გადაწყვეტილება №26429/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2026
№ დოკუმენტი 26429/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26429/2/2026

10 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 8.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26429/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესაბამის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2025 წლის №094-34 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27766 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 388,5 ლარი. მათ შორის: დღგ - 24 886,71 ჯარიმა - 11 199,1 საურავი - 1 302,69

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა განათლების მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის 8.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2025 წლის №094-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27766 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ძირითად საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს განათლების მომსახურების გაწევა, რისთვისაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს №------- გადაწყვეტილების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.

2017-2024 წლების განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 18.06.2007 წელს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ საერთაშორისო პროექტში. ხსენებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში 2018 წელს ევროპის გაერთიანებათა კომისიამ შპს ------- შეარჩია, როგორც საპილოტე სკოლა და საგანმანათლებლო პროექტის - „-------”-ის მონაწილე პირად დაასახელა. ამ პროგრამის ფარგლებში სკოლამ მიიღო საუკეთესო მოსწავლეები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდავეთის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან. „-------“-ის პროგრამის უშუალო განმახორციელებელ პირად დასახელდა ა(ა)იპ ------- (ს/ნ:-------, შემდგომში, ასევე “ა(ა)იპ -------“), რომელიც პროექტის შესრულების მიზნით შესაბამის მომსახურებას იღებდა შპს -------. კერძოდ, ------- პროექტის ფარგლებში შპს ------- გაწეული აქვს პროგრამის მონაწილე მოსწავლეთა სწავლების და განთავსების მომსახურებები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 18.06.2007 წელს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მიზნებისთვის წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ხსენებული ჩარჩო ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, თანამეგობრობის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გათავისუფლებულია ბენეფიციარ სახელმწიფოში მოქმედი გადასახადებისგან, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. აღწერილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით, პროგრამის დონორი ორგანიზაციის მიერ პროექტი - „-------” და მისი განმახორციელებელი პირი - ა(ა)იპ ------- დამატებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. ხსენებული რეესტრის მიხედვით, პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრა პერიოდი 13.11.2017 წლიდან 30.09.2024 წლამდე.

შესაბამისად, 1.10.2024 წლამდე პერიოდში შპს ------- მიერ პროექტ - „-------”-ის ფარგლებში მოსწავლეთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის/განთავსების მომსახურება, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლდებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. რაც შეეხება 1.10.2024 წლის შემდგომ პერიოდებს, პროექტის დონორი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდა პროექტის დასრულების ვადა და სავარაუდო თარიღად განისაზღვრა 30.06.2025 წელს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციის განახლება/დამატება არ მომხდარა. შედეგად, შპს ------- მიერ დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 1.10.2024 წლის შემდგომ პერიოდებში გაწეული, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის/განთავსების მომსახურების ღირებულება - რომელიც ყოველი კალენდარული თვისათვის შეადგენს 9,000 ევროს. რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდს, შპს ------- ხსენებული პროექტის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის 9 თვის მომსახურებისთვის, 2024 წლის ივნისის თვეში მიღებული ჰქონდა ავანსი 248,856 ლარის ოდენობით (81,000 ევროს ექვივალენტი ლარში). ვინაიდან, ავანსის მიღების საანგარიშო პერიოდში (2024 წლის ივნისის თვე) ა(ა)იპ ------- და შესაბამისი პროექტი აქტიური/მიმდინარე სტატუსით ფიქსირდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, ავანსი მიღების მომენტში არ დაბეგრილა დღგ-ით. შესაბამისი თანხა დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა შეღავათის გამოყენების ვადის დასრულების შესახებ ინფორმაციის დადასტურების/შეთანხმების მიხედვით. კერძოდ, ვინაიდან, 1.10.2024 წლიდან ა(ა)იპ -------, აღარ ფიქსირდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, როგორც საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირი, სსკ-ის 179- ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 733 მუხლის საფუძველზე ადგილი აქვს დღგ-ის თანხის კორექტირების ოპერაციას - იცვლება ოპერაციის დაბეგვრის რეჟიმი. კერძოდ, 2024 წლის ივნისში მიღებული ავანსის ნაწილი 221,205.55 ლარი (დარჩენილი 8 თვის - 248,856/9*8), 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით პერიოდებში გამოყენებული უნდა იქნას დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ოპერაციების ფარგლებში. შედეგად, შპს ------- მიერ 2024 წლის ოქტომბერში დღგ-ით დაბეგრილია ზემოთ აღწერილი, 8 თვის მომსახურების ღირებულება 221,205.55 ლარი (დღგ-ის გარეშე). დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული თანხა ასახული იყო 2024 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაციის „დანართი ა“- ს №1 უჯრაში დასახელებით - „ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა“. უნდა აღინიშნოს, რომ შპს ------- მიერ 2024 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციაში მომდევნო 7 თვის მომსახურების ღირებულება არასათანადო უჯრაში იყო ასახული. კერძოდ, მიღებული ავანსის ნაცვლად სრული თანხა (8 თვის - 221,205.55 ლარი) ასახული იყო ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილ უჯრაში. გარდა ამისა, დღგ-ით დაბეგრილ ავანსთან დაკავშირებით, შესაბამის პერიოდში, არ გამოწერილა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დოკუმენტური დადასტურების მიზნით, ა(ა)იპ ------- ითხოვდა მხოლოდ საბოლოო მიწოდების დამადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. ვფიქრობთ, ეს ფაქტები (მიღებული ავანსის არასათანადო უჯრაში ასახვა და ავანსის ანგარიშფაქტურის გამოუწერლობა) აღმოჩნდა აუდიტორისთვის დამაბრკოლებელი გარემოებები და ჩვენ მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტების მიუხედავად, ჩათვალა რომ 2024 წლის ნოემბერის, დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების მომსახურების ღირებულება შპს ------- მიერ არ არის დღგ-ით დაბეგრილი. 2024 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაციის ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების მიზნით, შპს ------- მიერ ავანსად მიღებულ თანხაზე გამოიწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-------), რომელიც ასახულია 2024 წლის ოქტომბრის თვის კორექტირებულ დღგ-ის დეკლარაციაში №70114328. ამასთან, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე მიღებული ავანსი (228,394.74 ლარი, დღგ-ის ჩათვლით) დაექვემდებარა დღგ-ის დეკლარაციის „დანართი ა“-ს შესაბამის, მიღებული ავანსების გრაფაში ასახვას, ნაცვლად ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი გრაფისა. საბოლოო ჯამში, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების მიხედვით, შპს ------- მიერ ა(ა)იპ ------- გამოწერილია ავანსის ფაქტურა - „ავ-------“ ღირებულებით - 228,394.74 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და შემდეგი საბოლოო ანგარიშფაქტურები: ეა-------, ეა-------, ეა-------, ეა--------, ეა-------, ეა-------, ეა-------. თითოეული საბოლოო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 32,627.82 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ჯამური ღირებულება - 228,394.74 ლარს, რაც ემთხვევა ოქტომბრის თვეში დაფიქსირებულ მიღებული ავანსის მოცულობას. ვინაიდან, 2024 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაციით დაიბეგრა როგორც 2024 წლის ოქტომბრის მომსახურების ღირებულება, ასევე 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების მომსახურების ავანსი, ჯამური თანხით - 221,205.55 ლარი, საგადასახადო შემოწმებას დაქვემდებარებულ პერიოდებში გამოწერილი საბოლოო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხები მართლზომიერად არ არის ასახული ამავე პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდის საფუძველზე გაორმაგებულად არის დაბეგრილი შპს ------- მიერ ავანსის სახით მიღებული და 2024 წლის ოქტომბერში დაბეგრილი თანხა. ამასთან, საგადასახადო აუდიტის ფარგლებში შემოწმებულ პერიოდებში (2024 წლის ნოემბერი დეკემბერი და 2025 წლის იანვარი-მარტი) ადგილი არ ჰქონია დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ბრძანების საფუძველზე, შპს ------- საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმაც არამართლზომიერი და უსაფუძვლოა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27766 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2.02.2026 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ და მომჩივანს სრულად შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27766 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესაბამის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27766 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 18.12.2025 წლის №27766 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164