გადაწყვეტილება №25151/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.06.2025
№ დოკუმენტი 25151/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№25151/2/2025

05 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 3.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25151/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7091 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 300 915,71 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 182 263

ჯარიმა - 91 131 საურავი - 27 521,71

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, როგორც მედიკამენტებით, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს მედიკამენტებით, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით, რომელიც წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საქონელს. საქონლის შეძენა განხორციელებულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, იმპორტით და საწყობის რეჟიმით. ასევე, ხდება რეალიზაციაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე (სრულად დოკუმენტური), ისე ექსპორტი და საწყობის რეჟიმით. 2022 და 2023 წლებში, უზბეკურ კომპანია -----ზე გადარიცხულია თანხები, საფუძვლით, მედიკამენტების რეგისტრაციის საფასური - სულ ჯამში 68 469 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიღებული შემოსავალი შეადგენს 6 951 056 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი ან სხვა განაცემი 3 784 ლარს. კომპანიის მიერ ექსპორტის და რეექსპორტის რეჟიმით რეალიზებულია 4 545 204 ლარის პროდუქცია. 29.02.2024 წლის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის დასასრული) 4 სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიის (ტაჯიკური და უზბეკური) არსებული დებიტორული დავალიანება, შპს „---ის“ მიმართ შეადგენს 1 869 857 ლარს, აღნიშნული მოიცავს 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებასაც. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ვალის მოთხოვნის ან დავის სამართლებრივი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ დებიტორი კომპანიების მიერ უკანასკნელი გადახდები განხორციელებულია 2021 წელს, ასევე, არის შემთხვევები, როცა არსებული, საკმაოდ მაღალი დებიტორული დავალიანების მიუხედავად, პროდუქცია მიწოდებულია რამდენიმე თვის შემდეგ ან მომდევნო წელს, რომელზეც ასევე არ განხორციელებულა საკომპენსაციო თანხის გადახდა. აღნიშნული თანხები 29.02.2024 წლის მდგომარეობით, გადამხდელს ჩაეთვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №002-143 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 439 211 ლარით (გადასახადი 292 807 ლარი, ჯარიმა 146 404 ლარი). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 27.12.2024 წლის №002-237 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარდგენილია დამატებითი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტებები, იმ იმედით, რომ დარიცხული გადასახადები მოიხსნებოდა სრულად. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგები გადაიანგარიშა მხოლოდ ნაწილობრივ. ამგვარად, დარიცხული თანხები დაახლოებით 60%-ით შემცირდა, მაგრამ ჯერ ერთი, ესეც ძალიან დიდი თანხაა კომპანიისათვის, რომლის ეკონომიკური საქმიანობა ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით; და მეორეც, რაც მთავარია, ეს დარიცხვა უსამართლოა, „ჰაერიდან მოტანილი“, რადგან კომპანიას რამე საგადასახადო სამართალდარღვევა საერთოდ არ ჩაუდენია! წარდგენილი დოკუმენტების (შედარების აქტები დებიტორებთან) და არგუმენტაციის დამაჯერებლობის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე მხოლოდ ფორმალურად და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. საწარმოს მიერ ამ დარიცხვების გასაჩივრების შედეგად, ერთ-ერთი დებიტორული დავალიანების თანხა მოიხსნა, 2 კი შემცირდა, ამასთან გამოყენებული იქნა 29.02.2024 -1.03.2024 თარიღით მოქმედი სავალუტო კურსები. დარჩენილი დებიტორული დავალიანება, რომელიც გასაჩივრების საგანია, არის 729 054.99 ლარი (იხ. ცხრილი ქვემოთ). გადაანგარიშების შემდეგ, სწორედ ეს ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და შესაბამისად, დაერიცხა გადასახდელად (ძირი თანხა) (729 054.99/0.80)*20%=182 263 ლარი.

 

კომპანია კვლავ არ ეთანხმება ამ გადაკვალიფიცირებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებული დებიტორული დავალიანების (ამ 3 არარეზიდენტი კომპანიის მიმართ) დირექტორის ხელფასად მიჩნევის არანაირი საფუძველი. ეს თანხა დღემდე გადაუხდელია ობიექტური მიზეზების გამო (საქართველოს კანონმდებლობაში 2022 წელს მომხდარი ცვლილებების გამო), არ წარმოებს ახალი პროდუქცია და ხდება მიწოდება, რაც კომპანიის ვალდებულება იყო დებიტორის წინაშე. ამიტომ მათ ნაწილობრივ შეწყვიტეს გადახდები, დროებით, სანამ პროდუქციის მიწოდებას განახლდება. ამასთან, ისინი აღიარებენ ზემოაღნიშნულ დებიტორულ დავალიანებებს და ხელიც მოაწერეს შედარების აქტებზე. ეს შედარების აქტებიც წარმოდგენილია. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ამ არარეზიდენტი კომპანიებიდან, არცერთი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს. შესაბამისად, საერთოდ გაუგებარია, რას ედავება კომპანიას შემოსავლების სამსახური? დებიტორები რომ, ბიზნეს-პრობლემების გამო, თანხების ჩარიცხვას აგვიანებენ, ამას რა კავშირი აქვს დირექტორის ხელფასთან? ეს თანხები მას რომ მიეღო და კომპანიაში შემოტანის ნაცვლად თვითონ მოეხმარა პირადი მიზნებისათვის, მაშინ დარიცხვა გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, ამაზე არ მიანიშნებს არცერთი გარემოება, ამას არ ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის არცერთი დებულება! დებიტორული დავალიანებების არსებობას ზემოაღნიშნული არარეზიდენტი დებიტორები ადასტურებდნენ მუდამ და მათ შორის, ახლაც. შემოსავლების სამსახურის მსჯელობა დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით, ზედაპირულია. აქ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყოფილი დსთ-ის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში აპოსტილის გამოყენება სავალდებულო არ არის! ეს ყველასთვის ცნობილია. რაც შეეხება ნოტარიულად დამოწმებას, თუ მხოლოდ ეს არის უარის მიზეზი, შემოსავლების სამსახურს შეეძლო ამის შესახებ ეთქვა (ანუ, მოეთხოვა კომპანიისგან) და ნოტარიულად დამოწმებულიც წარმოდგენილი იქნებოდა აქამდე! თუმცა, როდესაც შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, „სხვა ისეთი ფორმით, რომელიც მიღებულია შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში“, მსგავსი შედარების აქტები სწორედაც რომ ხშირად გამოიყენება ბიზნეს-ურთიერთობებში, მათ შორის, ფინანსური ანგარიშგებების შედგენის ან/და მათი აუდიტორული შემოწმების პროცესში და ნოტარიულად დამოწმების მოთხოვნა არის არა გავრცელებული, არამედ პირიქით, ძალიან იშვიათი! შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემისა და მისი გაცნობის შემდეგ, კომპანიამ განმეორებით მიმართა დებიტორული დავალიანების დადასტურების თხოვნით დებიტორებს. მათგან ორმა:---მ კვლავ დაადასტურა 29.02.2024 წლის მდგომარეობით ზემოთ მითითებული დავალიანებების არსებობა და ამჯერად, თავიანთი დასტური ნოტარიალურად დაამოწმეს! რაც თან ვურთავთ წინამდებარე საჩივარს. რაც შეეხება მე-3 დებიტორს, კომპანია ----ს ჯერჯერობით არ მოუწოდებია ანალოგიური დასტური მათი შიდა ორგანიზაციული საკითხების გამო, მაგრამ ეს დასტურიც სავარაუდოდ, მალე გამოიგვიგზავნება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მოსაზრებით, არსებული არარეზიდენტების დებიტორული დავალიანების მიჩნევა მიღებულად და კომპანიის დირექტორზე ხელფასად გაცემულად, არის დაუსაბუთებელი (მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებული, რაც სრულიად მიუღებელი ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის მხრიდან) და არასწორი! მომჩივანი დაბეჯითებით მოითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად კომპანიის დებიტორული დავალიანების დირექტორზე ხელფასის განხილვის გამო დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციების მოხსნას.

საგადასახადო შემოწმების შედეგები უჩვენებს, რომ დამატებით გადასახადების ძირითადი დარიცხვა გამოწვეულია საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის დებიტორული დავალიანების გადაკვალიფიცირებით დირექტორისთვის მიღებულ ხელფასად, რაც არასწორია, ეს სინამდვილეში არ მომხდარა! მაგრამ, ასეც რომ იყოს, როგორ შეიძლება გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ეჭვების გამო, რომელიც არაფრით, საერთოდ არაფრით არ არის გამყარებული? ცალსახაა, რომ ასეთი სახის გადაკვალიფიცირების გამო, ის ძალაშიც რომ დარჩეს, საწარმოს არ უნდა დაერიცხოს გადასახდელად არანაირი ჯარიმა. იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული წარმოდგენილი კონტრარგუმენტები, მომჩივანი ითხოვს მოეხსნას დარიცხული ჯარიმები და საურავები სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი) და 5 შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 24.12.2024 წლის დასკვნა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნიდან დგინდება, რომ არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

დავის პროცესში გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და გათვალისწინებულია არარეზიდენტის მიერ ჩამორიცხული თანხები:

1. კომპანია „---“-ის სახელით შპს „---თვის“ 2022 წელს თანხები უნაღდო ანგარიშსწორებით ჩარიცხული აქვს კომპანია- ---ს, რომლითაც დაიფარა დებიტორული დავალიანების ნაწილი, ჩარიცხვის დანიშნულებას ადასტურებს ჩამრიცხავი და დებიტორი კომპანიებიც.

2. კომპანია „----“-ს ჩარიცხული აქვს თანხები შპს „----ს“ დამფუძნებლის, ---ას ანგარიშზე, რომელსაც შემოტანილი აქვს შპს „----ის“ ანგარიშზე სესხის დანიშნულებით, ბუღალტრულად აღნიშნული სესხი გადაკვალიფიცირებულია საწესდებო კაპიტალად, თუმცა გადამხდელის განმარტებით, რეალურად ეს თანხები წარმოადგენდა დებიტორული დავალიანების დაფარვას, რომელსაც ჩაასწორებს ბუღალტრულ პროგრამაში და გათვალისწინებული იქნება შემდგომ პერიოდში.

3. კომპანია ----მა შპს „----ს“ ჩაურიცხა სრულად, შემოწმების დასრულების შემდგომ პერიოდში, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერი შემდგომ პერიოდზე. წარდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ზემოთ აღნიშნული სამივე საკითხი დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელად დარიცხული გადასახადი და შესაბამისად, ჯარიმის ნაწილი.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც საჩივრის წარმოებისას შეფასებული არ არის. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7091 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს მედიკამენტებით, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით, რომელიც წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საქონელს. საქონლის შეძენა განხორციელებულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, იმპორტით და საწყობის რეჟიმით. ასევე, ხდება რეალიზაციაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე (სრულად დოკუმენტური), ისე ექსპორტი და საწყობის რეჟიმით. 2022 და 2023 წლებში, უზბეკურ კომპანიაზე გადარიცხულია თანხები, საფუძვლით, მედიკამენტების რეგისტრაციის საფასური - სულ ჯამში 68 469 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.

კომპანიის მიერ ექსპორტის და რეექსპორტის რეჟიმით რეალიზებულია 4 545 204 ლარის პროდუქცია. 29.02.2024 წლის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის დასასრული) 4 სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიის (ტაჯიკური და უზბეკური) არსებული დებიტორული დავალიანება, მომჩივნის მიმართ შეადგენს 1 869 857 ლარს, აღნიშნული მოიცავს 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებასაც. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ვალის მოთხოვნის ან დავის სამართლებრივი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ დებიტორი კომპანიების მიერ უკანასკნელი გადახდები განხორციელებულია 2021 წელს, ასევე, არის შემთხვევები, როცა არსებული, საკმაოდ მაღალი დებიტორული დავალიანების მიუხედავად, პროდუქცია მიწოდებულია რამდენიმე თვის შემდეგ ან მომდევნო წელს, რომელზეც ასევე არ განხორციელებულა საკომპენსაციო თანხის გადახდა. აღნიშნული თანხები, გადამხდელს ჩაეთვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც საჩივრის წარმოებისას შეფასებული არ არის. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ბ).