გადაწყვეტილება №27105/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27105/2/2026
14 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 7.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27105/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის №007-283 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7257 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 21 876.2 ლარი.
მათ შორის:
მიწა (არასასოფლო) - 10 808.40
ჯარიმა - 7 205.60
საურავი - 3 862.20
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23223 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდზე მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 28.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები: საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მომჩივანი 2020 წლის მაისიდან დღემდე ფლობს 3 მიწის ნაკვეთს (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) (ს/კ -----, საერთო ფართობი 13 647 კვ.მ). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი მიწაზე ქონების გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ოქტომბრის №23955 ბრძანება და №007-283 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7257 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას დაფუძნების დღიდან ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია, არ ჰყოლია დასაქმებულები, არ გააჩნია ბრუნვები, არ მიუღია შემოსავლები და არ გამოუყენებია ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები ეკონომიკური საქმიანობის ან მოგების მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე, მიაჩნდა რომ არ ჰქონდა მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. ამდენად, სახეზეა არცოდნით დამდგარი ფაქტი და ადგილი არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდებას. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას და ამბობს, რომ მომავალში მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დადგენილია, რომ მომჩივანი ფლობს მიწის ნაკვეთებს ქ.---ში, რომელზეც არ ახორციელებს ქონების (მიწის) გადასახადის დეკლარირებას და შესაბამისი გადასახადის გადახდას. მომჩივანი არ უარყოფს დარიცხვის მართლზომიერებას, მისი განმარტებით, კომპანიას დაფუძნების დღიდან ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია და არ გამოუყენებია ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები ეკონომიკური საქმიანობის ან მოგების მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე, მიაჩნდა რომ არ ჰქონდა მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. მიაჩნია, რომ სახეზეა არცოდნით დამდგარი ფაქტი. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდზე მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 28.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები: საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მომჩივანი 2020 წლის მაისიდან დღემდე ფლობს 3 მიწის ნაკვეთს (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) (საერთო ფართობი 13 647 კვ.მ).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი მიწაზე ქონების გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 269 (7).