გადაწყვეტილება №24860/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2025
№ დოკუმენტი 24860/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24860/2/2025

31 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------------ა (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------ას 4.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24860/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7796 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2024 წლის №041-64 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.02.2025 წლის №2247 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 136 897.55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 57 277

დღგ - 46 077

საშემოსავლო გადასახადი - 11 200

ჯარიმა - 25 250

საურავი - 54 370.55

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა აბაზანის აქსესუარებით ვაჭრობა ----- ბაზრობის ტერიტორიაზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს: 2019 წელს - 28%, 2020 წელს -27%, 2021 წელს - 26%, 2022 წელს - 34%. გადამხდელის ახსნა-განმარტებით ირკვევა,რომ საშუალო წლიური ფასნამატი დასტურდება გამოწერილი ზედნადებებით, რაც მთლიანი ბრუნვის 50%-ს შეადგენს. დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, ვერ მოხდა საქონლის შეძენარეალიზაციის დაკავშირება, თუმცა დეკლარირებული ფასნმატი შესაბამისობაშია ანალოგიურ ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ობიექტის ფასნამატთან.

გადამხდელს წარდგენილ დეკლარაციებში უფიქსირდება უზუსტობა, კერძოდ, 2018 წლის ბოლოს დაფიქსირებულია 1 618 974 ლარის სმფ-ების ნაშთი, ხოლო 2019 წლის დასაწყისში ფიქსირდება 1 418 974 ლარის სმფ-ების ნაშთი. აღნიშნულ სხვაობაზე (200 000 ლარის სმფ-ების ნაშთი) გავრცელდა 2019 წლის დეკლარირებული ფასნამატი (28%) და ჩაითვალა რეალიზებულად 2019 წელს, რამაც გაზარდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა 2019 წლის ერთობლივი შემოსავალი და დაკორექტირდა 2019 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31982 ბრძანება და 20.12.2023 წლის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7796 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7796 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.11.2024 წლის №24080 ბრძანება და №041-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.02.2025 წლის №2247 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე ნაწილებით და აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რის გამოც, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 20 იანვრის დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა საბუღალტრო ბაზა და ექსელის ფაილები (2019-2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები), რომლებიც შესასწავლად გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და აღნიშნული დოკუმენტაცია არ ცვლის საგადასახადო შემოწმების შედეგებს და არ წარმოადგენს დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

23,04,2024 რიცხვში კომუნიკატორის საშუალებით ვადის დარღვევის გარეშე წარადგინა საბუღალტრო ბაზა, სადაც მის მიერ მოთხოვნილი ხარჯები იყო სრულად გატარებული (საჩივრის დანართში ნახავთ დამადასტურებელ წერილს და სქრინს). 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს დაუკავშირდნენ აუდიტის დეპარტამენტიდან და თხოვეს ბაზის ხელმეორედ წარდგენა გამომდინარე იქიდან, რომ რატომღაც კომუნიკატორის მეშვეობით წარდგენილი ბაზა ვერ გახსნეს. თხოვეს ბაზის ფიზიკურად, ან ახალი საჩივრის დაწერით მიება ბაზა და ისე გადაეგზავნა. ვადა მიეცა 17 იანვრამდე. (გამომდინარე იქიდან, რომ წარსადგენი პერიოდის უდიდესი ნაწილი დასვენების დღეებს ემთხვეოდა და იმყოფებოდა ქალაქგარეთ და ითხოვა 20.01.2025 წლის ჩათვლით დრო, აღნიშნულ მოთხოვნაზე დაზუსტებითი არც უარყოფა მიუღია და არც დასტური აუდიტის დეპარტამენტიდან (კომუნიკაცია შედგა სატელეფონო საუბრით) 2025 წლის 20 იანვარს დაწერა საჩივარი და მიაბა საბუღალტრო ბაზა (იხილეთ დანართში დამადასტურებელი დოკუმენტი). 2025 წლის 12 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რომ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მტკიცებულების წარუდგენლობის გამო.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად იყო წარდგენილი მისი მხრიდან ყველა მოცემულ პერიოდში. ის გარემოება, რომ კომუნიკატორის მეშვეობით წარდგენილი ბაზა ვერ გახსნეს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაიგო 2024 წლის ბოლოს თუმცა წარდგენილი ჰქონდა 2024 წლის აპრილის თვეში. 2025 წელს ხელმეორედ წარადგინა სრულად მოთხოვნილი ბაზა, თან დაურთო დეტალური ხარჯების ჩაშლა თითოეულ წელზე, დაფიქსირებული სხვაობებით. თითოეული მისი მოთხოვნილი ხარჯი მარტივად დადასტურება რს - ზე დაფიქსირებული ინფორმაციით და საბანკო ამონაწერით. თითოეული მათგანი გატარებულია წარდგენილ საბუღალტრო ბაზაში (ბაზა მიბმულია ამ საჩივარზე და მოთხოვნის შესაბამისად შეუძლია წარმოადგინოს ფიზიკური სახითაც).

ითხოვს გადაიხედოს მიღებულ გადაწყვეტილება, წარმოდგენილ მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7796 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7796 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 11.02.2025 წლის №2247 ბრძანებაში არსებულ ჩანაწერზე „გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 20 იანვრის დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა საბუღალტრო ბაზა და ექსელის ფაილები (2019-2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები), რომლებიც შესასწავლად გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და აღნიშნული დოკუმენტაცია არ ცვლის საგადასახადო შემოწმების შედეგებს და არ წარმოადგენს დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტებასთან დაკავშირებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რაც შესაძლოა საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7796 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №7796 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №31982 ბრძანება და №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №7796 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №7796 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №24080 ბრძანება და №041-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №2247 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №7796 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);