გადაწყვეტილება №17964/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17964/2/2022
9.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 6.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17964/2/2022).
დავის საგანი:
ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2022 წლის №002-76 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24053 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 27 237 ლარი.
მათ შორის: ქონების გადასახადი - 16 392
ჯარიმა - 8 196
საურავი - 2 649
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 23 მარტს შეძენილი აქვს 373 კვ.მ. ფართი 354 000 აშშ დოლარად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ობიექტი არ გამოუყენებია სხვა საქმიანობაში და განკუთვნილი იყო გასაყიდად თუმცა, აღნიშნული ქონება არ გაუყიდია და საკუთრებაში აქვს დღემდე. აღნიშნული ფართის გაქირავება მოხდა 2022 წლის 1 მარტს. გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ მიწაზე ქონების გადასახადი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2022 წლის №11053 ბრძანება და №002-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24053 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით, ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო უძრავი ქონება მდებარეობს --------------ში, პირველი სართული 163.2 კვ.მ. (ანტრესოლი 109.8 კვ.მ. და 99.95 კვ.მ. სარდაფი). აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა 2019 წლის 3 იანვარს, რასაც მოწმობს უძრავი ქონებების ამონაწერთა ქრონოლოგია. კომპანიის მესაკუთრედ გახდომამდე, ამ ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე იყო სს --------- ბანკი. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ კომპანიას ქონება შეძენილი აქვს 2018 წლის 23 მარტს, მაგრამ რაზე დაყრდნობით დაადგინა, უცნობია.
აღნიშნული ქონება კომპანიისათვის არ ყოფილა არც ძირითადი საშუალება და არც საინვესტიციო ქონება. აღნიშნული ქონება შეიძინა გაყიდვის მიზნით, რათა მიეღო მოგება. მიუხედავად იმისა, რომ ქონება მდებარეობს ხალხმრავალ ადგილას, ქალაქის ცენტრში და მისი გამოყენება მრავალი ფუნქციით იყო შესაძლებელი, კომპანიას იგი არ გამოუყენებია არაფერში. მათ შორის, არც იჯარით გაუცია იმ პირობებში, რომ იჯარით გაცემისათვის მხოლოდ მისი სურვილი იყო საკმარისი და დაუყოვნებლივ გაქირავდებოდა ქონების ადგილმდებარეობის გამო. კომპანია შეძენის მომენტიდანვე, აქტიურად ცდილობდა მის რეალიზაციას, თუმცა მისთვის მისაღებ ფასად არ გამოჩნდა არავინ, შემდეგ დაერთო პანდემია და მისით გამოწვეული კრიზისები, ამიტომ ასეთი მაღალი ღირებულების ქონების შეძენისაგან ყველამ თავი შეიკავა. ასევე, ბაზარზე გაჩნდა უამრავი გასაყიდი, მსგავსი ტიპის ქონება, რამეთუ პანდემიის გამო დაიკეტა უამრავი ბიზნესი, რამაც თავის მხრივ შეაფერხა კომპანიის ქონების რეალიზაციის პროცესი. მაშინ როდესაც პანდემია მიწურულს იყო და ბიზნესი ნელ-ნელა იხსნებოდა, კომპანიის დირექტორი და ამავდროულად პარტნიორი მოულოდნელად გარდაიცვალა 2021 წლის 9 მაისს. ვინაიდან, იგი არ იყო საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, მისი მემკვიდრეთა შესახებ ყველა ინფორმაცია ინახებოდა ----ში, ყველა საბუთის აღების და ლეგალიზების პროცესს დასჭირდა დიდი დრო. საბოლოოდ, სამკვიდროს მიღების პროცედურა დასრულდა 2022 წლის აპრილის ბოლოსკენ, რა დროსაც კომპანიას უკვე დაენიშნა წარმომადგენელი დირექტორის სახით, ანუ თითქმის 1 წელი (2021 წლის 9 მაისიდან 2022 წლის აპრილის ბოლომდე) კომპანიას არ ყავდა უფლებამოსილი პირი, ვინც ხელს მოაწერდა კომპანიის კუთვნილი ქონების გასხვისების კონტრაქტს (აღნიშნულის გამო, რეესტრმა კომპანიას დაუდგინა ხარვეზი და კომპანია არაერთგზის დადგა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე, როგორც კანონთან შეუსაბამო სუბიექტი). შესაბამისად, ამ ფაქტმა საერთოდ გამორიცხა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა.
ყოველივე აღნიშნულით არ დაინტერესებულა აუდიტის სამსახური, სანაცვლოდ კი დაადგინა, რომ კომპანიას აქამდე არ გაუყიდია ქონებაო.
საბოლოოდ, 2022 წელს მემკვიდრეებმა, როგორც კომპანიის მომავალმა მმართველებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იჯარით გაეცათ აღნიშნული ქონება 2022 წლის მარტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია მომავალ პერიოდში დაადეკლარირებს ქონების გადასახადს და გადაიხდის კიდეც. ხოლო, რაც შეეხება წარსულ პერიოდზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებას, იგი არ იყო სახეზე ზემოაღნიშნული ფაქტების გამო. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის შეფასება და შემდეგ დასკვნა არამართებულია.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან არ მოიცავს განმარტებას, თუნდაც იმაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის დარიცხვა რატომ და რის გამო იყო კანონიერი, ამასთან არც საჩივრის განხილვაზე იქნენ მიწვეულნი, რომ ზეპირი მსჯელობიდან მაინც გამოეტანათ აზრი საიდან მივიდა შემმოწმებელი სადავო დარიცხვამდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 23 მარტს შეძენილი აქვს 373 კვ.მ. ფართი 354 000 აშშ დოლარად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ობიექტი არ გამოუყენებია სხვა საქმიანობაში და ქონება განკუთვნილი იყო გასაყიდად. თუმცა რეალიზაცია არ მომხდარა და საკუთრებაში აქვს. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ფართი გააქირავა 2022 წლის 1 მარტს. ხოლო, აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით არ ქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ქონება შეიძინა გაყიდვის მიზნით, რათა მიეღო მოგება. აქტიურად ცდილობდა მის რეალიზაციას, თუმცა მისაღებ ფასად არ გამოჩნდა მსურველი, შემდეგ დაერთო პანდემია და მისით გამოწვეული კრიზისები, ასევე, ბაზარზე გაჩნდა მსგავსი ტიპის უამრავი ქონება, რამაც შეაფერხა კომპანიის ქონების რეალიზაციის პროცესი. ამასთან, კომპანიას თითქმის 1 წელი არ ყავდა უფლებამოსილი პირი, რადგან გარდაიცვალა კომპანიის დირექტორი და პარტნიორი, რამაც გამორიცხა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა. ყველა საბუთის აღების და ლეგალიზების პროცესს დასჭირდა დიდი დრო. 2022 წელს მემკვიდრეებმა, როგორც კომპანიის მმართველებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იჯარით გაეცათ აღნიშნული ქონება 2022 წლის მარტიდან, კომპანია მომავალ პერიოდში მოახდენს ქონების გადასახადი დეკლარირებას და გადაიხდის, ხოლო წარსულ პერიოდზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ იყო სახეზე ზემოაღნიშნული ფაქტების გამო. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის შეფასება და დასკვნა არამართებულად მიაჩნია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ კომპანიას გაყიდვის მიზნით ქონდა შეძენილი ქონება, დირექტორის გარდაცვალების გამო, კომპანიას გარკვეულ პერიოდის განმავლობაში არ ყავდა პირები რათა მიეღოთ გადაწყვეტილება ახალი დირექტორის დანიშვნაზე, რამაც შეაფერხა სადავო ქონების გაყიდვა, ითხოვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანის წარმომადგენელს საბჭოზე არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი ან/და მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ 2019- 2020 საანგარიშო პერიოდებზე მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა და რომ ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.