გადაწყვეტილება №23970/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23970/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23970/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 20.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23970/2/2024).

 

დავის საგანი:

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს ID:"------" გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20571 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 8 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განმეორებითი განცხადება (ID:"------") კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს ID:"------" გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.09.2024 წლის №20571 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველ, მე-2 მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18043 ბრძანებით, კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება. სამწუხაროდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ისევ არ გამოიკვლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და უარი უთხრა კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭებაზე.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს წერილი არის უკანონო. საწარმოს უნდა მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვინაიდან სხვა პირობებში საწარმოზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლა ტექნიკურად ვერ განხორციელდება. კერძოდ, 2024 წლის 1 მარტს კომპანიის მიერ 2023 წლის იანვრის თვიდან - 2023 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდზე გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები საწარმოს აქვს გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით), ჯამში 26 630 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციების პერიოდი მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი იქნა შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, თუმცა მასში ასახული თანხები/ოპერაციები მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს, საწარმოს უნდა მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რათა შეძლოს ანგარიშფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხების ჩათვლა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს წერილი და საწარმოს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რათა საწარმომ შეძლოს კანონიერი დღგ-ის ჩათვლის უფლება, რომლის ოპერაცია მომსახურების გამწევის მიერ არის დაბეგრილი და აღნიშნული მომსახურების თანხები კომპანიას სრულად აქვს გადახდილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.09.2024 წლის №------ წერილის შესაბამისად, საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 24.11.2022 წელს და იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის დირექტორთან სატელეფონო კომუნიკაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შერეული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა ამ მომენტისთვის კომპანიას არ უფიქსირდება აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, არ წარუდგენია ახსნა-განმარტება ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 188 513 ლარი. ამასთან, საწარმოს წარდგენილი აქვს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით საშემოსავლო და მოგების გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც დასაბეგრი თანხა ყველა შემთხვევაში ნულის ტოლია. რეგისტრაციის დღიდან საწარმოს დასადასტურებლად მიღებული აქვს 10 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 26 749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის 457.66 ლარი. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანიის კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად მიჩნევის საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რათა საწარმომ შეძლოს კანონიერი დღგ-ის ჩათვლის უფლება, რომლის ოპერაცია მომსახურების გამწევის მიერ არის დაბეგრილი და აღნიშნული მომსახურების თანხები კომპანიას სრულად აქვს გადახდილი.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული მომჩივნისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვას შემოსავლების სამსახურში და დამატებით წარედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20571 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს წერილი და საწარმოს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 8 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განმეორებითი განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.09.2024 წლის №20571 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლი.