ბრძანება N 9690

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9690
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9690

03.05.2023

ი/მ "------" (ს/ნ "------" )

(ფაქტ. მის.:"------" )

2023 წლის 6 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ "------" (ს/ნ "------" ) №19351/2/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №CB1453199 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44)

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის ფარგლებში გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს "----"-ს ბაზრობის ტერიტორიაზე და გააჩნია შესაბამისი შესყიდვის აქტები, თუმცა მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული აქტები არ მიიჩნია პირველად საგადასახადო დოკუმენტად.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის პირველი აპრილიდან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მცირე მეწარმის სტატუსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის, როგორც დამწყები მეწარმისათვის, არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ შესყიდვის აქტები არ მიიჩნევა პირველად საგადასახადო დოკუმენტაციად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ აცნობიერებდა თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების დღიდან მის მიმართ საგადასახადო სანქცია გამოყენებული არ ყოფილა და გასაჩივრებული სამართლდარღვევის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას ან/და გაფრთხილებით შეცვლას.

ფაქტების აღწერა:

როგორც სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №ბ12918/2023 ბრძანების თანახმად, ჩატარდა ი/მ "------" -ის ("------" ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (კერძოდ: ქალის ქამარი, ქალის სამაჯური, ქალის მაისური, კაცის მაისური) შერჩევითი ინვენტარიზაცია.

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით მოხდა ბრძანებით განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების ინვენტარიზაცია. აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში (დანართი №221).

გადასახადის გადამხდელმა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224 ) მიხედვით.

ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ "------" -ს ( "------" ) ფაქტიური აღწერით, 2023 წლის 16 მარტის მდგომარეობით დაუფიქსირდა 1485 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა 1485 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზროსარეალიზაციო ფასებით (დღგ-ს ჩათვლით), რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე პირი დაჯარიმდა 742.5 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე 2023 წლის 24 მარტს შედგენილ იქნა №CB1453199 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ვინაიდან შესყიდვის აქტებში გამყიდველის ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული, აღნიშნული აქტები ვერ იქნა გაითვალისწინებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273- ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "------" (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ

დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო

სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო

კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული

დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას ან/და გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო სარეალიზაციო ფასებით (დღგ-ს ჩათვლით), რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიეხდვით დაჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72,269(1),270(1),286(7)