ბრძანება N 25039
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 25039
22/07/2019
შპს ---------------------
(მის: --------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 07 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N38) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 თებერვლის №006-59 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“.
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის გაწეული სასტუმრო მომსახურების და ავიაბილეთებით უზრუნველყოფის განხილვას მომსახურების გაწევად და აღნიშნულით ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ის დასაბეგრი ბაზის გაზრდას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის N38852 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- საჩივარი, კერძოდ:
1. შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. გადასახადის გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ძირითადი საშუალებების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების შეცდომით მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯად განხილვის საფუძველზე დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმისაგან;
4. აუდიტის დეპარტამენტმა ქ. ----- მერიის სამსახურის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩატარებული სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები განიხილოს შპს ----- მიერ უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულების შედეგების შესაბამისად, განახორციელოს კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის N38852 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ----- მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 31 იანვარს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის N38852 ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა შემმოწმებლის მიერ დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ სულ შეუმცირდა 65 879 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 34 806 ლარი და ჯარიმა 31 073 ლარი.
გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა:
საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ შპს ----- მიერ გადახდილი სასტუმროსა და თვითმფრინავის მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის ხორციელდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე გამოწერილი ინვოისები არ მოიცავს სასტუმროს, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებს.
სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი,სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
სსკ-ის 136-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე.
სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
სსკ-ის 72-ე მუხლის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
გადაანგარიშებით, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ა) დასაბეგრი ოპერაცია; ბ) იმპორტი; გ) ექსპორტი, რეექსპორტი; დ) დროებითი შემოტანა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2014-2017 წლებში შპს ----- საქართველოში მიღებული აქვს სარემონტო მომსახურება არარეზიდენტი იურიდიული პირებისაგან, აღნიშნულ მომსახურებებს ახორციელებდნენ არარეზიდენტი იურიდიული პირების წარმომადგენლები. გადამხდელს აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიებთან არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები და ანგარიშწორება განხორციელებულია მხოლოდ სარემონტო მომსახურებაზე ივნოისების საფუძველზე. გადამხდელს, ასევე მიღებული აქვს საკონსულტაციო მომსახურება (რემონტთან და შენობასთან დაკავშირებით) არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან. გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს სასტუმრო მომსახურების ხარჯი და ავიბილეთებით უზრუნველყოფა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ ივნოისებით ირკვევა, რომ სარემონტო სამუშაოების გამწევ არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან და საკონსულტაციო მომსახურების გამწევ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მომსახურების გაწევა-მიღების პირობების თანახმად, არარეზიდენტი პირების მგზავრობის და ღამისთევის ხარჯები არის მომსახურების გაწევა-მიღების თაობაზე დადებული გარიგების ღირებულების ნაწილი და მისი გაწევის ვალდებულება ეკისრებოდა დამკვეთს, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და საბჭოზე მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ----- მიერ არარეზიდენტი პირებისთვის გაწეული მომსახურება, კერძოდ ავიაბილეთების შეძენა და სასტუმრო მომსახურებით უზრუნველყოფა წარმოადგენს სარემონტო მომსახურების გაწევის ფარგლებში დადებული გარიგების ნაწილს, რომლის ღირებულებასაც მოიცავს შესაბამისი ინვოისი, შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს ----- მიერ არარეზიდენტი პირებისთვის გაწეული მომსახურების (ავიაბილეთების შეძენა და სასტუმრო მომსახურება) მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ---------------- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს ----- მიერ არარეზიდენტი პირებისთვის გაწეული მომსახურების (ავიაბილეთების შეძენა და სასტუმრო მომსახურება) მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის გაწეული სასტუმრო მომსახურების და ავიაბილეთებით უზრუნველყოფის განხილვას მომსახურების გაწევად და აღნიშნულით ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ის დასაბეგრი ბაზის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ საწარმოს საქართველოში მიღებული აქვს სარემონტო და საკონსულტაციო მომსახურება არარეზიდენტი პირებისაგან. გადამხდელს გაწეული აქვს სასტუმრო მომსახურების ხარჯი და ავიბილეთებით უზრუნველყოფა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ გადახდილი სასტუმროსა და თვითმფრინავის მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის ხორციელდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე გამოწერილი ინვოისები არ მოიცავს სასტუმროს, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებს. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამის ნორმათა საფუძველზე აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირებისთვის გაწეული მომსახურების (ავიაბილეთების შეძენა და სასტუმრო მომსახურება) მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 105(1)
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)