გადაწყვეტილება №25257/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25257/2/2025
23 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 04.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25257/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის N 439 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2025 წლის N 125-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის N 9498 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 36 647.79 ლარი.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი, რეალიზაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 06.06.2024 წლის N 13422 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 627 778.45 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება, ფასნამატმა ნაცვლად 267.92%-სა შეადგინა 151.39%, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 627 778.45 ლარისა შეადგინა 366 477.90 ლარი.
სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გადასახადის გადამხდელს N CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 36 647.79 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2024 წლის N 24043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.12.2024 წლის N 24387/2/2024 (24.12.2024 წ. 03/94477) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის N 24043 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის N 439 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის N 439 ბრძანების აღსრულების შედეგად, დაკისრებული ჯარიმის თანხა არ შემცირებულა. აღნიშნულზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2025 წლის N 125-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.05.2025 წლის N 9498 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მომჩივანი მიწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 02.05.2025 წლის სხდომაზე, მაგრამ გადასახადის გადამხდელი დავების განხილვის საბჭოს სხდომას არ დაესწრო.
საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის N 439 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დანაკლისის ოდენობას და დადგენილ ფასნამატს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ფასნამატი დაფიქსირდა 151,39% რაც არარეალურია, რადგან გორში მეორად საბურავებზე ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 43%. მეორად საბურავების შემთხვევაში, არ შეიძლება დადგინდეს ყველა საბურავზე ერთი და იგივე ფასნამატი, ასევე ბევრია ისეთი საბურავები რომლებიც ძალზე დაბალ ფასნამატით იყიდება და ხშირ შემთხვევაში ხდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა.
აღნიშნავს, რომ ბუღალტერი გარდაიცვალა და 2023 წლის ბოლოს არსებული ნაშთში 2023 წლის დეკლარაციაში არის შეცდომით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური ნაშთისა და ფასნამატის დადგენით საგრძნობლად შემცირდება გამოვლენილი დანაკლისი და შესაბამისად ჯარიმა.
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2025 წლის N 125-4 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის N 9498 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის N 439 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფასნამატის გაანგარიშება განხორციელდა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების სრული მონაცემებიდან ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელმაც შეადგინა 151,39%.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, კერძოდ, 05.03.2025 წელს შესყიდულ იქნა მეორადი საბურავი 175/70 r 14 თანხით 60 ლარის ღირებულებით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ 4.06.2025 წელს წარმოდგენილ ინფორმაციაში (ელ-სასაქონლო ზედნადები N ------, N ------) აღნიშნული საბურავის ფასი შეადგენს 27,50 ლარს. ასევე მეორადი საბურავის 185-65-15 სარეალიზაციო ფასი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 50 ლარს, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში სარეალიზაციო ფასი შეადგენს 37,50 ლარს. დანართ N 16-ში, (ოქმი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის შესახებ) რომელსაც ავსებს მომჩივანი, მეორადი საბურავის 175/70 r 14 სარეალიზაციო ფასი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 60 ლარს, ხოლო მეორადი საბურავის 185-65-15 სარეალიზაციო ფასი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 50 ლარს.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის N 439 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2025 წლის N 125-4 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის N 9498 ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
მომჩივანმა არ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 286.