გადაწყვეტილება №18623/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18623/2/2023
30.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18623/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №CB1408591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32542 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №CB1408591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. --------), გადამოწმების დროს (12.10.2022 წ. 11:00 სთ) გამოვლინდა 33 192,5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა (ფიცარი 39,05 მ3 X 850 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32542 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ, 11 , 22 , 32 და მე-11 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 2022 წლის 29 ივლისს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და გადაწყვიტა საქმიანობის საქართველოში განხორციელება. კერძოდ, ხე-ტყის მასალებით ვაჭრობა. მასალების იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან, რაზეც აიღო იმპორტისთვის საჭირო ფიტოსანიტარული ნებართვა. 2022 წლის ოქტომბერს განაბაჟა ხე-ტყის მასალით დატვირთულ ოთხი ვაგონი. აღნიშნული ვაგონები გადასატვირთად გადაყვანილ იქნა ------ში ------- ქუჩაზე. იქვე ნაქირავები აქვს სასაწყობე ფართი, სადაც უნდა მოეხდინა ტვირთის გადაზიდვა. ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო 8 ოქტომბერს. ვინაიდან, განბაჟების შემდეგ ეს იყო მისი პირველი ოპერაცია, შიდა გადაზიდვას ახორციელებდა ჩვეულებრივი ზედნადებებით (ჩათვალა, რომ ვინაიდან ტვირთი იყო იმპორტირებული და არ იყო საქართველოში მოჭრილი ხის მასალიდან დამზადებული, აღნიშნული ტვირთი არ საჭიროებდა სპეციალურ სასაქონლო ზედნადებს).
მომჩივანი განმარტავს, რომ მისი მხრიდან განხორცილებული სამართალდარღვევა არ იყო შეგნებული ქმედება. არ ჰქონდა ადგილი ტრანსპორტირებული საქონლის განზრახ დამალვის ფაქტს.
რაც შეეხება მოცულობას, მის მიერ შიდა გადაზიდვის ტრანსპორტირების დროს იწერებოდა ნომინალური მოცულობა და არა ფაქტიური, რადგან ფიტო-სანიტარული ფორმა №3 შევსების დროს ფიქსირდებოდა ნომინალური მოცულობა, ასევე შეძენისას ინვოისში დაანგარიშება ხდებოდა ნომინალური ღირებულებიდან. მთლიანად შიდა გადაზიდვით გაწერილი მასალის კუბატურა ემთხვევა მიღებული მასალის კუბატურას, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ აზომვისას სანქცირებული მასალის რაოდენობა შეადგენდა 29 მ3 . რაც მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2022 წ. 13 ოქტომბრის №DES ------ წერილში.
ყველა შიდა გადაზიდვაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი ჩაწერილი იყო სასაქონლო ზედნადებში. ერთადაერთი რის იდენტიფიცირებას ამ შემთხვევაში ვერ ახდენდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები, ეს არის საბაჟო დეკლარაცია. ეს იყო დამწყები მეწარმის ტექნიკური ხარვეზი, რაც არანაირად არ აზარალებს სახელმწიფოს. ხე-ტყის ტრანსპოტირებასთან დაკავშირებული მკაცრი კანონის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არ იქნეს დაზარალებული საქართველოს ბუნება და ადგილი არ ჰქონდეს უნებართვო ხეების მოჭრას. მის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან ტვირთი იმპორტირებულია და მასალის იდენტიფიცირება, რომ ის საქართველოში მოჭრილი და დამზადებული არ არის უბრალოდ შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არის კეთილსინდისიერი, დამწყები მეწარმე (ეს იყო მისი პირველი ოპერაცია, რეალიზაცია ჯერ არც მოუხდენია) და ტრანსპორტირებული ხე-მასალა წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების გაუქმებას და ჩამორთმეული საქონელის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №-------21-12 წერილიდან ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის N-DES------ წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------- რა დროსაც დადგინდა, რომ -------- (პ/ნ ---------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (33 192,5 ლარის საბაზრო ღირებულების დახერხილი ხის მასალა: ფიცარი -39,05 მ3 ) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივანი განმარტავს, რომ ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო 8 ოქტომბერს. ვინაიდან, განბაჟების შემდეგ ეს იყო მისი პირველი ოპერაცია, შიდა გადაზიდვას ახორციელებდა ჩვეულებრივი ზედნადებებით (ჩათვალა, რომ ვინაიდან ტვირთი იყო იმპორტირებული და არ იყო საქართველოში მოჭრილი ხის მასალიდან დამზადებული, აღნიშნული ტვირთი არ საჭიროებდა სპეციალურ სასაქონლო ზედნადებს).
დადგენილია, რომ მომჩივანი საქონლის (ფიცარი 39,05 მ3 ) ტრანსპორტირებას ახდენდა ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №CB1408591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქცია სწორად არის შეფარდებული, თუმცა მომჩივანი თავისუფლდება შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან.
მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებზე, რომლის თანახმად:
5. თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №CB1408591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისაგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი განმარტავს, რომ ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო 8 ოქტომბერს. ვინაიდან, განბაჟების შემდეგ ეს იყო მისი პირველი ოპერაცია, შიდა გადაზიდვას ახორციელებდა ჩვეულებრივი ზედნადებებით (ჩათვალა, რომ ვინაიდან ტვირთი იყო იმპორტირებული და არ იყო საქართველოში მოჭრილი ხის მასალიდან დამზადებული, აღნიშნული ტვირთი არ საჭიროებდა სპეციალურ სასაქონლო ზედნადებს). დადგენილია, რომ მომჩივანი საქონლის (ფიცარი 39,05 მ3 ) ტრანსპორტირებას ახდენდა ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებით.
გადაწყვეტილება
საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 270; 286.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება