გადაწყვეტილება №18382/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18382/2/2022
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------------ (პ/ნ ----------------- )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 6.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18382/2/2022).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №CB1386516 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №28005 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №CB1386516 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. --------), გადამოწმების დროს (12.08.2022 წ. 15:59 სთ) გამოვლინდა 2 975 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის (ფიცარი 3,5 მ 3 X 850 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.11.2022 წლის №28005 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე2 და მე-3 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის ფიზიკური პირი და არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ტრანსპორტირებული ხის მასალა შეძენილი ჰქონდა აუქციონის გზით პირადი საჭიროებისთვის. ამდენად, სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
დადგენილია, რომ მომჩივანი ახორციელებდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 2 975 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის - ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №---------21-12 წერილიდან ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის N - ---- წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------------, რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (2 975 ლარის საბაზრო ღირებულების 3,5 მ 3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ არის ფიზიკური პირი და არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ტრანსპორტირებული ხის მასალა, რომელიც შეიძინა აუქციონის გზით განკუთვნილი იყო პირადი საჭიროებისთვის. ამდენად, სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა. თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.