ბრძანება N 3741
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3741
28.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ქ.------------------------)
2023 წლის 17 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 17 იანვრის №78153/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №005-186 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვის სრულად გაუქმებას. მომჩივანი აცხადებს, რომ შემმოწმებელმა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაანგარიშებისას, როგორც მტკიცებულება, გამოიყენა 2021 წლის 10 დეკემბერს შედგენილი მიღება ჩაბარების აქტი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი შპს „-----------“ მიერ არ არის გაფორმებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41152, 2022 წლის 22 მარტის №7235 და 2022 წლის 21 აპრილის №10360 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 17 მაისიდან 2022 წლის 20 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №32028 ბრძანება და ამავე თარიღის №005-186 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 30 184 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 374 ლარი, ჯარიმა 12 914 ლარი, საურავი 1 896 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე გაფორმებული ხელშეკრულებებითა და სხვა დოკუმენტაციით ირკვევა, რომ იგი ახორციელებს წყლის ჭებისა და ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებს, იჯარით აღებული ტექნიკის გაქირავებას, მასალის მიწოდებას და სხვა სახის მომსახურებებს. მომსახურებას წევს როგორც სახელმწიფო ტენდერების, ასევე კერძო დაკვეთების ფარგლებში.
შემოწმების მიერ გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზისას ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში შპს „-------ს“ გაწეული მომსახურების შესაბამისად (რაც დასტურდება გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე 2021 წლის 10 დეკემბრის მიღებაჩაბარების აქტით, რომელზეც არ არის გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა) არ აქვს განხორცილებული საგადასახადო დეკლარირება. გადამხდელს დაუკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების შესაბამისად და დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება. გადამხდელს რიგ შემთხვევაში გაწეული აქვს მომსახურება, თუმცა მის მიერ საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების (საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები და 2021 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი) საფუძველზე დაკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2021 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით, შემოწმება დაეყრდნო და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე, კერძოდ, ხელშეკრულებების, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის, საბანკო გადარიცხვის შესახებ არსებული საგადასახადო დავალების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია თვითმმართველი ერთეულის -----------ის მუნიციპალიტეტსა და შპს “------------“ შორის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია შპს “----------ის“ დირექტორის და ----------ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ მომხდარა დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მ.შ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტაციის) შემოწმებისთვის წარდგენა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.