გადაწყვეტილება №26400/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2026
№ დოკუმენტი 26400/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

26400/2/2025

16 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 27.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26400/2/2025).

 

დავის საგანი:

ჩათვლილი გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის N 053-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 04.12.2025 წლის N 26688 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 113 580,11 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 74 592,57 ლარი;

ჯარიმა - 24 570 ლარი;

საურავი - 5 933,35 ლარი;

გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა: 8 484,19 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 8 484,19 (15.12.2025) ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია, მომჩივნის 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 43) შემცირების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2024 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 42-ე გრაფაში (გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას) მითითებულია 49 140 ლარი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა ამ თანხის ოდენობით შეიმცირა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 33 937 ლარი და დაბრუნებას დაექვემდებარა 15 203 ლარის ოდენობით გადასახადი, რაც შესაბამისად ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აღნიშნული საკითხის შესწავლისას გადასახადის გადამხდელმა მიუთითა მექანიკურ შეცდომაზე, შედეგად, 42-ე გრაფაში (გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას) მითითებული ჩათვლილი გადასახადის თანხა დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი 49 140 ლარის ოდენობით და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით 24 570 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის N 053-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 04.12.2025 წლის N 26688 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის N 42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) ასახული და შემცირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას. დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2023 წლის 27 ივნისს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი გადასახადის გადამხდელის კონტრაჰენტებს არ აკისრებს ვალდებულებას გადახდის წყაროსთან დააკავონ 2024 წელს ქონების იჯარით მიღების საფუძველზე ინდივიდუალურ მეწარმისთვის გადახდილი თანხები.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულ მიმდინარე გადასახდელებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის (2025 წლის 30 ოქტომბერი) დარიცხული გადასახადის ნაწილში უკვე ასახულია 2025 წლის 28 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული 2025 წლის მიმდინარე გადასახდელები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

როგორც შემმოწმებლის პოზიციაშია აღნიშნული, მათი მიზანი იყო შეესწავლათ 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ,,საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 43) შემცირების სისწორე.

მეწარმის 2024 წლის წლიურმა ერთობლივმა შემოსავალმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 255 700 ლარი, მათ შორის შპს ----- (ს/ნ -----) დღგ-ის გარეშე 245 700 ლარი, შპს ----- (ს/ნ -----) 10 000 ლარი დღგ-ის გარეშე, შპს ----- (ს/ნ -----) 2 000 ლარი დღგ-ის გარეშე, რაც სრულად შეადგენს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებულ შემოსავლებს.

აღნიშნული შემოსავლებიდან ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების (შპს ----- და შპს -----) მიერ მეწარმისთვის გადახდილი საიჯარო თანხები სრულად არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, გადახდილია საშემოსავლო გადასახადი და ასახულია ამ ორგანიზაციების ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში.

როგორც შემმოწმებლები აღნიშნავენ, მეწარმესთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, სადაც აქცენტი გამახვილდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის N 45 გრაფაზე თანხით 15 203,24 ლარი, რომელიც დეკლარაციის შევსებისას ავტომატურად გენერირდება. რასაც ეთანხმება, არის ის, რომ არსებული დეკლარაციის შევსებისას დაფიქსირდა შეცდომა. 35-ე გრაფა არ იქნა შევსებული, რამაც გამოიწვია 49 140 ლარიანი დარიცხვა. არ ეთანხმება 49 140 ლარიან დარიცხვას, ვინაიდან უძრავი ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი (255 700 - 2 000 = 253 700) გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებულია ზემოთ მითითებული ორგანიზაციების მიერ.

აღნიშნულს ადასტურებს წარმოდგენილი შესაბამისი დეკლარაციები და საგადახდო დავალებების ცხრილი.

შემოსავლების სამსახურს არგუმენტად მოყავს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული მუხლის მოთხოვნები გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არის შესრულებული, ყველა ოპერაცია აღრიცხულია, ყოველი თვის ბოლოს გამოწერილია დღგის ანგარიშ-ფაქტურები, მიბმულია დეკლარაციებზე და გადახდილია გადასახადები.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, აღნიშნული მუხლი მართალია არ ავალდებულებს მოიჯარეს გადახდის წყაროსთან გადასახადი დაუკავოს დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს, თუმცა არც უკრძალავს მას აღნიშნულ ქმედებას.

მოიჯარეების მიერ საშემოსავლო გადასახადი დეკლარირებულია ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით სრულად და გადახდილია ბიუჯეტში დროულად. შესაბამისად, შემოწმების შედეგად მოხდა ერთხელ უკვე დაბეგრილი და ბიუჯეტში თავისდროულად გადახდილი თანხების ხელმეორედ დაბეგვრა, რაც დაუშვებელია. ასევე მიუღებელია შემმოწმებლის პოზიცია, რომ მოიჯარეებმა დააზუსტონ წინა პერიოდებში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

მომჩივანი მიუთითებს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული პოზიცია, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და ხელახლა მოხდეს გადაანგარიშება, მოიხსნას ზედმეტად დარიცხული ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი და მიმდინარე გადასახდელები.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციის III ნაწილის 42-ე უჯრაში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს 2024 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადახდის წყაროსთან დაკავებული ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადის გრაფაში მითითებული აქვს 49 140 ლარი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა ამ თანხის ოდენობით შეიმცირა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 33 937 ლარი და დაბრუნებას დაექვემდებარა 15 203 ლარის ოდენობით გადასახადი, რაც შესაბამისად ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადასახადის გადამხდელმა გასაუბრების დროს მიუთითა მექანიკურ შეცდომაზე, შედეგად, გადახდის წყაროსთან დაკავებული ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადის თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 27.07.2023 წლიდან (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი ----- ), 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე მოიჯარეებს არ ჰქონდათ ვალდებულება გადახდის წყაროსთან დაეკავებინათ საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, მომჩივნის მოთხოვნას შემოსავლების სამსახურში წარმოადგენდა გადასახადის, ჯარიმა - საურავისა და მიმდინარე გადასახდელების გაუქმება. მომჩივანის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე მიუთითა, რომ საჩივრის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ჯარიმა - საურავის გაუქმება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის N 053-9 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის N 053-9 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს ხელახლა მოხდეს გადაანგარიშება, მოიხსნას ზედმეტად დარიცხული ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი და მიმდინარე გადასახდელები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარაციაში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი არასწორად იყო მითითებული, რის საფუძველზეც შემცირდა კუთვნილი გადასახადი და წარმოიშვა დასაბრუნებელი თანხა. შემოწმებისას გადამხდელმა მიუთითა მექანიკურ შეცდომაზე, შემოწმების შემდეგ ჩათვლილი თანხა შემცირდა, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი სრულად და დაეკისრა ჯარიმა. საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გადაეცა დავების განხილვის საბჭოს.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია რომ მომჩივანი გაათავისუფლოს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან, ხოლო დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154(1 ,,დ"); 269(7); 275;.