ბრძანება N 12186
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12186
04 ივნისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
(მის.:„--------“)
2026 წლის 4 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) №102150/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის №001-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა შედარების აქტი, თუმცა, ვინაიდან მეორე მხარე წარმოადგენს უცხოურ კომპანიას, მათ მიერ დროულად ვერ მოხერხდა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება. ამასთან, მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ წარმოადგინა აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტი და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3802 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №001-314 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2026 წლის 21 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3802 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 3 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 7 აპრილის №001-75 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 28 თებერვალს ელექტრონული ფორმით წარმოადგინა 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ურთიერთშედარების აქტი, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (ურთიერთშედარების აქტების) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით არ არსებობს სათანადო საფუძვლები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა ელექტრონული ფორმით წარმოადგინა 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ურთიერთშედარების აქტები, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (ურთიერთშედარების აქტების) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არ არსებობს სათანადო საფუძვლები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომ მომჩივანს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტი რაც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების ეტაპზე, ხოლო რაც შეეხება აპოსტილით დოკუმენტის დამოწმებას, აუდიტორმა განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადო წესით დამოწმებული და არ არის წარმოდგენილი მისი დედანი ვერსია, წარმოდგენილია მხოლოდ ქსეროასლი.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შედარების აქტის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა 2026 წლის 28 თებერვალს ელექტრონული ფორმით წარმოადგინა 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ურთიერთშედარების აქტი, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით არ არსებობს სათანადო საფუძვლები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).