გადაწყვეტილება 22032/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
22032/2/2024
29 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" - ის 22.01.2024 წელს და 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22032/2/2024).
დავის საგანი:
1. ნაღდი ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №083-38 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 398 605.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 259 301
დღგ - 138 205
მიწა - არასასოფლო - 67
საშემოსავლო გადასახადი - 121 029
ჯარიმა - 129 651
საურავი - 9 653.79
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №17798 და 30.08.2022 წლის №22507 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №30413 ბრძანება და ამავე თარიღის №083-38 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 27.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:
4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
დადგენილია, რომ სადავო აქტს მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (27.07.2023 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია. შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 31.08.2023 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 20.09.2023 წელს.
ამასთან, მომჩივანი სადავო დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 17.01.2024 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.10.2023 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 22.01.2024 წელს (ასევე, 18.01.2024 წელს №86873/1/2024 საჩივარი წარდგენილია შემოსავლების სამსახურში, რაც დავების განხილვის საბჭოში გამოიგზავნა 23.01.2024 წლის №------ წერილით), გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანება ჩაბარდა 17.01.2024 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილი აქვს 24.01.2024 წელს. კომპანიამ იხელმძღვანელა გაცნობის/ჩაბარების თარიღით და დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო აქტის გასაჩივრება, რადგან კომპანია არ ეთანხმება სადავო აქტს და ბუნებრივია არამარტო მიზანი არამედ, ინტერესიც იყო და არის აქტის დროულად, კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრება. შესაბამისად ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ გასაჩივრება განხორციელდა კანონით დადგენილ ვადებში, აქტის გაცნობიდან 7 დღის ვადაში და არა 20 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.