ბრძანება N 5202
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5202
17.03.2023
შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ქ. თბილისი, ---------------;
2023 წლის 30 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 30 იანვრის №78726/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №006-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაერიცხათ თანხები, რომელიც გასაჩივრდა. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი, თუმცა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით გაფორმდა შეთანხმება, რომელიც შესრულებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის განმარტებით, გაუგებარი და უკანონია შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნის, შესაბამისი ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა, რომლითაც გადამხდელს დაერიცხა თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18374 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (---------ის მიერ საკმარისი სამუშაო კაპიტალით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით) გათვალისწინებთ დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18374 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 23 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 იანვრის №006-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 დეკემბრის №2215 განკარგულების საფუძველზე, გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის - დეკემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება №ა ----, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 490 650 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის - სექტემბრის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 490 650 ლარით. შეთანხმების მიხედვით, პირს საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა განესაზღვრა შეთანხმების გაფორმებიდან 2 კალენდარული დღე, რაც შესრულებულ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის - იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნა, რომლის თანახმადაც, დარიცხული თანხები შესწავლა/კორექტირებას აღარ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 დეკემბრის №2215 განკარგულების საფუძველზე,შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის -- დეკემბერს გაფორმდა №ა ----- საგადასახადო შეთანხმება, რაც შესრულებულ იქნა.
შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ, შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება დაუშვებელია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასაჩივრებული თანხები შესწავლა/კორექტირებას არ დაექვემდებარა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშნებელის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.