ბრძანება N 18072
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18072
11 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------;
იურ. მის.: ------------------------)
2025 წლის 25 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -------------) 2025 წლის 25 ივლისის №117596/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №021-45 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ და საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია არასწორად. მიუთითებს, რომ შემოწმებამ 2021 წლის დოკუმენტური ფასნამატი 27% გაავრცელა მთელი წლის რეალიზაციაზე, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული ფასნამატი გაევრცელებინა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ რეალიზაციებზე. ითხოვს ხელოვნურად გაზრდილი გადასახადების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21404 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №021-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 8 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.შპს „------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21404 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 9 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 124 406 ლარით, მ.შ. გადასახადი 82 914 ლარით და ჯარიმა 41 492 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 26 ივნისის №021-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატების დამუშავებული ცხრილები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2021 წელს კომპანიის ფასნამატი იყო 27%, ხოლო 2024 წელს 26%. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი სულ - 60 425 ლარით, ხოლო ჯარიმა - 30 599 ლარით.
● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი საბუღალტრო პროგრამის უწყისები და ბარათზე ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება 87 000 ლარი. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ფიზიკური პირი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს და და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ამ ნაწილში გადაანგარიშების შედეგად შემცირდა. ხოლო, მეორე ფიზიკური პირის შესახებ გადამხდელმა წარმოადგინა 2012 წლის შეძენის ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადები და განმარტა რომ მოხდა დავალიანების 4 000 ლარის დაფარვა. თუმცა, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ორმხრივი შედარების აქტი, რითაც დასტურდებოდა, რომ 2021 წლის დეკემბრის განაცემი იყო კრედიტორული დავალიანების დაფარვა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
● შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის №-----/--/-- საფუძველზე განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება 2021 და 2022 წლებისათვის. გადაანგარიშების შედეგად, 705 ლარით შემცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 124 406 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნისა და მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასნამატების დამუშავებული ცხრილები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2021 წელს კომპანიის ფასნამატი იყო 27%, ხოლო 2024 წელს 26%. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი სულ - 60 425 ლარით, ხოლო ჯარიმა - 30 599 ლარით.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური 27%-იანი ფასნამატი.
● საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი საბუღალტრო პროგრამის უწყისები და ბარათზე ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება 87 000 ლარი. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
● შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისათვის ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ფიზიკური პირი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს (აღნიშნულ ნაწილში განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება), ხოლო მეორე ფიზიკური პირის შესახებ გადამხდელმა ვერ შეძლო შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამდენად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
● ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის №---/--/-- საფუძველზე, განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება 2021 და 2022 წლებისათვის და დარიცხული ქონების გადასახადი შემცირდა 705 ლარით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელებულია მხოლოდ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, მომჩივნის პრეტენზია საფუძველზე მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.ითხოვს ხელოვნურად გაზრდილი გადასახადების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №21404 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №021-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 8 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ასევე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №21404 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 9 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 124 406 ლარით, მ.შ. გადასახადი 82 914 ლარით და ჯარიმა 41 492 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №021-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);