გადაწყვეტილება №24254/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24254/2/2024
10 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24254/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა გამოწერილი დოკუმენტების მიხედვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის №024-65 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23183 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 507,34 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 14 937
ჯარიმა - 7 469
საურავი - 1 101,34
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის აპრილის და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის აპრილის და 2024 წლის მარტის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა აღემატება დეკლარირებულს. აგრეთვე გამოვლინდა ჩასათვლელი დღგ 193 ლარის ოდენობით (ეა ---------- და ეა ----------). გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადების) საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის №024-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23183 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 275-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2024 წლის მარტის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა საწარმოს მიერ დეკლარირებულ ბრუნვას და ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს 2024 წლის მარტში შემსყიდველი ორგანიზაციისგან ავანსის სახით ჩაერიცხა 97 000 ლარი, რომელზეც გამოწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციაში, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა მარტის თვის დღგის დეკლარაცია და შეიმცირა დაბეგრილი ავანსის თანხა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში რადგან შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2024 წლის მარტის თვეს, სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჯარიმის ოდენობა არასწორად არის განსაზღვრული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ამავდროულად კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და განსახილველ შემთხვევაში ჯარიმის დარიცხვა გამოწვეულია ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით კომპანიასა და მის დამკვეთს (სსიპ ----------) შორის არსებული გაუგებრობიდან, კერძოდ:
სსიპ ---------- და შპს „----------“ შორის 19.03.2024 წელს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №----------“ (შემდგომში - ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც:
- კომპანიამ აიღო ვალდებულება სსიპ ---------- მიეწოდებინა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები და დაცვითი სიგნალიზაცია და განეხორციელებინა მათი მონტაჟი;
- საქონლის მიწოდების და მონტაჟის ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე;
- ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 323 398 ლარი (გადასახადების ჩათვლით); 26.03.2024 წელს ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ღირებულების ნაწილი 97 000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან კომპანიამ მიიჩნია, რომ ავანსი ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას, 2024 წლის მარტის თვეზე კომპანიის მიერ მოხდა ავ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ავანსის თანხაზე:
- მისაწოდებელი მომსახურების/საქონლის ავანსი
- 97 000 ლარი; - დღგ-ის თანხა 14 796,61 ლარი.
კომპანიის მიერ 13.04.2024 წელს წარდგენილი იქნა მარტის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაცია, რომელშიც მიეთითა და დღგ-ით დაიბეგრა ზემოთ აღნიშნული ავანსის თანხა, თუმცა მისი მითითება შეცდომით მოხდა დანართი „ა“-ს I ნაწილის არა მე-2 გრაფაში (საქონლის მიწოდებამდე ან/და მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა), არამედ პირველ გრაფაში (ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა).
მარტის თვის პირველადი დეკლარაციის თანახმად, ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებით, ბიუჯეტში გადასახდელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 5 169 ლარი, რომელიც დეკლარაციის ჩაბარების დღესვე იქნა გადახდილი კომპანიის მიერ.
2024 წლის აპრილში კომპანიის მიერ მოხდა სსიპ ---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიწოდება და მონტაჟი, რის შედეგადაც ოპერაციის ღირებულება ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას ავანსად დაბეგრილი თანხის გამოკლებით.
მიუხედავად ამისა, კომპანიასა და სსიპ ---------- შორის გაიყო აზრები განსახილველი ოპერაციის დაბეგვრის წესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან სსიპ ---------- მოთხოვნა იყო აპრილის თვეზე გამოწერილიყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სრულ თანხაზე, ხოლო მარტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებულიყო, კომპანიის მიერ:
26.04.2024 წელს მოხდა ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სრულ თანხაზე:
- საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის ჩათვლით
- 323 398 ლარი; - დღგ-ის თანხა - 49 331,93 ლარი.
2024 წლის 14 მაისს მოხდა:
- 2024 წლის მარტის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციის ჩაბარება და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდან ავანსის თანხის ამოღება;
- 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაციის ჩაბარება, რომელშიც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში მიეთითა ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული ოპერაციის სრული ღირებულება (დღგ-ის თანხა 49 331,93 ლარი).
ამასთან, კომპანიის მიერ 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით შეცდომით არ მოხდა ამავე წლის მარტში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სწორად ასახვა და გადასახდელი დღგ-ის შემცირება არ განხორციელებულა ავანსის ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხით.
საყურადღებოა, რომ სსიპ ---------- მიერ კომპანიისთვის გადახდილია სწორად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 323 398 ლარი (გადასახადების ჩათვლით): 2024 წლის 26 მარტს 97 000 ლარი, ხოლო პირველ მაისს 226 398 ლარი.
ამდენად, ფაქტობრივი გარემოებებიდან დასტურდება, რომ კომპანიას განსახილველი ოპერაციის სრული თანხა (323 398 ლარი) დაბეგრილი ჰქონდა დღგ-ით 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით და შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით ამ თანხის ნაწილის, ავანსის, მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა შინაარსობრივად წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლას. აღნიშნული კი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას 10%-ის ოდენობით და არა 50%-ის ოდენობით, როგორც ეს სადავო აქტებით არის დარიცხული.
საყურადღებოა, რომ შემოსავლების სამსახურის №23183 ბრძანება ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის არასწორ განმარტებას, როდესაც უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია გადასახადის გადამხდელის მიერ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის პერიოდის არასწორად განსაზღვრა, მას ჯარიმა უნდა დაეკისროს 50%-ის ოდენობით, რადგან საგადასახადო შემოწმება მოიცავდა მხოლოდ 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდს. ნორმის ასეთი განმარტება არ გამომდინარეობს არც მისი დისპოზიციიდან და არც ნორმის მიზნიდან, რის გამოც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი.
საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია კომპანიის და სსიპ ---------- მიერ განსახილველი ოპერაციის დაბეგვრის წესის შეცდომით განსაზღვრით. კომპანიის ქმედებები ადასტურებს, რომ იგი მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რადგან:
1. კომპანიის მიერ ავანსის თანხაზე არა მხოლოდ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არამედ ეს თანხა დაბეგრილი იყო დღგ-ით და კუთვნილი დღგ-ის თანხა სრულად იყო გადახდილი.
2. ოპერაციის დაბეგვრის წესის შეფასებისას გამოწვეული გაუგებრობის შედეგად კომპანიამ შესაძლოა არასწორად განახორციელა 2024 წლის მარტის თვის დეკლარაციის დაზუსტება, თუმცა ამას არ გამოუწვევია ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება, ვინაიდან გადასახადის თანხა გადახდილი იყო დროულად, ხოლო 2024 წლის აპრილის თვის დეკლარაციით დაბეგვრას დაექვემდებარა ოპერაციის სრული ღირებულება (ავანსის გამოკლების გარეშე).
უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობითაც კომპანიას არ დაუზუსტებია აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაცია და ფაქტობრივად 97 000 ლარი დაბეგრილია დუბლირებულად - მარტის თვეში ავანსის სახით და აპრილის თვეში დასრულებული ოპერაციის ღირებულების სახით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნული ნორმით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სადავო აქტებით განხორციელებულ დარიცხვებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ აღწერილი გარემოებებიდან დასტურდება კომპანიის კეთილსინდისიერება სამართალდარღვევის ფაქტთან მიმართებაში და ასევე უდავოა, რომ კომპანიის მხრიდან დაშვებულ შეცდომას არ გამოუწვევია ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება.
სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადამხდელის დასწრების გარეშე, რის გამოც კომპანიას არ მიეცა საშუალება განემარტა სადავო საკითხებთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ამდენად, ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპანიის პოზიციის სრულად და სწორად წარმოდგენა დავის განმხილველი ორგანოსთვის.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23183 ბრძანება და ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის №21544 ბრძანებით და №024- 65 საგადასახადო მოთხოვნით კომპანიის მიმართ დაკისრებული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23183 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა გამოწერილი დოკუმენტების მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 275.