ბრძანება N 20852

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.08.2023
№ დოკუმენტი 20852
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20852

23 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ “ (ს/ნ ------- )

(მის.: -------)

2023 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------" ) №82727/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №CB1485772 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 26 ივნისს კომპანიის მიერ მოხდა №"-------" განცხადების "ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალურიფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება"- რეგისტრაცია. ხოლო 4 ივლისს მოხდა მატერიალური მარაგების დათვლა და ნაგავსაყრელზე გადატანის პროცედურა. განცხადებაში მითითებული, ჩამოსაწერი მეორადი ტანსაცმლის რაოდენობა შეადგენდა 30150 კილოს, ხოლო ადგილზე მოსულმა საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა დაითვალეს და ნაგავსაყრელზე გადაატანინეს 2680 კილო.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ № "-------" განცხადების რეგისტრაციის მომენტში მოხდა სასაქონლო მატერიალური მარაგების არასწორი რაოდენობის მითითება და 3150 კილოს ნაცვლად ჩაიწერა 30150 კილო. ის, რომ განცხადებაში სასაქონლო მატერიალური მარაგების რაოდენობაში ზედმეტად იყო ჩაწერილი ერთი ციფრი (0) აღმოჩინეს 28 ივნისს, №სმფ-5701 ბრძანების პორტალზე ასახვის შემდეგ, როდესაც დაუკავშირდათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რათა შეეთანხმებინათ მარაგების დათვლის და ნაგავსაყრელზე გადატანის თარიღი და დრო. ამ ეტაპზე განცხადების გაუქმება ან კორექტირება ვერ ხდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, 2023 წლის 28 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით (ID: "-------") მიმართა შპს „------ - მ “ (ს/ნ "-------"), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 4 ივლისს გამოცემული იქნა №სმფ 5701/2 ბრძანება, რომლის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „----- -ს “ (ს/ნ "-------") მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2023 წლის 5 ივლისის ჩათვლით.

2023 წლის 4 ივლისს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე სადაც გადამხდელს ბრძანება ჩაბარდა და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.

გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ დანართ №24-ში მითითებული საქონელი დასახელებით „მეორადი ტანსაცმელი” ადგილზე დახვდათ 2680 კილოგრამი ნაცვლად 30150 კილოგრამისა. დანაკლისმა შეადგინა 27470 კილოგრამი, რომლის სააღრიცხვო ღირებულებამ სულ შეადგინა 29217.09 ლარი.

აღნიშნულზე 2023 წლის 4 ივლისს შედგენილი იქნა №CB1485772 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 29217.09 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ დანართ №24-ში მითითებული საქონელი დასახელებით „მეორადი ტანსაცმელი” ადგილზე დახვდათ 2680 კილოგრამი ნაცვლად 30150 კილოგრამისა.აღნიშნულზე შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

145(6),269(7),279.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი.