გადაწყვეტილება №21223/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.01.2024
№ დოკუმენტი 21223/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 21223/2/2023

17 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 2.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21223/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2018 წლის №081-294 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.11.2023 №24191 წლის ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 250 980 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 97 162

დღგ - -7 248

მოგების გადასახადი - -38 499

საშემოსავლო გადასახადი - 142 803

ქონების გადასახადი - 106

ჯარიმა - 122 249

საურავი - 31 569

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2018 წლის №081-294 საგადასახადო მოთხოვნა 17.07.2023 წელს და 15.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.11.2023 წლის №24191 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრები განუხილველი დარჩა საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2.11.2023 წლის №24191 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „--------“ (ს/ნ ---------) 2018 წლის 3 დეკემბრის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2018 წლის 6 დეკემბრის №34964 ბრძანებას და ამავე თარიღის №081-294 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2019 წლის 8 იანვარს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 17 ივლისს და 15 სექტემბერს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, ვლადიმერ შენგელია, საგადასახადო შემოწმების პერიოდში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე და შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ჩამორთმეული ჰქონდა. ამ პერიოდში მას არავის მიმართ არ გაუცია მინდობილობა საწარმოს ხელმძღვანელობის თაობაზე და საწარმოს ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა.

დირექტორის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში შპს „----------“ ქონება თაღლითური გზით იქნა გასხვისებული, ფულადი ანგარიშსწორების გარეშე მოხდა მისი რეგისტრაცია სხვა პირებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორმა მიმართა -----------ა/რ პროკურატურას, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმებისას უხეშად დაირღვა კანონის დანაწესი, საწარმოს დირექტორი ან კანონიერი წარმომადგენელი არ დასწრებია შემოწმების პროცესს. ითხოვს, 3.12.2018 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის №--------- წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს 6.12.2018 წლის №34964 ბრძანებას და ამავე თარიღის №081-294

საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 8.01.2019 წელს, აღნიშნული აქტების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 7.02.2019 წელი, საჩივარი შემოსავლების სამსახურს წარედგინა 17.07.2023 წელს და 15.09.2023 წელს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს 6.12.2018 წლის №34964 ბრძანებას და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 8.01.2019 წელს, აღნიშნული აქტების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 7.02.2019 წელი, საჩივარი შემოსავლების სამსახურს წარედგინა 17.07.2023 წელს და 15.09.2023 წელს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301;299(10);