გადაწყვეტილება №21814/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2024
№ დოკუმენტი 21814/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21814/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 და 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 8.01.2024 და 13.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21814/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14642 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32118 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 683 225.21 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 365 954

დღგ - 260 788

მიწა - არასასოფლო - 886

მოგების გადასახადი - 43 371

საშემოსავლო გადასახადი - 59 996

ქონების გადასახადი - 913

ჯარიმა - 180 449

საურავი - 136 822.21

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს -------, -------. აშენებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები. მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. შემოწმების განხორციელების პერიოდისთვის მიმდინარეობდა ეზოს და კორპუსის საერთო სარგებლობის ფართების ბოლო სამუშაოები.

აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №15434 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება

შემოწმების შედეგები აისახა 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად არ აწარმოებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს საბანკო ამონაწერების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არასრულად/არასწორად ხდებოდა დამატებული ღირებულებით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება (მ/შ მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად. შემოწმების შედეგად განისაზღვრა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით.

ასევე დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 4 ერთეული საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ფიზიკურ პირებზე (3 ბინა 2021 წლის ოქტომბერში, 1 ბინა 2022 წლის იანვარში). მოცემული პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა გადამხდელის სარეალიზაციო საშუალო ფასის გათვალისწინებით (350 აშშ დოლარი) როგორც დღგ-ის, ასევე მოგების გადასახადის მიზნებისთვის.

შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ (როგორც რეალიზებული, ასევე უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში) და ამავე კოდექსის 983 მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადი უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ნაწილში. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 19.05.2022 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, მდებარე -------, ------- მისამართზე ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, 1.04.2022 წლისთვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 286 100 ლარს. საწარმოს დირექტორის 3.08.2022 წლის წერილის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა (აგროსილი 357 625 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, ხელფასად დაკვალიფიცირებულ თანხებთან მიმართებაში, შემოწმების მიერ განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 71 525 ლარი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- 2018 წელს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა მათთვის საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების გადაცემა, რაც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (გარდა შეთანხმების შესაბამისად ერთი გადასაცემი ბინის). საწარმოს მიერ აღნიშნული ბარტერის ოპერაციების შესაბამისი დეკლარირება არ განხორციელებულა. შემოწმების შედეგად განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების და ავტოსადგომების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის კომპანიის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართების რაოდენობის (კვ.მ.) პროპორციულად მთლიან ფართთან მიმართებაში. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 164-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე გადაცემული/გადასაცემი ფართების სრულად ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. (მშენებლობის დასრულებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით 2018 წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გადაცემული ფართების დაბეგვრა გადამხდელის მიერ არ არის განხორციელებული (მათ შორის ხარჯის პროპორციულადაც). შესაბამისად, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს აღნიშნული ფართებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება).

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14642 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან (რეალიზებულ ბინებზე დღგ-ის დარიცხვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 (უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან) და მე-4 სადავო საკითხებთან (მიწის სანაცვლოს გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14642 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14642 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 29.09.2023 წლის დასკვნა, რომლითაც გადაანგარიშების ეტაპზე სულ შემცირებას დაექვემდებარა 54 167 ლარი, მათ შორის გადასახადი 36 110 ლარი და ჯარიმა 18 057 ლარი.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №26501 ბრძანება და ამავე თარიღის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 24.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე და მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებზე განსაზღვრული ვალდებულებები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ბინების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მომენტში (2021 წლის ოქტომბერი, 2022 წლის თებერვალი) გაწეული იყო ყველა ძირითადი ხარჯი (01.01.2022 წლისთვის-93%), ხოლო მიწის მესაკუთრეებზე ბინების გადაცემასთან დაკავშირებით დღგ-ით დაბეგვრა განხორციელებულია საჯარო რეესტრში საკუთრების დარეგისტრირების მომენტისთვის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯს+10%, რეგისტრირებული ფართების პროპორციულად, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. ხოლო, სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირების საფუძველზე, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მიწოდება განხორციელებულია დღგ-ის ახალი რეგულაციის პერიოდში, თუმცა არ ცვლის დასაბეგრ დროს, რომელიც უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების მომენტით და არა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მომენტით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ის მუხლის 48-ე პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან მიმართებაში სწორედ ექსპლუატაციაში მიღების მომენტია დასაბეგრ დროდ განსაზღვრული:

„თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში“.

სწორედ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული საკანონმდებლო საფუძვლით კომპანია და დავების თავდაპირველი გადაწყვეტილებაც (ასე იქნა წაკითხული დავების გადაწყვეტილება) მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაციები უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის ახალი რეგულაციით და ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებს არ ახლავს არც წინასწარი გადახდა (ავანსის საკითხი) და არც 2021 წლამდე არ მომხდარა რაიმე ფორმით ამ ოპერაციების დაბეგვრა, ამასთან, ვინაიდან უსასყიდლო გადაცემა მოხდა 2021 წლის ოქტომბერში 3 ბინის და 2022 წლის თებერვალში ერთი ბინის, მისი დაბეგვრა უნდა განხორციელებულიყო ახალი რეგულაციით უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

რაც შეეხება, ექსპლუატაციის საკითხს, შემოწმება განხორციელდა 1.04.2022 წლის მდგომარეობით. ამ პერიოდისთვის მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები, აღნიშნულს ადასტურებს 2022 წლის იანვრის ფეისბუქ პოსტი მშენებლობის პროგრესის შესახებ (სადაც ნათლად ჩანს რომ ფასადი არაა მოწესრიგებული და მინები არ არის დამონტაჟებული) და მჩუქებლის განცხადებები, სადაც ნახსენებია, რომ 1.04.2022 წლის მდგომარეობით მჩუქებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციაში, კერძოდ:

√ ელექტრო და სატელეკომუნიკაციო გაყვანილობების ძირითადი დგარები;

√ წყლის და კანალიზაციის ძირითადი დგარები;

√ მოწესრიგებული, მოპირკეთებული საერთო სარგებლობის ფართები და სადარბაზოები;

√ მოწესრიგებული და დასრულებული სახლის ფასადი;

√ სრულად არ იყო შიდა ტიხრები აშენებული.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 31.03.2022 წელს განხორციელდა კომპანიის შემოწმება შრომის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რომლის საფუძველზეც გამოიცა 14.04.2022 წლით დათარიღებული მითითება №003636/ო და 18.04.2022 წლით დათარიღებული ოქმი №003636, რაც დასრულდა კომპანიის გაფრთხილებით შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. აღნიშნული შემოწმება შრომის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ადასტურებს, რომ ამ პერიოდისთვის ობიექტზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2022 წლის ნოემბრის თვეში, შესაბამისად ზემოხსენებული უსასყიდლოდ გადაცემული ბინები კომპანიის მიერ დაბეგრილია შენობის ექსპლუატაციის მიღების მომენტში, 2022 წლის ნოემბერში.

შემოსავლების სამსახურის ახალი (20.12.2023 წლის) გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მის წინა, 26.06.2023 წლის №14642 ბრძანებასთან და ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ, სასყიდლით ან/და ბარტერული ოპერაციით გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრი დრო უნდა განისაზღვროს ერთი პრინციპით, მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტით ანუ ამ შემთხვევაში 2022 წლის ნოემბერით. შემოწმების მასალებით კი სასყიდლიანი ოპერაციების მიწოდების დროდ განსაზღვრულია შენობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტი, ხოლო უსასყიდლო და ბარტერული ოპერაციების შემთხვევაში, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის 2021 წლის შემდგომ მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე პუნქტთან.

შემოწმების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ 2018 წელს განხორციელებული იყო ბარტერის ხელშეკრულებით უძრავი ქონების რეგისტრაცია ერთ-ერთ მიწის მესაკუთრეზე. აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომელიც ასევე აქტშია ასახული, იყო რომ აღნიშნული გადაცემის დაბეგვრა საწარმოს განეხორციელებინა შენობის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად ორაზროვნად არის ერთი და იგივე ოპერაციებზე სხვადასხვა პერიოდების საკანონმდებლო აქტები გამოყენებული.

ასევე, ბუნდოვანია შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32118 ბრძანებაში მითითებული ის გარემოება, რომ 1.01.2022 წლის მდგომარეობით, მშენებლობის ძირითადი ხარჯის 93% უკვე გაწეული იყო.

აღნიშნული გაწეული ხარჯის პროპორციის კალკულაცია არ მომხდარა გადამხდელთან შეთანხმებით და სინამდვილეში ეს ხარჯი 80%-ს არ აღემატებოდა არათუ 2022 წლის 1 იანვრის, არამედ 2022 წლის 1 აპრილის (შემოწმების პერიოდის) მდგომარეობით. თუმცა შემოწმების მიერ მითითებული სამშენებლო ხარჯის პროცენტი რომც ასახავდეს ფაქტობრივ გარემოებას, გაუგებარია 93% რატომ წარმოადგენს ექსპლუატაციაში შესვლის მომენტს. მაშინ იმავე ლოგიკით 50%-ს ზემოთ გაწეული ნებისმიერი ხარჯი წარმოადგენს ძირითად ხარჯს მშენებლობისთვის და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სადაო გახდეს ექსპლუატაციაში შესვლის მომენტი. არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რაც მიუთითებს დანახარჯების გარკვეულ პროცენტებზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ექსპლუატაციაში შესვლად. გასათვალისწინებელია ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების პერიოდი მოიცავდა 1.04.2022 წლის მდგომარეობით, აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება დაიწყო 2022 წლის ივნისში, აღნიშნულ თვეში მოახდინა ობიექტის დათვალიერებაც, ამ პერიოდში კი, რა თქმა უნდა შენობა იმყოფებოდა ბევრად კარგ მდგომარეობაში, ვიდრე იმ პერიოდებში, როცა დამატებითი დარიცხვები განხორციელდა უსასყიდლო მიწოდებებისას და ბარტერის ოპერაციისას. აღნიშნული მიდგომით (მშენებლობის ძირითადი დანახარჯები, ნაცვლად მშენებლობის ექსპლუატაციისა), სასყიდლიანი მიწოდების შემთხვევაშიც დაბეგვრა უნდა განხორციელებულიყო იგივე პრინციპით.

ყიდლიანი მიწოდების შემთხვევაშიც დაბეგვრა უნდა განხორციელებულიყო იგივე პრინციპით. ამასთან, ბარტერით და უსასყიდლოდ განხორციელებული მიწოდებები საწარმოს დაბეგრილი აქვს 2022 წლის ნოემბრის საოპერაციო თვეში, როდესაც შენობა შევიდა ექსპლუატაციაში.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს შემაჯამებელი პოზიციას უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების მომენტთან დაკავშირებით, უსასყიდლო ოპერაციისა და ბარტერის დაბეგვრისას დროის განსაზღვრის მიზნით:

√ შემოწმება განხორციელდა 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე, ამ დროისთვის კორპუსი იყო მშენებარე, დაუსრულებელი, არ იყო დამონტაჟებული კარ-ფანჯრები, არ იყო კიბის უჯრედები, თავისთავად არ იყო კომუნიკაციები, ელექტროენერგია და გაზი;

√ აშენებული კორპუსი ექსპლუატაციისათვის (საცხოვრებელი და სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის) მზად იყო 2022 წლის ნოემბერში, ამიტომ იმ მიწოდებული უძრავი ქონების დღგ-ით დასაბეგრ დროდ, რომელთა მიმართაც არ იყო დამდგარი დაბეგვრის საჭიროება მანამდელ პერიოდზე, განისაზღვრა 2022 წლის ნოემბერი;

√ შესაბამისად სხვა დასაბეგრ ოპერაციებთან ერთად აღნიშნულ საკითხში წარმოდგენილი ოპერაციებიც 2022 წლის ნოემბერში იქნა დაბეგრილი;

√ ასევე, 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში განხორციელებული ნებისმიერი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (სასყიდლიანის, უსასყიდლოს, ბარტერის შემთხვევისას მიწოდებული) დაბეგვრის დრო, მოქმედი კანონმდებლობით, არ შეიძლება იყოს სხვადასხვა დაბეგვრის პერიოდი და თუ მიიჩნევა, რომ ბარტერისა და უსასყიდლო ოპერაციების დროს სხვა დასაბეგრი დრო უნდა იყოს, ითხოვს მიეთითოს საკანონმდებლო საფუძველი;

√ შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მათი აუდიტში განსახილველად უკან დაბრუნების შემთხვევაში, მინიმუმ გადამხდელთან უნდა ხდებოდეს საკითხის განხილვა და ასევე, საკითხის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან უნდა მოხდეს საფუძვლიანი დასაბუთება, თუ რატომ დატოვა იგივე სტატუსით საკითხები, რომლებიც დავების საბჭომ დაუბრუნა უკან. უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილებებს აკლია არგუმენტაცია.

ამასთან, წარმოადგენს მესაკუთრეების განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის მესაკუთრეებს ბინების გაფორმების მომენტისათვის მიღებული ბინები არ იყო ექსპლუატაციაში შესული და სადაც ნახსენებია, რომ 1.04.2022 წლის მდგომარეობით მიწის მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციაში, კერძოდ არ იყო მოწესრიგებული: ელექტრო და სატელეკომუნიკაციო გაყვანილობების ძირითადი დგარები; წყლის და კანალიზაციის ძირითადი დგარები; არ იყო მოწესრიგებული და მოპირკეთებული საერთო სარგებლობის ფართები და სადარბაზოები; არ იყო მოწესრიგებული და დასრულებული სახლის ფასადი; სრულად არ იყო შიდა ტიხრები აშენებული.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირების საფუძველზე განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის კორექტირება, თუმცა ადგილი აქვს ტექნიკურ უზუსტობას. შემცირება არ განხორციელდა აგროსილი თანხებიდან, აღებულია ნეტ თანხებიდან. კერძოდ, ჯამში შესამცირებელი იყო საშემოსავლო გადასახადი 25609 ლარით (6666+998+17945), ნაცვლად 20 485 ლარისა. შესაბამისად, ითხოვს საშემოსავლო გადასახადის დამატებით 5 124 ლარით შემცირებას ჯარიმასთან ერთად.

წარმოადგენს აღნიშნული მონაცემის დათვლის ტექნიკას:

● გადათვლილი აქტის 1.2 საკითხის მიხედვით დღგ-ის ბრუნვა დაკორექტირდა 22 597 ლარით და დღგ შემცირდა 4 067 ლარით. აღნიშნული ოპერაციის საშემოსავლო გადასახადია 22597*1.18/0.8*0.2=6 666 ლარი.

● გადათვლილი აქტის 1.3 საკითხის მიხედვით დღგ-ის ბრუნვა დაკორექტირდა 3 383 ლარით და დღგ შემცირდა 608 ლარით. აღნიშნული ოპერაციის საშემოსავლო გადასახადია 3383*1.18/0.8*0.2=998 ლარი.

●გადათვლილი აქტის 1.6 საკითხის მიხედვით დღგ-ის ბრუნვა დაკორექტირდა 60 830 ლარით და დღგ შემცირდა 10 949 ლარით. აღნიშნული ოპერაციის საშემოსავლო გადასახადია 60830*1.18/0.8*0.2=17 945 ლარი. მომჩივნის მიერ წარმოდგენილია დამატებითი ახსნა-განმარტება:

1. ფიზიკურ პირებს უსასყიდლოდ გადაეცა 4 ბინა (3 ბინა 2021 წლის ოქტომბერში, 1 ბინა 2022 წლის იანვარში). ოპერაცია მიეკუთვნება 2021 წლის შემდგომ პერიოდს და ეხება ამ პერიოდის რეგულაციებს (ავანსის თემა ამ ოპერაციას არ ახლავს);

2. დღგ-ის ახალი რეგულაციით მშენებარე ობიექტზე უძრავი ქონების მიწოდებისას დაბეგვრის დროდ განისაზღვრება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი;

3. სამშენებლო კომპანიებისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებაც ისეთივენაირი მიწოდებაა, როგორც სასყიდლიანი, კანონმდებლობაში რაიმე განსხვავებული ჩანაწერი არ არსებობს და მის მიმართ განსხვავებული რეგულაციის გამოყენება არაკანონიერია, მშენებლობისთვის უსასყიდლო მიწოდება ამ სფეროში არსებული რეგულაციებით იმართება და არა ჩვეულებრივი საქონლის მიწოდების რეგულაციით;

4. სასყიდლიანი და უსასყიდლო მიწოდებების ერთ კონტექსტში განხილვა იმითაცაა მართებული, რომ ორივე შემთხვევაში (ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებებში) მშენებლის ვალდებულებები ერთნაირადაა გაწერილი, მან ქონების მიმღებს ფართები უნდა ჩააბაროს დასრულებული კონდიციით, ამის დამადასტურებლად წარმოადგენს შესაბამის ხელშეკრულებებს, სადაც მშენებლის ვალდებულებაა, ისეთივე კონდიციაში ჩააბაროს ბინები, როგორც სასყიდლიანი მიწოდებების შემთხვევაშია გაწერილი, ამასთან დაკავშირებით ასევე წარდგენილი იყო მჩუქებლის მიერ ნოტარიულად დამოწმებული დასტური იმის შესახებ, რომ მისი ბინა არათუ ხელშეკრულების გაფორმების, არამედ შემოწმების პერიოდის ბოლოსთვისაც არ იყო ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე მიყვანილი და მას ჩუქების ობიექტი მიღებული არ ჰქონია ამ პერიოდისათვის (დამატებით წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებებს და ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას);

5. და თუ საწინააღმდეგოს ამტკიცებს ვინმე, მაშინ როგორ უნდა მოხდეს დაბეგვრა ახლა დაწყებულ მშენებლობაში ჰაერზე გაცემული ფართების შემთხვევაში? რატომ უნდა ჩაითვალოს ან ვინ მიიღებს ასეთ საჩუქარს იმ კონდიციაში, რა კონდიციაშიც ის იქნებოდა საჩუქრის მიღების მომენტში? ასეთი რამ პრაქტიკაში არ ხდება, მშენებლობაში ჩუქება და უსასყიდლო მიწოდება ხდება საბოლოოდ დასრულებული უძრავი ქონების და არა ჩუქების მომენტში არსებულის;

6. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასყიდლიანი ფართები შემოწმების პერიოდში არ არის დაბეგრილი (გარდა ავანსების შემთხვევისა) და აღნიშნული უსასყიდლო ფართები შემოწმების შემდგ პერიოდშია დაბეგრილი სასყიდლიან ფართებთან ერთად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს კონკრეტულად მიეთითოს და საფუძვლიანად დასაბუთდეს, რა საკანონმდებლო მოთხოვნის საფუძველზე მიიღება განსხვავებული გადაწყვეტილება. იმედოვნებს, რომ მიღებული იქნება ობიექტური და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14642 ბრძანებით:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნით:

1. საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ ს/კ -------, ს/კ -------, ს/კ ------- და ------- უძრავ ქონებებთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნული საკითხი დაზუსტდა, კერძოდ განმარტა, რომ შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება;

- გადასახადის გადამხდელის მიერ ს/კ ------- (-------) ბინასთან დაკავშირებით გასაჩივრების ეტაპზე წარდგენილია მყიდველის მიერ თანხის გადახდის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერი (7.02.2023წ., 21 205.23 ლარი (8025 აშშ დოლარის ექვივალენტი)). წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) ხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

- გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი (მოცემულ შემოწმებას დაქვემდებარებულ შესამოწმებელ პერიოდამდე საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების გაშიფვრა საკადასტრო კოდების მიხედვით) ინფორმაციის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) ს/კ ------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

- გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარდგენილია ს/კ ------- (-------) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერები (26.10.2022წ., 61 095.95 ლარი და 27.02.2023წ., 2 633 ლარი). (აღსანიშნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ფართის გადაფორმებისას წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებაზე არც გადახდის გრაფიკი ჰქონდა დართული და არსად მითითება არ ფიქსირდებოდა თანხის გადახდის ვადაზე. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელს არც მყიდველთან გაფორმებული შეთანხმება წარმოუდგენია თანხის გვიან გადახდაზე). დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) ხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე ნაწილზე და ვინაიდან აღნიშნული ქონებების გადაცემა განხორციელებულია 2021 წლის ოქტომბერში, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

3. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, მოცემულ დასკვნაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

4. მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილზე და აღნიშნული ნაწილით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

21.03.2024 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მშენებლობა დაწყებულია 2021 წლამდე, ბინები გადაცემულია 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ, შემოწმება შეეხო 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე საანგარიშო პერიოდს. 1.01.2021 წლიდან შემოწმების დასრულებამდე მშენებლის მიერ ბინები გადაცემული იყო სასყიდლიანი ხელშეკრულებებითაც, რაც შემმოწმებელს არ დაუკორექტირებია. თუმცა, ამავე პერიოდში ბარტერით და უსასყიდლოდ გადაცემული ბინები დაიბეგრა გადაცემის მომენტში, კერძოდ 2021 წლის ოქტომბერში გადაცემულია 3 ბინა და 2022 წლის იანვარში გადაცემულია კიდევ ერთი, მე-4 ბინა. ითხოვს ბარტერით და უსასყიდლოდ ბინების გადაცემის ოპერაცია დაიბეგროს იმ პირობებით, როგორც დაბეგრილია სასყიდლიანი გადაცემა. კომპანიას აღნიშნული ოპერაცია დეკლარირებული და დაბეგრილი აქვს 2022 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში (შესამოწმებელი პერიოდის მიღმა). ასევე, მისთვის ბუნდოვანია შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32118 ბრძანებაში მითითებული გარემოება, რომ 1.01.2022 წლის მდგომარეობით, მშენებლობის ძირითადი ხარჯის 93% უკვე გაწეული იყო, რატომ ნიშნავს აღნიშნული უპირობოდ მიწოდებას გაუგებარია. 2022 წლის ნოემბერში დასრულდა მშენებლობა, განხორციელდა მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის გამრიცხველიანება, ეზოს კეთილმოწყობა. საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს 19.01.2022 წლის მდგომარეობით კომპანიის ფეისბუქ გვერდზე დადებულ შენობის სურათს, სადაც ნათლად ჩანს ბოლო ორი სართულის შესასრულებელი სამუშაოები (არ არის გალესილი, არ არის ჩასმული ფანჯრები, მოპირკეთებული და ა.შ.). ასევე, წარმოადგენს ბარტერის სახით გადაცემული ბინების მფლობელთა ნოტარიულად დადასტურებულ განცხადებებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ 1.04.2022 წლის მდგომარეობით არ ჰქონდათ მიღებული (ჩაბარებული) ბინები. რაც შეეხება, უსასყიდლო მიწოდებას, მისი საფუძველი იყო ხელშეკრულება მხარეებს შორის, რომლითაც ნაკისრი იყო მშენებლობის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის ვალდებულება და რომლის არ შესრულების შემთხვევაში განხორციელდებოდა თანხის გადახდა, რაც შესაძლოა არ არის მითითებული ხელშეკრულებაში თუმცა სიტყვიერად შეთანხმდებოდნენ მხარეები. ურთიერთდამოკიდებული პირები არ იყვნენ და თუ რატომ გადაეცათ უსასყიდლოდ ბინები, ეს კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ითქმის. ამდენად, ვინაიდან ბინების უსასყიდლო გადაცემა განხორციელდა 2021 წლის ოქტომბერში და 2022 წლის თებერვალში მისი დაბეგვრა უნდა მომხდარიყო ახალი რეგულაციით უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, 2022 წლის ნოემბერში. ასევე, მომჩივანმა განმარტა, რომ საშემოსავლოს გადასახადი შემცირდა დღგ-ის თანხიდან და აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოწმების შედეგად განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის კომპანიის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართების რაოდენობის (კვ.მ.) პროპორციულად მთლიან ფართთან მიმართებაში. ამასთან, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე გადაცემული/გადასაცემი ფართების სრულად ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. (მშენებლობის დასრულებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით 2018 წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გადაცემული ფართების დაბეგვრა გადამხდელის მიერ არ არის განხორციელებული (მათ შორის ხარჯის პროპორციულადაც). შესაბამისად, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს აღნიშნული ფართებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება). რაც შეეხება შემოწმებას, გადასახადის გადამხდელის მიმართ დაინიშნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემმოწმებლებმა ივლისის თვეში ადგილზე შეაფასეს შენობა, რომელშიც ცხოვრობდა მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა და რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს ხარჯი აღნიშნული პერიოდის შემდგომ არ გაუწევია. თუ ხელშეკრულების მიხედვით ბინის გადაფორმებისას თანხები გადახდილი იყო სრულად, აღნიშნული დაიბეგრა სრულად. რიგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელმა შემდგომ პერიოდში დამატებით წარადგინა პირების მიერ გაცემული დასტური, რომ არ ჰქონდათ გადახდილი სრულად თანხა და აღნიშნულის საფუძველზე, რადგან ორივე მხარე თანხმდებოდა რომ სრულად არ იყო გადახდილი თანხა, განხორციელდა გადაანგარიშება და დარიცხული თანხის შემცირება. თუ თანხა გადახდილი იყო ავანსად დაბეგრილია ავანსად, ხელშეკრულებაში თუ ეწერა რომ თანხა სრულად იყო გადახდილი თუმცა საბანკო ამონაწერში არ ჩანდა აღნიშნული ოდენობის ჩარიცხვა, არ არის დაბეგრილი. სასყიდლიანი გადაცემის შემთხვევაში გადახდილი იყო ავანსები და სრულად ღირებულება დაფარული არ იყო, დარჩენილი თანხები დაიბეგრა აპრილის თვეში. ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის დრო განსაზღვრულია მესაკუთრეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტი და არა მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი (მათ შორის მომჩივნის მიერ მითითებული ტექნიკური ხარვეზი) საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32118 ბრძანება;

3. საჩივრები დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14642 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად არ აწარმოებს; არასრულად/არასწორად ხდებოდა დამატებული ღირებულებით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება. შემოწმების შედეგად განისაზღვრა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბინები უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ფიზიკურ პირებზე. მოცემული პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა გადამხდელის სარეალიზაციო საშუალო ფასის გათვალისწინებით როგორც დღგ-ის, ასევე მოგების გადასახადის მიზნებისთვის.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რაც განსხვავდება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციისგან. სალაროს ბუღალტრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

2018 წელს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა მათთვის საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების გადაცემა, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საწარმოს მიერ აღნიშნული ბარტერის ოპერაციების შესაბამისი დეკლარირება არ განხორციელებულა. შემოწმების შედეგად განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების და ავტოსადგომების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა.

შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983; 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი -160; 161