გადაწყვეტილება №19474/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19474/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19474/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- ----------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- --------ის 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19474/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის №049-19 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7519 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის -- იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 13 493.15 ლარი, ჯარიმა - 144.09 ლარი, საურავი - 2,870.06 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 138,055.71 ლარი, ზედმეტობა - 0 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის -- იანვრის №049-19 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.--.2023 წლის №7519 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის -- იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა და მიიჩნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, მას არ უღიარებია აუდიტის დეპარტამენტის 5.--.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც საფუძველი გახდა 23.01.2023 წლის №049-19 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და მისი გასაჩივრების შედეგად მიღებული შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30563 ბრძანება საჩივრის არდაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (იხ. დანართი №4), რომლის 10.02.2023 წლის №18591/2/2022 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (იხ. დანართი №5).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18591/2/2022 გადაწყვეტილება 2023 წლის 21 მარტს გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საიდანაც ჯერ არ მიუღია განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ არ არის აღიარებული საგადასახადო დავალიანება ითხოვს, სადავო სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

მომჩივანს მიაჩნია, რომ მას საგადასახადო დავალიანება არ უღიარებია, რადგან 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულია და ამჟამად მიმდინარეობს წარმოება სასამართლოში.

მოპასუხის განმარტებით, 23.01.2023 წლის №--- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას კავშირი არ აქვს 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნასთან, გასაჩივრებული აქტი წარდგენილია 2021 წლის დღგ-ის დადეკლარირებით გამოწვეული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო.

ვინაიდან, მომჩივანს 23.01.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(5);238(1"გ",2,6);239(9);241(1);302(6);