გადაწყვეტილება №27538/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
10 ივლისი 2026
№27538/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „---'' (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „---“ 9.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27538/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №CB1912952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12082 ბრძანება.
დაკისრებული სანქცია:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს DES 2 26 0036988 წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ 8.05.2026 წელს ---ის მუნიციპალიტეტის ---ში, შეჩერებული და გადამოწმებულ იქნა (გადამოწმების დრო 8.05.2026წ. 16:45სთ) მოქ. ---ს (პ/ნ ---) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „KAMAZ” სახ. ნომ. ----. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ა/მანქანის ძარაზე განთავსებული იყო სს ----ს“ (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 4.2 მ 3 წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა (ფიცარი). აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, შესწავლის დროს დადგინდა, რომ სს „---ს“ (ს/ნ ---) აღნიშნულ ტვირთზე გამოწერილი ჰქონდა ჩვეულებრივი №----სასაქონლო ზედნადები და არა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კომპანიას 2026 წლის 21 აპრილს ---- ზედნადებით შეძენილი ჰქონდა ჯამში 34.42 მ 3 დახერხილი ხე მასალა. ტრანსპორტირებული ტვირთის სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №63003/05/26 ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე, საიდანაც ირკვევა, რომ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ფიცარი არის სხვადასხვა ზომის.
წარმოდგენილ ხე-მასალას ფიცარს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები. შესრულებული აზომვის შედეგად, დახერხილი ხემასალის ფიცრის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 4.2 კუბური მეტრი. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №CB1912952 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ტრანსპორტირებული ხე-მასალის ჩამორთმევა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №CB1368046 სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.06.2026 წლის №12082 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ ტრანსპორტირების დაწყებამდე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები. სამართალდარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის მიერ ზედნადების სპეციალური ფორმის (ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები) მაგივრად, გამოწერილ იქნა ზედნადების ჩვეულებრივი ფორმა. ამდენად, კომპანიამ არასრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც გამოწვეული იყო მათი შეცდომით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამოწმებისას სს „---ს“ (ს/ნ ---) აღნიშნულ ტვირთზე გამოწერილი ჰქონდა ჩვეულებრივი №0976996396 სასაქონლო ზედნადები (გააქტიურების დრო 08.05.2026წ. 12:58:45სთ) და არა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და სს „---“ (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სანქციისაგან გათავისუფლების ფარგლები ასევე უნდა გავრცელებულიყო იმ შედეგებზე, რომლებიც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედეგად დადგა. იმ შემთხვევაში, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახური დაეთანხმა გარემოებას, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით ის ასევე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ გადასახადის გადამხდელი არის კეთილსინდისიერი ამ შემთხვევაში - სს „---“ უნდა გაეთავისუფლებინა არა მხოლოდ ჯარიმისგან არამედ ყველა სხვა სანქციისგან და შედეგისგან, რომელიც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას გააუარესებდა. პირის ჯარიმისაგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ყველა სანქციისაგან.
საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ,,გადასახადის გადამხდელს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ქმედება, რის გამოც პირს დაეკისრა სანქცია, გამოწვეულია შეცდომით (ან არცოდნით), იგი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ ჯარიმისაგან, არამედ ძირითადი სანქციისაგან, ვინაიდან, ჯარიმა მას სწორედ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სანქციის გამო დაეკისრა“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საზოგადოების მიმართ გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან გამომდინარე ყველა შედეგზე (სანქციაზე, ჯარიმაზე, მასალის ჩამორთმევაზე), რომელიც სს „---“-ს მიმართ იქნა გამოყენებული და აუარესებს მის მდგომარეობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №CB1912952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. აღნიშულ ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა №CB1912952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმისგან.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მას უნდა დაბრუნებოდა ჩამორთმეული ხის მასალაც. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი №10242/1/2026 საჩივრით მოთხოვნა ფორმულირებული იყო შემდეგი შინაარსის „გთხოვთ გაავრცელოთ ჩვენს მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და გაგვათავისუფლოთ დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა).“
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას. ამდენად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით დავის საგანს არ წარმოადგენდა ჩამორთმეული საქონლის დაბრუნება, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს და ვერ იმსჯელებს ისეთ საკითხზე, რომელიც შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას სადავო არ ყოფილა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს წერილი, სადაც აღნიშნული იყო, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ა/მანქანის ძარაზე განთავსებული იყო მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 4.2 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა (ფიცარი). აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, შესწავლის დროს დადგინდა, რომ მომჩივანს აღნიშნულ ტვირთზე გამოწერილი ჰქონდა ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები და არა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კომპანიას 2026 წლის 21 აპრილს ზედნადებით შეძენილი ჰქონდა ჯამში 34.42 მ3 დახერხილი ხე მასალა. ტრანსპორტირებული ტვირთის სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე, საიდანაც ირკვევა, რომ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ფიცარი არის სხვადასხვა ზომის.
წარმოდგენილ ხე-მასალას ფიცარს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები. შესრულებული აზომვის შედეგად, დახერხილი ხემასალის ფიცრის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 4.2 კუბური მეტრი. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ტრანსპორტირებული ხე-მასალის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
ვინაიდან შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით დავის საგანს არ წარმოადგენდა ჩამორთმეული საქონლის დაბრუნება, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს და ვერ იმსჯელებს ისეთ საკითხზე, რომელიც შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას სადავო არ ყოფილა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 1 2.