ბრძანება N 12481
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12481
05.06.2023
ი/მ ---------- (ს/ნ --------)
(მის.: -------------)
2023 წლის 14 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ --------- (ს/ნ ----------) №80950/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №CB1460858 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 27 მარტს --------- ------- ქუჩა №---დან, ------- ------ს გზატკეცილი მისამართზე ახდენდა კუთვნილი ხე-მასალის მიწოდებას ერთ-ერთ კომპანიაზე, რომელზეც გაწერილი იყო სასაქონლო ზედნადები (42.78 მ3 ფიცარი/ ძელაკი), შესაბამისი ელექტრონული ცნობების შესაბამისად. საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის მიერ მოხდა აღნიშნული საქონლის შემოწმება რის შედეგად (ექსპერტების დათვლით) აღმოჩნდა 39 მ 3 მასალა. 2.38 მ 3 ჩათვალეს ზედმეტად გაწერილ ცნობად, რის შედეგად დაჯარიმდა და აღნიშნული მასალა ჩამოერთვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 28 მარტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 10:27 საათზე, ქ. -------, --------ს გზატკეცილზე, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით --------, რომლითაც ---------- (პ/ნ ---------) ახორციელებდა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, დახერხილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას.
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში (ORACLE) გადამოწმებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ ი/მ --------- (პ/ნ ---------) მიერ გამოწერილ ზედნადებში №------- მითითებული იყო ცხრა ცნობის ნომერი ჯამში 48.73 მ.კუბ ხე-ტყის მასალაზე (ფიცარი), რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ქ. -------, ------ №---დან - ქ. ----------, სოფელი ------ მიმართულებით. ცხრა ცნობის ნომრიდან, 2 ცნობის ნომერში (0001833-2022- 315-0002; 0001833-2022-316-0001), დაფიქსირდა შეუსაბამობა. კერძოდ გარემოს დაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცნობის ნომრით (0001833- 2022-315-0002) სულ გაცემული არის 8.08 მ. კუბი ხე-ტყის მასალა (ფიცარი), საიდანაც განაშთული არის უკვე 5.7 მ.კუბი. ხოლო ცნობის ნომრით (0001833-2022-316-0001) სულ გაცემული არის 11.96 მ. კუბი ხეტყის მასალა (ფიცარი), საიდანაც განაშთული არის უკვე 6.26 მ.კუბი. შესაბამისად ი.მ ------- (პ/ნ -------) აღნიშნული ცნობის ნომრებით დარჩენილი ჰქონდა 8.08 მ.კუბი ხე-ტყის მასალა (ფიცარი), თუმცა დღევანდელი გადამოწმების შედეგად, აღნიშნული ცნობის ნომრებით ახდენდა 10.46 მ.კუბი ხე-ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას, რასაც ცდომილებაში მოვყავართ 2.38 მ.კუბთან.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დახერხილი ხის მასალის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დასადგენად მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა.
№57261/03/23 ექპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე განთავსებულია წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა (ფიცარი), ჩამოგანული, თითოეული ზომით: 6 მ; სისქით 0.05-0.10მ, სიგანით 0.12-0.20მ. ხე-მასალა აიზომა გეომეტრიულად ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე, აზომვების შედეგად მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 39.3 კუბ.მ. საიდანაც ექსპერტების მიერ გამოიყო 2.38 კუბ.მ. ხე-მასალა.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხე-მასალის შესაფასებლად ექსპერტების მიერ გამოყენებული იქნა შეფასების შედარების მეთოდი. ღირებულების დადგენისას ექსპერტების მიერ გათვალისწინებული იქნა ანალოგიური საქონლის ყიდვა–გაყიდვის–შეთავაზების საბაზრო ინფორმაცია, რაოდენობრივი დონე, ასევე თავისუფალ წყაროებზე განთავსებული ინფორმაცია მსგავსი საქონლის საბაზრო ღირებულებაზე მაქსიმალურად მიახლოებული შეფასების თარიღისათვის.
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ერთი კუბური მეტრი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი), საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 850 ლარი.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1460858 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ახორციელებდნენ ი/მ -ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, დახერხილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას.
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში (ORACLE) გადამოწმებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ ი/მ მიერ გამოწერილ ზედნადებში მითითებული იყო ცხრა ცნობის ნომერი ჯამში 48.73 მ.კუბ ხე-ტყის მასალაზე (ფიცარი). ცხრა ცნობის ნომრიდან, 2 ცნობის ნომერში დაფიქსირდა შეუსაბამობა, რასაც ცდომილებაში მოვყავართ 2.38 მ.კუბთან.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დახერხილი ხის მასალის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დასადგენად მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა.
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ერთი კუბური მეტრი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი), საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 850 ლარი. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4), 269, 270, 286(12), (5).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 994 ბრძანება.