გადაწყვეტილება №20260/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2023
№ დოკუმენტი 20260/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20260/2/2023

16 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20260/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის №086-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15086 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 179 731 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 679

მოგების გადასახადი - 86 192

საშემოსავლო გადასახადი - 20 487

ჯარიმა - 55 348

საურავი - 17 704

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 21.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა (საბანკო ამონაწერები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია, წერილობითი ახსნა-განმარტება) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 470 000 ლარი. აღნიშნული თანხა ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არსებული ფულის ნაშთს (ფულის ნაშთი საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულია ანგარიშვალდებული პირზე, საწარმოს დირექტორზე). შემოწმების შედეგად საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტების საფუძველზე ზემოთაღნიშნული ფულის ნაშთიდან 350 000 ლარი (368 421 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განხილული იქნა შესაბამისი პერიოდის საწარმოს დამფუძნებელზე, ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ დივიდენდად. შესაბამისად გადაცემული თანხა საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე მუხლების და 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით, საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, გაცემული დივიდენდი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აგრეთვე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განაცემთა ინფორმაციის არასწორად წარდგენისთვის 100 ლარის ოდენობით. ხოლო 120 000 ლარი განხილული იქნა საწარმოს შესაბამისი პერიოდის დირექტორზე, ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ უპროცენტო სესხად.

შემოწმების შედეგად სესხად განხილული თანხა 120 000 ლარი საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწარმოს მიერ დაქირავებულ პირზე გაცემული სესხის პროცენტის სახით მისაღები სარგებელი განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად (წლიური საპროცენტო განაკვეთი 20%) გაანგარიშებული იქნა საწარმოს დირექტორის ---ზე (პ/ნ ---) მიერ მიღებული სარგებელი და დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის №086-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15086 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- 3 ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს სალაროს ნაშთის ხელფასისა და განაწილებულ მოგებად განხილვა. დარიცხვის საფუძვლად განხილულია ოთხი საკითხი. გადასახადის გადამხდელის მიერ გაზიარებულია ყველა დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი და პრეტენზია არ აქვს. თუმცა უნდა, რომ გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ საზოგადოება ეწევა კვების პროდუქტებით, სიგარეტებითა და სამეურნეო, წვრილმანი საქონლით ვაჭრობას ქ. ---ს გარეუბანში, რომ საზოგადოების მიერ აღიარებული ფასნამატი წარმოადგენს 17,5%-ს, მაშინ როცა ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ სავაჭრო ობიექტებში ფიქსირებული ფასნამატი 17,5%-ზე არსებითად ნაკლებია. კომპანია სისტემატურად გასცემს ხელფასებს და გაცემული ხელფასი მერყეობს 400 ლარიდან 3 125 ლარამდე. გადასახადის გადამხდელი რეგულარულად იხდის გადასახადებს და მას რეგისტრაციიდან, 23.09.2020-01.06.2023 წლების განმავლობაში ბიუჯეტში ჩარიცხული აქვს 161 191,63 ლარი. კომპანიას მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა.

გათვალისწინებულ უნდა იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ ის ფაქტი რომ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 პრიმა მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ ბათილად ცნოს მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა.

ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხია ის ფაქტი, რომ გაითვალისწინოთ არსებული პოზიცია, კერძოდ, კომპანიის მიერ აღიარებული ფასნამატის მაჩვენებელი, რომ კომპანიაში მოწესრიგებულია აღრიცხვა, რამაც ხელი შეუწყო და მისცა შემმოწმებელს საშუალება საგადასახადო შემოწმება დაემთავრებინა საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემიდან თვენახევრის განმავლობაში, რომ კომპანია სისტემატიურად იხდის გადასახადებს და რომ გადასახადების შემცირება, რაც გახდა გადასახადის გადამხდელზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის საფუძველი, განხილულ იქნას, როგორც გადასახადის გადამხდელის შეცდომა/არცოდნა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას საგადასახადო სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის №086-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15086 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 291; 272; 269 (7).