ბრძანება N 23783

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2025
№ დოკუმენტი 23783
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23783

28 ოქტომბერი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2025 წლის 22 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 22 აგვისტოს №25697/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 აგვისტოს №060-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებამ მასალები გააერთიანა რამდენიმე პოზიციად, შემოიღეს მათთვის ზომის საერთო ერთეული, შეუპირისპირეს ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებულ მასალებს და გამოვლენილი სხვაობა ჩათვალეს კომპანიის დამატებით შემოსავლად, რაშიც დაშვებულია ისეთი შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც რადიკალურად ცვლის დაბეგვრის სურათს. აღნიშნავს, რომ სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციით აუდიტორთან ერთად გავლილია გასაჩივრებული პოზიციებიდან მხოლოდ სამი პოზიცია. გადამხდელი მიუთითებს მილებთან დაკავშირებით, რომ 1 მეტრის სარეალიზაციო ღირებულება აქტით აუდიტორებს განსაზღვრული ჰქონდათ 7 ლარის ოდენობით, შემდეგ აუდიტორი დაეთანხმათ, რომ 1 მეტრი პოლიეთილენის მილის სარეალიზაციო ღირებულება არის 0.8 ლარი, რაზედაც მითითებულია კიდეც აქტში, მაგრამ გადამხდელი მიიჩნევს, რომ არ არის ასახული დარიცხვებში. აღნიშნული თანხით ფასნამატის კორექტირების შემთხვევაში დამატებითი შემოსავალი მარტო მილების პოზიციით მცირდება 108 911,62 ლარით. ასევე, მიუთითებს, მინაბამბაზე, რომლის სარეალიზაციო ფასი განსაზღვრულია კვადრატულ მეტრებში, ნაცვლად შეკვრისა, რომელიც საშუალოდ შეადგენს 16 კვადრატულ მეტრს და შესაბამისად 16 ჯერ გაზრდილია დასაბეგრი შემოსავალი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში დამატებითი შემოსავალი იქნება 5 839.53 ლარი, ნაცვლად 93 432,51 ლარისა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №6392 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) 2024 წლის 13 დეკემბრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება კრედიტორული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები/ცხრილები (მ.შ. კალკულაცია/ფასები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №6392 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის პირველის აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 40 692 ლარით, კერძოდ, გადასახადი 27 124 ლარით, ჯარიმა 13 568 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 აგვისტოს №060-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში წარადგინა დოკუმენტაცია/ცხრილები, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა წარმოდგენილი მტკიცებულებების დამუშავება, შესაბამისად საკითხები, რომელიც გადამხელის მიერ იქნა განმარტებული და დასაბუთებული გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშებაში. კონკრეტულად მომჩივანს შპს „--------“ მიმართ უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 45 260 ლარის ოდენობით, შესაბამისად გადამხდელს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ შპს „------- -ს “ მიმართ, რაზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლის მიხედვითაც მომჩივანს შპს „------- -ს “ მიმართ უფიქსირდება დავალიანება, შესაბამისად, გადაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა აღნიშნული საკითხი და 42 595 ლარი გამოკლებული იქნა დასაბეგრი თანხიდან. ასევე, გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის პროცესში მის მიერ შესრულებულ ტენდერებში ხდებოდა ბეტონის ადგილზე დამზადება, რადგან ზოგიერთ შესრულებულ ტენდერში რთული ლოკაციიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა ბეტონის გადამზიდი სატვირთოს მიყვანა, აქედან გამომდინარე ბეტონი იწარმოებოდა ადგილზე კონკრეტული ღორღის (მ3 ) და ცემენტის (კგ) პროპორციებით, რომლის შესაბამისად წარმოდგენილი იქნა ტენდერებისთვის შესყიდული და ადგილზე დამზადებული ბეტონის კალკულაციები, ტენდერების მიხედვით, რომელიც შედარებული იქნა ტენდერების (ფორმა 2) მიხედვით გაწეულ ხარჯებთან და გათვალისწინებული იქნა ადგილზე

დამზადებული ბეტონისთვის გახარჯული საჭირო ღორღის (მ3 ) და ცემენტის (კგ) რაოდენობების გამოქვითვა არსებულ ნაშთიდან. გარდა ამისა, გადამხდელმა წარმოადგინა პოლიეთილენის მილის (მეტრი) შეძენის და გახარჯული ოდენობის კალკულაცია, რომელიც გარკვეული ნაწილი 1 მეტრი რეალიზებული იყო 0.8 ლარის ოდენობით. ხოლო ნარჩენ ნაშთზე, რომელიც ნაშთად რჩებოდა საწარმოს, რეალიზებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ცხრილების დამუშავება. შესაბამისად, საკითხები, რომელიც გადამხდელის მიერ იქნა განმარტებული და დასაბუთებული გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშებაში. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლის მიხედვითაც მომჩივანს შპს „------- -ს “ მიმართ უფიქსირდება დავალიანება. გადაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა აღნიშნული საკითხი და 42 595 ლარი გამოკლებული იქნა დასაბეგრი თანხიდან. ასევე, გადამხდელის განმარტების შესაბამისად, საქმიანობის პროცესში მის მიერ შესრულებულ ტენდერებში ბეტონის ადგილზე დამზადებასთან დაკავშრებით წარმოდგენილი იქნა ტენდერებისთვის შესყიდული და ადგილზე დამზადებული ბეტონის კალკულაციები, რომელიც შედარებული იქნა ტენდერების (ფორმა 2) მიხედვით გაწეულ ხარჯებთან და გათვალისწინებული იქნა ადგილზე დამზადებული ბეტონისთვის. შედეგად, მოხდა გახარჯული ღორღის (მ3) და ცემენტის (კგ) რაოდენობების გამოქვითვა არსებულ ნაშთიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის პოზიცია პოლიეთილენის მილების სარეალიზაციო ღირებულებასთან დაკავშირებით (1მ. მილის ღირებულება 0,8 ლარი) გათვალისწინებულია დასკვნაში და შემცირებულია დარიცხული თანხები. რაც შეეხება, მინაბამბის სარეალიზაციო ფასს და სარეალიზაციო წონის ერთეულს, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ პოზიციის დათვლისას გამოყენებულია ყველა წონის ერთეული, რაც გადამხდელის სასაქონლო ზედნადებში ფიქსირდებოდა. შესაბამისად, განსაზღვრულია შეძენებიც, გახარჯვებიც და ნაშთებიც, რომელიც შემდგომ რეალიზებულ იქნა.

ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა შესაბამის გაანგარიშებებს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე და არც ზეპირ განხილვაზე, არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს მეორე საწარმოს მიმართ უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება,შესაბამისად გადამხდელს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია.გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის პროცესში მის მიერ შესრულებულ ტენდერებში ხდებოდა ბეტონის ადგილზე დამზადება.აქედან გამომდინარე ბეტონი იწარმოებოდა ადგილზე კონკრეტული ღორღის (მ3) და ცემენტის (კგ) პროპორციებით, რომლის შესაბამისად წარმოდგენილი იქნა ტენდერებისთვის შესყიდული და ადგილზე დამზადებული ბეტონის კალკულაციები, ტენდერების მიხედვით, რომელიც შედარებული იქნა ტენდერების მიხედვით გაწეულ ხარჯებთან და გათვალისწინებული იქნა ადგილზე

დამზადებული ბეტონისთვის გახარჯული საჭირო ღორღის და ცემენტის რაოდენობების გამოქვითვა არსებულ ნაშთიდან. გარდა ამისა, გადამხდელმა წარმოადგინა კალკულაცია, რომელიც გარკვეული ნაწილი 1 მეტრი რეალიზებული იყო 0.8 ლარის ოდენობით. ხოლო ნარჩენ ნაშთზე, რომელიც ნაშთად რჩებოდა საწარმოს, რეალიზებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).