გადაწყვეტილება №27504/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 02.06.2026
№ დოკუმენტი 27504/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№27504/2/2026

22 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---ს (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 4.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27504/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის დასკვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2026 წლის №082-4 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10842 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 240 504.25 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 139 566.65

დღგ - 20 747.94

საშემოსავლო გადასახადი - 118 818.71

ჯარიმა - 67 644.4

საურავი - 33 293.2

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სასურსათო პროდუქციით საბითუმო ვაჭრობა, ქალაქ ---ში ---ს ქუჩაზე. აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის №4701 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა უფიქსირდება როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივი შესყიდვებით. რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე არადოკუმენტურად. კომპანიის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამის ასლი, საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენს 11-12%-ს. შემოწმების პროცესში შესწავლილია დოკუმენტური ფასნამატი, კერძოდ, კომპანიის მიერ მიწოდებულ საბუღალტრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის იმ ნაწილით, რომლითაც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია (კერძოდ იდენტიფიცირებულია რეალიზებული საქონლის ზუსტი რაოდენობა/თვითღირებულება და ოპერაციის პერიოდი) დათვლილია სარეალიზაციო საშუალო ფასნამატი. აღნიშნული გაანგარიშებით სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 14-16%. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული საბუღალტრო მონაცემებით მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით. დოკუმენტურ ფასნამატზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის დასაბეგრი ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულმა საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 6 813 601 ლარი დღგ-ის გარეშე.

შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთან, შემოწმების გაანგარიშებით საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად დამატებით (დეკლარირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვებს შორის სხვაობამ) მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 135 996 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მიღებული თანხა მიჩნეულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 2025 წლის იანვრის თვეში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით თანხის ნაშთები საანგარიშო პერიოდების ბოლოს. შემოწმების მიერ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებულია კომპანიის სალაროს გონივრული ნაშთი. აღნიშნული გონივრული ნაშთის გამოყენებით მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებულია არაგონივრული ნაშთი, კერძოდ კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით 2024 წლის მარტის თვის ბოლოს არაგონივრული უძრავი ნაშთი - 102 359 ლარი, მიჩნეულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად ამავე პერიოდში.

ამასთან, პერიოდის ბოლოს 2025 წლის იანვარში არაგონივრული ნაშთი შეადგენს 316 852 ლარს, შესაბამისად, 2025 წლის იანვარში გამოვლენილ არაგონივრულ ნაშთსა და შემოწმების მიერ 2024 წლის მარტის ბოლოს დაბეგრილ არაგონივრულ ნაშთებს შორის სხვაობა, ასევე, მიჩნეულია 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №15516 ბრძანება და ამავე თარიღის №082-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანება არ გასაჩივრებულა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი და გაანგარიშებული უძრავი ნაშთი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2026 წლის №5198 ბრძანება და ამავე თარიღის №082-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2026 წლის №10842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ გარემოებებზე. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და ძალაში დარჩა დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის არ დაკმაყოფილების გამო საბჭოს მომართავს თხოვნით, მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტურად დადასტურებული არგუმენტები, რის საფუძველზე მოხდება საწარმოს მიმართ დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის დასკვნით:

- გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც მითითებული იყო რამდენიმე დასახელების რეალიზებული პროდუქცია, შესყიდვის და რეალიზაციის ფასების მითითებით და გამოყვანილია დოკუმენტური რეალიზაციიდან ფასნამატები თვეების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილში რეალიზებულ პროდუქციაზე არ არის მითითებული სარეალიზაციო ფასი რომელი დოკუმენტის საფუძველზე იქნა მისადაგებული და მიუხედავად გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან განხორციელებული სატელეფონო საუბრისა, გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარდგენილი გაშიფრული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრული და წარდგენილი ფასნამატის სისწორის დადგენა და შესაბამისად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის ეჭვქვეშ დაყენება.

გადასახადის გადამხდელის მხრიდან საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რომ შემმოწმებლების მიერ პროდუქციის თვითღირებულებაში არ არის გათვალისწინებული საქონლის ტრანსპორტირება, დაცლა და დასაწყობის ხარჯები, აღსანიშნია, რომ საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებული აღნიშნული სახის ხარჯი არ იყო დაფიქსირებული თვითღირებულების ხარჯად გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტერიაში. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ აღნიშნული ხარჯი არ არის შეყვანილი გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ ბუღალტერიაში. გადამხდელის მხრიდან წარდგენილ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში მხოლოდ ერთი დასახელების პროდუქციაშია შეყვანილია ზემოაღნიშნული ხარჯის თანხები. ამასთან, არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტი არ წარდგენილა გადამხდელის მხრიდან აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით არც შემოწმების და არც გადაანგარიშების პროცესში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

- „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებული უძრავი ნაშთის ხელფასის სახით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა ამ მეთოდური მითითების მე-11 მუხლის შესაბამისად. შემმოწმებლების მიერ არაგონივრული უძრავი ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულია (გამოკლებულია) გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის ჯამის 10%). შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის გამოვლენის საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის მარტის თვის ბოლოს, არსებულ ნაშთს გამოაკლდა ამ თვეში დაანგარიშებული გონივრული ნაშთი. მიღებული თანხა მიჩნეულია ნაღდი ფულის არაგონივრულ ნაშთად. ვინაიდან, შემდეგ თვეებში არ დაფიქსირებულა აღნიშნული უძრავი თანხის შემცირება, აღნიშნული 2024 წლის მარტის თვის არაგონივრული ნაშთი მიჩნეულ იქნა უძრავ არაგონივრულ უძრავი ფულის ნაშთად, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას. განმეორებით აღსანიშნია, რომ ამ თანხაში არ შედის გონივრული ნაშთის თანხა, რასაც გადასახადის გადამხდელი საჩივარში აფიქსირებს. რაც შეეხება 2025 წლის იანვრის თვეში არსებულ არაგონივრულ ნაშთს, სადაც იგივე პრინციპით გამოკლებულია გონივრული ნაშთის ოდენობა, ასევე გამოაკლდა 2024 წლის მარტის თვეში შემოწმების მიერ დასაბეგრად განსაზღვრული არაგონივრული ნაშთი და მიღებული სხვაობა დაექვემდებარა დაბეგვრას.

საჩივარში მითითებულ საკითხთან, საწარმოს მიერ სალაროს ნაშთიდან დამფუძნებლებზე დივიდენდის სახით გაცემულ 60 000 ლართან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ვინაიდან შემოწმების პროცესში ასეთი სახით სალაროდან თანხის გაცემა მოხდა შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდებში, ვერ მოხდება ამ მიზეზით შემოწმებული ბოლო საანგარიშო პერიოდის სალაროს ანგარიშის საბოლოო ნაშთის თანხაში გათვალისწინება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული უძრავი ნაშთი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ხოლო აღნიშნულის შესაბამისად დაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულება არ დაკორექტირდა. მომჩივანი საბჭოს მომართავს თხოვნით, მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტურად დადასტურებული არგუმენტები, რის საფუძველზე მოხდება საწარმოს მიმართ დარიცხული თანხების კორექტირება.

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის მითითებული ისეთი სახის არგუმენტი და არც საჩივარს არ ახლავს რაიმე სახის დოკუმენტი/მტკიცებულა, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ დოკუმენტებში აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მითითებას, აღსანიშნია, რომ აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე მიღებულია შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანება, რაზეც საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის 9.06.2026 წლის №51678-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 21.10.2025 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.11.2025 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 4.06.2026 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.10.2025 წლის №22747 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №22747 ბრძანება არ გასაჩივრებულა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი და გაანგარიშებული უძრავი ნაშთი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი შემოსავლების სამსახურის №22747 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ე).