ბრძანება N 3233
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3233
21.02.2023
შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------)
(მის.: --------------------------------------)
2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) №77632/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №227-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება 2020 წელს საქმიანობის შეწყვეტისას გამოვლენილი ფქვილის ნაშთის პურის სახით რეალიზებულად განხილვას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავდა, რომ საქმიანობის შეჩერებისას ფქვილის ნაშთის ნაწილი რეალიზებული იქნა ფქვილის სახით დოკუმენტურად, სასაქონლო ზედნადებით, ნაწილი კი - ზედნადების გარეშე. ამასთან, განმარტავს, რომ წარმოადგინა ცხრილის სახით ფქვილისა და პურის რეალიზაციის მონაცემები და აუდიტორთან მიაღწია შეთანხმებას დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ოქტომბრის №32880 ბრძანებით შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ოქტომბრის №32880 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 1 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 2 დეკემბრის №227-25 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს მის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებების შესახებ, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი/დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 18 ოქტობრის №32880 ბრძანების აღსრულების მიზნით დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. შემოწმებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, საქმიანობის შეჩერების მომენტში, ერთადერთი სასაქონლო ზედნადებით ფქვილის მიწოდების შესახებ, საწარმოსთვის რომელმაც შემდგომში განაგრძო ანალოგიური საქმიანობა. დოკუმენტით ფქვილის მიწოდების სხვა შემთხვევა არ ფიქსირდება. იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება შემოწმებით გამოვლენილი ფქვილის ნაშთის საქმიანობის შეწყვეტის ან/და უფრო ადრინდელ პერიოდებში ფქვილად რეალიზაციის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ასევე, ვერ დასტურდება გაფუჭებული ფქვილის და ცომის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოწერის ფაქტები. არაერთგზის განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლინდა საწარმოს მიერ სასაქონლო ზედნადებების დაგვიანებით გამოწერის და სასაქონლო ზედნადებებში საქონლის ოდენობების (პურის) მნიშვნელოვანი შემცირების ფაქტები, რაც ასევე მიუთითებს შპს „-------------ს“ მიერ აღურიცხავი პურის წარმოების და მიწოდების სისტემატურ ხასიათზე. აქვე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის №32880 ბრძანების აღსრულების მიზნით, წარმოდგენილია მხოლოდ მწირი ინფორმაციის შემცველი ახსნა-განმარტება და საჩივარში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ოქტომბრის №32880 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტორებისთვის დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათთან რაიმე პოზიციის შეთანხმების/შეჯერების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საწარმოს ჰქონდა საკმარისი პროდუქტები/ინგრედიენტები გამოვლენილი ფქვილის ნაშთიდან პურის საწარმოებლად, აგრეთვე ელექტროენერგიის/გაზის ხარჯვა შესაბამისობაშია წარმოებული პურის რაოდენობისთვის საჭირო ელექტროენერგიის/გაზის მოცულობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავების წარმოების პროცესშიც არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.