ბრძანება N 17733

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.08.2025
№ დოკუმენტი 17733
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17733

06 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------------ის (ს/ნ -------------------)

(მის.: -------------------------------------)

2025 წლის 22 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვოსტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ -------------------) №97026/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №058-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის მიუხედავად დღგ-ის ჩათვლა არ მოხდა სრულყოფილად, რეალიზაციის მოცულობის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა საგადასახადო ვალდებულებების ადეკვატური კორექტირება წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. განმარტავს, რომ შემოწმებამ უნდა გაითვალისწინოს საქმიანობის ეკონომიკური შინაარსი და გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა გამოიყენოს დადგენილი საგადასახადო პრაქტიკა. კერძოდ, გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვა ანალოგიური შემოწმებების ფარგლებში გამოვლენილი პროპორცია შემოსავალსა და ფაქტობრივ ხარჯებს შორის მსგავს საქმიანობებში, რაც მოცემულ შემთხვევაში, ლოგიკურად მოითხოვს დღგ-ის ჩათვლის უფლების გაზრდას. სხვა შემთხვევაში ახსნა არ აქვს იმ გარემოებას, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის რეალიზაციის მოცულობა შეადგენს 98 000 ლარს, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი ნედლეულის ღირებულება 9 000 ლარია. მაშინ როდესაც იმ სექტორში, სადაც გადასახადის გადამხდელი საქმიანობს, ფასნამატი შეადგენს 35-50%. ითხოვს წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად გათვალისწინებას.

2. გადასახადოს გადამხდელის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა სანქციისგან, პირს მაინც ერიცხება საურავი. ითხოვს 2025 წლის 4 ივლისის №058-13 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული 875.29 ლარის ოდენობის საურავის სრულად გააუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10916 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №058-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 13 და 20 მაისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ -------------ის (ს/ნ -------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე)

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. იი/მ -------------ი (ს/ნ -------------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №058-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10916 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 20 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 18 953 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 ივლისის №058-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. შემოსავლების სამსახურის ბრძანებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.

. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახდელი დღგ შემცირდა 76,36 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე), ასევე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.

გადასახადის გადამხდელის არუგმენტთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით სანქციისგან გათავისუფლების მიუხედავად საურავის კვლავ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ, მე-2 და 21 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

2 1 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

მოცემული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საურავი ერიცხება კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელ გადასახადს და მისი დარიცხვა ჩერდება/წყდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან გათავისუფლდა აღნიშნული ბრძანების გამოცემის თარიღისთვის დარიცხული საურავის ფარგლებში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს №058-13 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავის სრულად გააუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №10916 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №058-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 13 და 20 მაისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით მომჩივანს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ასევე მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №058-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან .

შემოსავლების სამსახურის №10916 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 18 953 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №058-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)