ბრძანება N 3784

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2023
№ დოკუმენტი 3784
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3784

28.02.2023

ი/მ ------ის (ს/ნ -------)

(ფაქტ. მის.: ----------)

2022 წლის 16 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------) №73854/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №007-209 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით. დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი, რაც გამოწვეული იყო არცოდნით, კერძოდ, დღგ-ს დეკლარაციები სწორად იყო წარდგენილი, თუმცა პროგრამის არქონის გამო შეცდომით იქნა გადატანილი საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში. გადამხდელი ასევე ითხოვს, ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6344 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 ივლისის №19208 ბრძანება და 20 ივლისის №007-209 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 174 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 276 ლარი, ჯარიმა 10 677 ლარი, საურავი 6 221 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 ი/მ -----------ს 2020 წლის აპრილის და მაისის თვეში განაშთული აქვს მომწოდებლის მიერ წინასწარ გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სერია ავ-08 ---------- (დღგ 972.46 ლარი) და სერია ავ-08 ---------- (58.35 ლარი), ხოლო ჩათვლა მიღებული აქვს როგორც ავანსის, ასევე ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტირებით. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 ი/მ ------ს ი/მ ---------გან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეა-73 --------- შეძენილი აქვს საქონელი და მიღებული აქვს ჩათვლა 198.76 ლარი, აღნიშნული ოპერაცია დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია ეკ--------- დღგ 70.63 ლარი, 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში არ არის ასახული ჩასათვლელი თანხის კორექტირების შედეგად გამოწვეული დღგ-ის ცვლილება. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 128.13 ლარი. ასევე, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 30 253 კგ. სიმინდის მარცვალი, ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით მარცვალის გადამუშავების შედეგად მიღებულია 27 413 კგ. სიმინდის ფქვილი და ღერღილი, ხოლო 2 840 კგ. არის საწარმოო დანაკარგი, რაც შეადგენს გადამუშავებული სიმინდის მარცვლის 10%-ს (დანაკარგის შესახებ გაანგარიშება/დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის), შემოსავლების სამსახურის მიერ (30.08.2011წ №7188 ბრძანება) საწარმოო დანაკარგის ნორმა მარცვლეულზე დადგენილია 0.7% და შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებულმა საწარმოო დანაკარგმა შეადგინა (30253*0.7%) 212 კგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობა (2840- 212) 2 628 კგ. სიმინდის ფქვილი/ღერღილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვალა გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილ დანაკლისად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე, 161-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად. სიმინდის ფქვილის/ღერღილის დოკუმენტურად დადასტურებული ფასი დღგს ჩათვლით 1 კგ.-ზე შეადგენს 1.89 ლარს, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა წარმოებული სიმინდის მარცვლის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაჯარიმდა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

 ი/მ --------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა დაწესებულებებს აწვდის საქონელს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტს, ბურღულეულს და სხვა, საქონლის მიწოდებისას გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ზემოაღნიშნული პირველადი დოკუმენტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე და 80-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რაც შეადგენს 2019 წელს - 1 145 891 ლარს, 2020 წლს - 1 366 538 ლარს და 2021 წელს - 1 319 113 ლარს. გადამხდელის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია 2019 და 2020 წლების შემოწმებით გაანგარიშებულ ერთობლივ შემოსავალზე. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.