გადაწყვეტილება №19009/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 19009/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19009/2/2023

30.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 5.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19009/2/2023).

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 9.09.2021 წლის №13890/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №259-1 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 186 180 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 97 233

დღგ - 23 538

მოგების გადასახადი - 2 553

საშემოსავლო გადასახადი - 71 142

ჯარიმა - 48 453

საურავი - 40 494

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2021 წლის №3013 და 23.02.2021 წლის №4702 ბრძანებების საფუძველზე შპს „--------- - ს “ ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა პერიოდი 1.01.2018 წლიდან 1.02.2021 წლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 31.03.2021 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.

შემოწმების აქტის თანახმად გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით გაირკვა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ ჩანაწერებს. ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ხოლო სალაროს ნაშთი შეადგენდა 500 ლარს. შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. დადგინდა, რომ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა საბანკო ანგარიშების მონაცემების გათვალისწინებით შეადგენდა 286 381 (357 976 აგროსილი) ლარს. აღნიშნულ თანხაზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დებიტორული მოთხოვნა და ასევე არ ფიქსირდებოდა მის სალაროში.

შესაბამისად შემოწმებით აღნიშნული თანხა 286 381 (357 976 აგროსილი) ლარი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

31.03.2021 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 22.04.2021 წელს გამოსცა №12176 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და გადამხდელს წარედგინა 22.04.2021 წლის №259-13 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.06.2021 წლის №18910 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 9.09.2021 წლის №13890/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა განმარტებების წარდგენის შემთხვევაში, მისი განმარტების შესაბამისად, სალაროში დაფიქსირებული თანხის უძრავი ნაშთი კვალიფიცირდება, როგორც სალაროს უძრავი ნაშთის წარმოშობის მომენტიდან/მომენტში გაცემული ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი; ბ) დივიდენდი; გ) ხელფასი. აღნიშნული მითითება გულისხმობს გადასახადის გადამხდელის პოზიციის გათვალისწინებას თანხის კვალიფიცირების პროცესში, რაც არ დგინდება განსახილველ შემთხვევაში. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ სალაროში არსებული თანხის უძრავი ნაშთის კვალიფიკაცია უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით (მომჩივნის პოზიციის გათვალისწინებით). შესაბამისად, ამ მიზნით საკითხი ხელახლა შესაფასებლად დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სალაროში არსებული თანხის უძრავი ნაშთის კვალიფიკაციის საკითხი, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს 9.09.2021 წლის №13890/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №259-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივნის არგუმენტაცია

ფულადი სახსრები გაცემულია სესხად, რომელიც შემოწმების პროცესში არ იყო გათვალისწინებული სალაროს ნაშთის დათვლის დროს.

უნდა მოხდეს სესხად გაცემული თანხების გაითვალისწინება და სალაროს ნაშთის გადაანგარიშება.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 9.09.2021 წლის №13890/2/2021 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სალაროს უძრავი ნაშთის კვალიფიკაციის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივანმა ელექტრონულად წარადგინა სალაროს გასავლის ორდერები და ურთიერთდამოკიდებულ პირთან, შპს „---------“-თან (მსესხებელი) 25.12.2017 წელს დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომჩივანი (გამსესხებელი) იღებს ვალდებულებას მსესხებელს ეტაპობრივად გადასცეს თანხები 300 000 ლარის ოდენობით. გასავლის ორდერების მიხედვით მსესხებელზე გაცემული თანხები შეადგენს 351 512 ლარს, ხოლო 2021 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხა, რომელიც დაიბეგრა ხელფასად შეადგენს 286 381 ლარს (357 979 აგროსილი).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხი შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სრულყოფილად ვინაიდან არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემოწმების შედეგად სესხად ჩათვლილი ფულადი სახსრები სესხად გაცემულია იურიდიულ პირზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნა შედგენილია საბჭოს 9.09.2021 წლის №13890/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფულადი სახსრები გაცემულია სესხად, რომელიც შემოწმების პროცესში არ იყო გათვალისწინებული სალაროს ნაშთის დათვლის დროს.

გადამხდელის აზრით უნდა მოხდეს სესხად გაცემული თანხების გაითვალისწინება და სალაროს ნაშთის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ ჩანაწერებს. ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ხოლო სალაროს ნაშთი შეადგენდა 500 ლარს. შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. დადგინდა, რომ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა საბანკო ანგარიშების მონაცემების გათვალისწინებით შეადგენდა 286 381 (357 976 აგროსილი) ლარს. აღნიშნულ თანხაზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დებიტორული მოთხოვნა და ასევე არ ფიქსირდებოდა მის სალაროში.ეს თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ უდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხი შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სრულყოფილად ვინაიდან არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემოწმების შედეგად სესხად ჩათვლილი ფულადი სახსრები სესხად გაცემულია იურიდიულ პირზე არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3)