მიუთითებს, რომ არარეზიდენტი დებიტორები დებიტორული დავალიანების არსებობას ადასტურებდნენ მანამდეც და ახლაც, შესაბამისად, არსებული არარეზიდენტების დებიტორული დავალიანების მიჩნევა მიღებულად და კომპანიის დირქტორზე ხელფასად გაცემულად არის დაუსაბუთებელი და არასწორი. ამასთან, გადამდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21407 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21407 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 24 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 439 211 ლარი, მათ შორის, გადასახადი 292 807 ლარი და ჯარიმა 146 404 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 დეკემბრის №002-237 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 14 აპრილის №7091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 5 ივნისის №25151/2/2025 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7091 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისის №25151/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც საჩივრის წარმოებისას შეფასებული არ არის. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21407 ბრძანების მიხედვით არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
დავის პროცესში გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა შემოწმების მიერ და გათვალისწინებულია არარეზიდენტის მიერ ჩამორიცხული თანხები:
1. კომპანია „----“-ის სახელით შპს „---თვის“ 2022 წელს თანხები უნაღდო ანგარიშსწორებით ჩარიცხული აქვს კომპანია ---- LLC-ს, რომლითაც დაიფარა დებიტორული დავალიანების ნაწილი, ჩარიცხვის დანიშნულებას ადასტურებს ჩამრიცხავი და დებიტორი კომპანიებიც.
2. კომპანია „---- LTD“-ს ჩარიცხული აქვს თანხები შპს „---ის“ დამფუძნებლის, ---ს ანგარიშზე, რომელსაც შემოტანილი აქვს შპს „---ის“ ანგარიშზე სესხის დანიშნულებით, ბუღალტრულად აღნიშნული სესხი გადაკვალიფიცირებულია საწესდებო კაპიტალად, თუმცა გადამხდელის განმარტებით, რეალურად ეს თანხები წარმოადგენდა დებიტორული დავალიანების დაფარვას, რომელსაც ჩაასწორებს ბუღალტრულ პროგრამაში და გათვალისწინებული იქნება შემდგომ პერიოდში.
3. კომპანია ----მა შპს „---ს“ ჩაურიცხა სრულად, შემოწმების დასრულების შემდგომ პერიოდში, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერი შემდგომ პოერიოდზე. წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ზემოთ აღნიშნული სამივე საკითხი დაკმაყოფილდა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელად დარიცხული გადასახადი და შესაბამისად, ჯარიმის ნაწილი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, დავის პროცესში გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის („---“-თან, „---“-თან და ---თან დაკავშირებით) შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სამივე არარეზიდენტის მიერ ჩამორიცხული თანხები, რის საფუძველზეც გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელად დარიცხული გადასახადი და შესაბამისად, ჯარიმის ნაწილი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტები არარეზიდენტ კომპანიებთან, რომლის საფუძველზეც ითხოვს დარჩენილი დარიცხული თანხის გაუქმებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი შედარების აქტები და მათთან დავალიანების წარმოშობის შინაარსი. კერძოდ, ---- LLC და --- LTD კომპანების მიერ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს შესაბამისად 97 183 ევროს და 102 904 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ წარმოშობილი დავალიანება იწყება 2021 წლის პირველი იანვრიდან და მთელი წლის განმავლობაში იმატებს, იმის პარალელურად, რომ დავალიანება რჩებოდა, ხოლო საქონლის მიწოდება ისევ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ არ არსებობს დებიტორული დავალიანების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, დავის პროცესში გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სამივე არარეზიდენტის მიერ ჩამორიცხული თანხები, რის საფუძველზეც გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელად დარიცხული გადასახადი და შესაბამისად, ჯარიმის ნაწილი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.