გადაწყვეტილება №19812/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 19812/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19812/2/2023

04 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“- ს 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19812/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №056-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3452 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 143 401 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 70 225

მოგების გადასახადი - 57 017

საშემოსავლო გადასახადი -12 998

ქონების გადასახადი - 210

ჯარიმა - 35 819

საურავი - 37 357

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 15.03.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 29 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემებით სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, ამასთანავე გააჩნია კრედიტორული დავალიანება და აღებული აქვს საბანკო სესხი. 2020 წლის 9 ივლისს ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციით გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი 395 194 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული დანაკლისი წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ სესხს, რომელიც უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

შემოწმებით დადგინდა თვეების მიხედვით სალაროს მინიმალური ფულადი ნაშთები, რაც შემცირდა შესაბამის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის (გარდა ხელფასისა) 10%-ით, მიღებული თანხა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვიტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №1819 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ჩაითვალა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, შემოწმებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად;

- საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2020 წლის №22418 ბრძანება და №056-43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2020 წლის №27723 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმები ჩაითვალა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე გადასახადის გადამხდელს 3 600 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.09.2020 წლის №27723 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 13 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 35 638 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2020 წლის №056-93 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2021 წლის №2649 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2021 წლის №2649 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 26 281 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2021 წლის №056-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18468 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 1.10.2021 წლის №13746/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 23.03.2022 წლის №7381 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სალაროს მინიმალური ფულადი ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №13746/2/2021 გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7381 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2022 წლის №056-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად, სალაროში არსებული ფაქტობრივი ფულის ნაშთი გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვის ჭრილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 22 183 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №056-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადაანგარიშებით დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა, კერძოდ, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად, სალაროში არსებული ფაქტობრივი ფულის ნაშთი გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვის ჭრილში. შესაბამისად, შემცირდა დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური 30.06.2022 წლის №17120 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად, სალაროში არსებული ფაქტობრივი ფულის ნაშთი გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვის ჭრილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტმა ისევ არ განახორციელა სალაროში არსებული ფაქტობრივი ნაშთის პირდაპირ გათვალისწინება შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვეზე, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო და მოგების გადასახადი უნდა დაერიცხა მხოლოდ ისეთ თვეებზე, სადაც სალაროში არსებული ბუღალტრული ნაშთი იყო ფაქტობრივ ნაშთზე (ინვენტარიზაციით დადგენილი 184 883.5 ლარი) მეტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად, სალაროში არსებული ფაქტობრივი ფულის ნაშთი გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვის ჭრილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა და შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 22 183 ლარით. კერძოდ, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად სალაროში არსებული ფაქტობრივი ფულის ნაშთი გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვის ჭრილში.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა სალაროში არსებული ფაქტობრივი ნაშთის პირდაპირ გათვალისწინება შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვეზე, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო და მოგების გადასახადი უნდა დაერიცხა მხოლოდ ისეთ თვეებზე, სადაც სალაროში არსებული ბუღალტრული ნაშთი იყო ფაქტობრივ ნაშთზე (ინვენტარიზაციით დადგენილი 184 883.5 ლარი) მეტი.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე გაანგარიშებას, მტკიცებულებას რაც მის არგუმენტს გაამყარებდა, კერძოდ გადაანგარიშების რა ციფრობრივ მონაცემზე დაყრდნობით, რა ოდენობით ექვემდებარებოდა შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას და შედეგად, მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17120 ბრძანების შეუსაბამოდ.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანების შესაბამისად, სადაც ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთზე (184 883.5 ლარზე) ნაკლები იყო არაგონივრული ნაშთი დარიცხვა მოიხსნა, შედეგად 2017-2018 წლებზე დარიცხვა გაუქმდა, ხოლო სადაც აღნიშნულ ნაშთზე მეტი იყო არაგონივრული ნაშთი, მხოლოდ იმ პერიოდზე დარჩა დარიცხვა, ამდენად რასაც მომჩივანი აღნიშნავს საჩივარში გათვალისწინებულია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17120 ბრძანება აღსრულებულია, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 15.03.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემებით სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, ამასთანავე გააჩნია კრედიტორული დავალიანება და აღებული აქვს საბანკო სესხი. 2020 წლის 9 ივლისს ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციით გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი 395 194 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა თვეების მიხედვით სალაროს მინიმალური ფულადი ნაშთები, რაც შემცირდა შესაბამის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის (გარდა ხელფასისა) 10%-ით, მიღებული თანხა ჩაითვალა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, შემოწმებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17120 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 22 183 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №056-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17120 ბრძანება აღსრულებულია, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").