გადაწყვეტილება №83182/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№83182/1/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83182/1/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 19.05.2023 წლის №19433/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №040-17 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 65 744 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 709
დღგ - 32 886
საშემოსავლო გადასახადი - 643
ქონების გადასახადი - 2 180
ჯარიმა - 15 158
საურავი - 14 877
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 მაისის №11758 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №31463 ბრძანება და №040-20 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 21 მარტის №5580 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 16.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.05.2023 წლის №19433/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მე-2 (დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება) და მე-3 (ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის დასკვნა, 26.07.2023 წლის №18165 ბრძანება და №040-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტემენტის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელმა თანხები საქვეანგარიშოდ მიიღო იმ კომპანიისგან, სადაც თვითონვე არის დირექტორის მინდობილი პირი და ამიტომ ხდის ოპერაციას საეჭვოდ. დირექტორის (კომპანიის) მინდობილი პირი იღებს საქვეანგარიშო თანხებს, ვიღაც პირებზე საქვეანგარიშოდ თანხებს არცერთი კომპანია არ გასცემს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტი თვლის, რომ ეს საქვეანგარიშოდ მიღებული თანხა წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს.
გადამხდელი დაქირავებულ პირად მუშაობს ამ კომპანიაში და იღებს ხელფასსაც, მას სრული უფლება აქვს ასევე, როგორც ინდ. მეწარმემ, განახორციელოს თავისი დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობა, რასაც ახორციელებდა კიდეც და შესაბამისად, ახდენდა დეკლარირებას და გადასახადების გადახდას, ხოლო როგორც დაქირავებული პირი ასევე მუშაობდა კომპანიაში და მისი ფუნქციამოვალეობიდან გამომდინარე მიიღო საქვეანგარიშო თანხები. საჩივარს თან ერთვის შპს „----------“ სს „----------“ ამონაწერი, სადაც გადარიცხვის შინაარსში ნათლად არის დაფიქსირებული თუ რისთვის ერიცხება თანხები მეწარმეს. მას ერიცხება ხელფასები თვეების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება როგორც მეწარმეს, აღებული სესხები ხელშეკრულების შესაბამისად და ასევე ერიცხება საქვეანგარიშო თანხები როგორც ამ კომპანიის დაქირავებულ პირს და ეს გადარიცხვები შინაარსით განსხვავდება ერთმანეთისაგან.
მაგალითად, 2019 წლის 4 დეკემბერს ჩარიცხულია 21 000 ლარი, საბანკო ამონაწერში შინაარსი მითითებულია „- მომსახურების საფასური, კონტრაქტის მიხედვით გადასახდელი თანხა -“. ეს თანხა წარმოადგენს მეწარმის ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოებისთვის, ე.ი. ბანკის ამონაწერში დაფიქსირებულია თანხის ჩარიცხვის შინაარსი, რომ თანხა მეწარმემ მიიღო შესრულებულ სამუშაოზე. ასევე, ფიქსირდება ხელფასის გადახდაც, შინაარსში პირდაპირ არის მითითებული, რომ თანხა წარმოადგენს ხელფასს. საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ასევე, რომ 2020 წლის 30 ივლისს ჩაერიცხა 21 500 ლარი, 2020 წლის 8 აგვისტოს - 50 000 ლარი. ორივე თანხაზე ჩარიცხვის შინაარსი (საბანკო ამონაწერით) არის „- სამეურნეო დანიშნულებით და მასალების შესაძენად -“. აღნიშნული თანხა წარმოადგენს კომპანიიდან მიღებულ საქვეანგარიშო თანხას, აღნიშნული თანხები საქვეანგარიშოდ მიღებული აქვს როგორც კომპანიის დაქირავებულ პირს (თანამშრომელს) და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნული თანხების განხილვა დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვად უსაფუძვლოა და ამოღებული უნდა იქნას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიდან, მით უმეტეს, რომ 2020 წლის 30 ივლისს ჩარიცხული 21 000 ლარით აუდიტის დეპარტამენტმა მეწარმე გაიყვანა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე და შემდგომ თვეებში მიღებული ანაზღაურებები დაუბეგრა დღგ-ით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეწარმის მიერ საქვეანგარიშო თანხები დაბრუნებულია კომპანიაში და ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, მაგრამ მათ მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ამასთან, მეწარმის მიერ 2021 წლის თებერვალში ნამდვილად იქნა შეძენილი საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულ ოპერაციაზე გამყიდველის მიერ გამოწერილი იქნა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმადაც მეწარმემ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნული ფართი მეწარმის მიერ გამოიყენება ეკონომიკურ საქმიანობაში, გაქირავებულია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე (ბინის გაქირავების დოკუმენტური მტკიცებულებები თანდართულია საჩივარზე) და დაბეგრილია (დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში) დღგ-ით.
აუდიტის დეპარტამენტმა თავის 2023 წლის 3 ივლისის დასკვნაში საერთოდ არ დააფიქსირა პოზიცია გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, რითაც იგნორირება გაუკეთა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე, არ შეისწავლა და არ გაანალიზა მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი გაქირავებულია და გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში და შემოსავლები დეკლარირებული და დაბეგრილია დღგ-ით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ საცხოვრებელი ფართის შეძენაზე განხორციელებული ჩათვლა უსაფუძვლოდ არის გაუქმებული. შესაბამისად, აღდგენილი უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლა იმავე საანგარიშო პერიოდში და გაუქმებული უნდა იქნას შემოწმებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 19.05.2023 წლის №19433/2/2023 გადაწყვეტილებით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის განმარტების და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხები მიიღო საქვეანგარიშოდ კომპანიიდან, სადაც თვითონვე წარმოადგენს დირექტორის მინდობილ პირს და აღნიშნული თანხები დააბრუნა იმავე დღეს სალაროში საქონლის იმპორტისთვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ხოლო აღნიშნულ პერიოდში იმპორტი არ უფიქსირდება გადამხდელის დასახელებულ კომპანიას. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელდა.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ არ დასტურდება თანხების საქვეანგარიშოდ გაცემა. ამასთან, საცხოვრებელი ფართის გაქირავების შესახებ ინფორმაცია არსად არ ფიქსირდება, ხოლო ერთ-ერთი ხელშეკრულება გადასახადის გადამხდელს გაფორმებული აქვს საკუთარ დასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 19.05.2023 წლის №19433/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის განმარტების და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხები მიიღო საქვეანგარიშოდ კომპანიიდან, სადაც თვითონვე წარმოადგენს დირექტორის მინდობილ პირს და აღნიშნული თანხები დააბრუნა იმავე დღეს სალაროში საქონლის იმპორტისთვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ხოლო აღნიშნულ პერიოდში იმპორტი არ უფიქსირდება გადამხდელის დასახელებულ კომპანიას. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელდა. მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ არ დასტურდება თანხების საქვეანგარიშოდ გაცემა. ამასთან, საცხოვრებელი ფართის გაქირავების შესახებ ინფორმაცია არსად არ ფიქსირდება, ხოლო ერთ-ერთი ხელშეკრულება გადასახადის გადამხდელს გაფორმებული აქვს საკუთარ დასთან.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1).