გადაწყვეტილება №18904/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 18904/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18904/2/2023

10.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: : მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ს 18.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18904/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 01.02.2023 წლის №1562 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: საურავი - 5 510.66 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2020-2021 წლების ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. დაზუსტების შემდგომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა საურავი 5 510.66 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა საურავის დარიცხვა 21.12.2022 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1562 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საურავი წარმოადგენდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანია საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან. იხდის პროცენტს და შესაბამისად მისთვის თითოეულ თეთრს აქვს მნიშვნელობა. მომჩივანი აპელირებს მის კეთილსინდისიერებაზე, ამბობს, რომ აღნიშნული გარემოება შეცდომა/არცოდნით იქნა გამოწვეული და ითხოვს დარიცხული საურავისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ზემოთაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი ასაჩივრებს დარიცხულ საურავს, რომლის დარიცხვის საფუძველია 2020-2021 წლების ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, რაც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.