გადაწყვეტილება №19108/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19108/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- -------------------- (ს/ნ --------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- -------------------- ს 15.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19108/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2021 წლის NCAR0021780 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2179 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 100 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 20.07.2021 წლის NCAR0021780 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.02.2023 წლის №2179 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო ბუღალტერი, რომელიც იმ პერიოდში ეხმარებოდა, თუმცა მისთვის არაფერი უთქვამს. შესაბამისად ინფორმაციასაც არ ფლობდა აღნიშნული ოქმის შესახებ. ითხოვს, საჩივრის ხელმეორედ განხილვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ, გადამხდელი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2021 წლის NCAR0021780 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2021 წლის 9 აგვისტოს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 8 სექტემბერი. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 27 იანვარს.
მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო ბუღალტერი, რომელიც იმ პერიოდში ეხმარებოდა, თუმცა მისთვის არაფერი უთქვამს. შესაბამისად ინფორმაციასაც არ ფლობდა აღნიშნული ოქმის შესახებ.
მომჩივნის არგუმენტს, რომ სადავო აქტი ჩაბარდა ბუღალტერს და არა მას პირადად, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო აქტების ჩაბარება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2179 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.