ბძანება N 4220

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2019
№ დოკუმენტი 4220
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4220

26/02/2019

შპს -----

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 24 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი N03) განიხილა შპს ----- საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის N021-116 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საჩივარში აღნიშნული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს. აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულების ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან. აქტში აღნიშნული შენობა-ნაგებობა გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში და დასრულების შემდეგაც გამოყენებული იქნება ამავე საქმიანობაში. აღნიშნული მეთოდის მართებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, ქონების გადასახადის გაანგარიშება მოხდა არასწორად.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის N8130 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 01 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 03 დეკემბრის N33870 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა N021-116 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 84725.76 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 53398 ლარი და ჯარიმა 24472 ლარი და საურავი 6855.76 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საზოგადოებას 2015 - 2016 -2017 წლების საანგარიშო პერიოდში საკუთარი ძალებით აშენებდა კლინიკას, რომელიც ექსპულატაციაში გაეშვა 2017 წელს. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით ქონების გადასახადის დასაბეგრ ბრუნვაში არ აქვს ჩართული დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება.

სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით ქონების გადასახადის გადამხდელია საწარმო მის ბალანსზე ძირითად საშუალებებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებსა და დაუმთავრებელ მშენებლობაზე, ხოლო სსკ - ის 206 - ე მუხლის ,,წ" პუნქტით ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2015 2016-2017 წლების საანგარიშო პერიოდებში დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება დაიბეგრა ქონების გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის დავების განიხლვის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

სსკ-ის 202-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად: შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.

საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობითა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საწარმოს ბალანსზე რიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა დასრულების შემდეგ მის სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის ქონების გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს. აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულების ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელი საკუთარი ძალებით აშენებდა კლინიკას, წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით ქონების გადასახადის დასაბეგრ ბრუნვაში არ აქვს ჩართული დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება. შემოწმების მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება დაიბეგრა ქონების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საწარმოს ბალანსზე რიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა დასრულების შემდეგ მის სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუმთავრებელი მშენებლობის ქონების გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“); 202(4); 206(1,,წ“)