გადაწყვეტილება №26551/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2026
№ დოკუმენტი 26551/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№26551/2/2026

20 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 1.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26551/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5289 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივლისის №094-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ნოემბრის №25904 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 372 593.78 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 230 159

დღგ - (-447 685)

მიწა - არასასოფლო - (-234)

მოგების გადასახადი - (-385 506)

საშემოსავლო გადასახადი - 2 059 584

ქონების გადასახადი - 4 000

ჯარიმა - 1 316 538

საურავი - 825 896.78

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ტენდერების ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №7249 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა. შესაბამისად, არ მომხდარა საგადასახადო ორგანოსთვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მ.შ. ინფორმაცია ბანკებიდან) მოწოდება. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №2475 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულის ტოლად. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებით 1.01.2021 წლის მდგომარეობით ფიქსირდება ფულის ნაშთი 293 707 ლარის ოდენობით, ასევე, დებიტორული დავალიანების ნაშთი - 536 519 ლარი და დავალიანება საქონლის მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 0 ლარი. მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, კრედიტორული დავალიანების ნაშთმა 1.01.2021 წლის მდგომარეობით შეადგინა 2 811 121 ლარი, ხოლო 1.01.2024 წლის მდგომარეობით - 507 589 ლარი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებისა და მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის, რასაც დაემატა კრედიტორული დავალიანების ზრდა და დებიტორული დავალიანების კლება. აღნიშნული სხვაობა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, ამ დროიდან აღარ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა. ამასთანავე, მის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 1.01.2021 წლის მდგომარებით ფიქსირდება მოთხოვნების ნაშთი საწარმოს პერსონალის მიმართ 2 767 876 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 1.01.2017-1.04.2020 წლამდე შემოწმებულ პერიოდში მოთხოვნები კომპანიის პერსონალის მიმართ და სალაროს დაუსაბუთებელი ნაშთი 2 184 534 ლარის ოდენობით კვალიფიცირებული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოს მხრიდან სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის თანხა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.

ამასთანავე, სხვაობა 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში 1.01.2021 წლის მდგომარეობით არსებული საწარმოს პერსონალის მიმართ არსებული მოთხოვნების ნაშთისა და სესხად კვალიფიცირებულ თანხებს შორის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №14873 ბრძანება და №094-26 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 3 171 427.69 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 15 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორზე სესხად გაცემულად მიჩნეულ თანხებს მიანიჭოს ხელფასის კვალიფიკაცია და დაბეგროს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანება (არ დაკმაყოფილების ნაწილში) 11.04.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.05.2025 წლის №25054/2/2025 (რეგ. 5.05.2025 წელი; №03/32623) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5289 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის დასკვნა, 18.07.2025 წლის №16211 ბრძანება და №094-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 303 155 ლარით და დაეკისრა ჯარიმა 41 177 ლარი. კომპანიის საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 3 372 593.78 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 6 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 25 ნოემბრის №25904 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით გამოვლინდა სახელფასო განაცემები 1 177 941 ლარის ოდენობით, რომლებსაც გადამხდელი არ ბეგრავდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფარული სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე ფულის ნაშთის გაანგარიშებისას.

საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში არ ეთანხმება ტენდერის ფარგლებში მიღებული თანხების ოდენობას და მისი პოზიციის დასტურად წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტიდან ინფორმაცია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა დავის წარმოების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა საქმის ზეპირი განხილვისას წარდგენილი სადავო საკითხი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელდა ტენდერების ფარგლებში მიღებული თანხების შესწავლა/ანალიზი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერის ფარგლებში შემოსავლების სახით მიღებული თანხების ოდენობა დასტურდება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. რაც შეეხება საგადასახადო შემოწმების დასკვნით განხილულ საკითხებს, ბევრ შეკითხვას შეიცავს, გადასახადის გადამხდელის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშება, კერძოდ:

- ამ კომპონენტების ურთიერთ-შეჯერების შედეგად, ვერანაირი სწორი გაანგარიშების შედეგად, სალაროში არსებული ვირტუალური ნაშთი, ვერ გახდებოდა 6 014 904 ლარი, რომელიც „აგროსილი“ შეადგენს 7 518 631 ლარს და აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხილულია ხელფასად. მხოლოდ ამ მოცემულობის შედეგად სალაროს ვირტუალური ნაშთი უნდა შეადგენდეს (293 707+536 519+5 459 872*1,18-5 660 328*1,18-281 121+507 589) 820 155.92 ლარს ნაცვლად 6 014 904 ლარისა. ზემოაღნიშნული საკითხი უპირობოდ საჭიროებს ხელახალ შესწავლას

- შემოწმების აქტში მითითებულია, რომ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარებით ფიქსირდება მოთხოვნების ნაშთი საწარმოს პერსონალის მიმართ 2 767 876 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 1.01.2017-1.04.2020 წლის შემოწმებულ პერიოდში მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ და სალაროს დაუსაბუთებელი ნაშთი 2 184 534 ლარის ოდენობით კვალიფიცირებული იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად.

- ასევე, მნიშვნელოვანია თავად ის გარემოება, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებული მოძრაობის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ შესწავლის გამო გამორჩენილია მოქმედი სესხის დაფარვისთვის გასული თანხები, რომელიც შეადგენს 776 925 ლარს, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს სალაროს საბოლოო ნაშთის ფორმულირებაში. ამის ნაცვლად აუდიტის დეპარტამენტს გამოკლებული აქვს 554 406 ლარი.

- მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პროცედურები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები სრულად უნდა დაექვემდებაროს შემცირებას. ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას მომჩივნის უშუალო მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან განხორციელებული ქმედება მიზნად არ ისახავდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვას. შესაბამისად, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული სანქციის თანხის კორექტირების განხორციელება შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანებით:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორზე სესხად გაცემულად მიჩნეულ თანხებს მიანიჭოს ხელფასის კვალიფიკაცია და დაბეგროს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამატებით მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ საწარმოს 1 177 941 ლარის ოდენობით უფიქსირდება ხელფასის გაცემები, რომლებსაც არ ბეგრავდა გადახდის წყაროსთან. ასევე, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაფარული იყო სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარი. გადაანგარიშების ეტაპზე ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული გადასახადი, თუმცა დაერიცხა გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, თანხობრივი შედეგი არ შეცვლილა. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა საბანაკო გადახდები, კერძოდ, სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით, წინა შემოწმების ფარგლებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილული თანხა 2 184 535 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.

ამასთან, წინა შემოწმების ფარგლებში მოგების გადასახადით დაბეგრილ ზემოთ აღნიშნულ თანხაზე მოხდა მოგების გადასახადის შემცირება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 303 155 ლარით და დაეკისრა ჯარიმა 41 177 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5289 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5289 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5289 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე სახელფასო განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული გადასახადი, თუმცა დაერიცხა გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, თანხობრივი შედეგი არ შეცვლილა. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა საბანაკო გადახდები, კერძოდ, სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, წინა შემოწმების ფარგლებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილული თანხა 2 184 535 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.

ამასთან, წინა შემოწმების ფარგლებში მოგების გადასახადით დაბეგრილ ზემოთ აღნიშნულ თანხაზე მოხდა მოგების გადასახადის შემცირება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 303 155 ლარით და დაეკისრა ჯარიმა 41 177 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, გ.