ბრძანება N 1814
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1814
03.02.2023
ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 22 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის (ოქმი №5) სხდომაზე განიხილა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) №232612/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 5 დეკემბრის №011-2022-233247 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ საკუთრებაში ერიცხება მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------), მდებარე: ----------, რომელიც შეძენილი აქვს აუქციონის წესით 2002 წელს, მაგრამ 20 წელია დაკარგული აქვს სარგებლობის უფლება. მერიამ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სკვერი გააშენა, თუმცა გადასახადებს მაინც იხდიდა წელიწადში 112 ლარის ოდენობით. ბოლო დროს დაწყებულია მერიასთან მოლაპარაკება ნაკვეთის მონაცვლეობის თაობაზე, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ამ დროს კი ინკასო ედება სახელფასო ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო საინკასო დავალების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) 2022 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 377.83 ლარი, საურავი 92.68 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2022 წლის 5 დეკემბრის №011-2022-233247 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოეწერა 472.49 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2022 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განცხადებით 2022 წლის აგვისტოში მიზნობრივი დანიშნულებით აუქციონზე შეიძინა 370 მ2 მიწის ნაკვეთი ჩიქოვანის ქუჩის მიმდებარედ. მას სურდა ავტოფარეხისა და დამხმარე სათავსოების აშენება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა მერიამ არ მისცა საშუალება. ამჟამად მის კუთვნილ მიწაზე გაშენებულია სკვერი. ოცდაერთი წელია დაკარგული აქვს მიწაზე საკუთრების უფლება. მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის №1814 ბრძანების გაუქმებას, ანგარიშიდან ჩამოწერილი 472 ლარის უკან დაბრუნებას მის საბანკო ანგარიშზე. თვლის, რომ საურავთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შეტყობინების საშუალება, რომ გადამხდელს ეცნობოს დავალიანების დარიცხვის შესახებ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს საინკასო დავალების გამოცემის თარიღისათვის, 5.12.2022 წლისთვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1„ე“); 243(1).