ბრძანება N 22584

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.10.2026
№ დოკუმენტი 22584
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22584

09 ოქტომბერი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 18 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 18 სექტემბრის №104680/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აგვისტოს №007-234 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17043 ბრძანების აღსრულების შედეგები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17043 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17043 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 18 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 21 აგვისტოს №007-234 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 3 137 153 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 808 954 ლარი

დღგ - 707 973

მოგების გადასახადი - 19 360

საშემოსავლო გადასახადი 1 081 619

ჯარიმა - 979 964

საურავი - 348 234

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

შპს „-------“ (ს/ნ „-------“) მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილია „-------“-ის რესპუბლიკის მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის ქართული თარგმანი, თუმცა არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის დედანი. არ არის შესრულებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების შესაბამისი მოთხოვნები. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17043 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები. შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი აცხადებს, რომ „-------“-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და დასკანერებული ვერსია კომპანიას უკვე ელექტრონულად ჰქონდა თანდართული თავდაპირველ საჩივარზე და №17043 ბრძანებაში არ ყოფილა კონკრეტული მითითება ან დავალება იმის შესახებ, რომ გადამხდელს აუცილებლად დოკუმენტის მატერიალური (ორიგინალი/დედანი) სახით წარდგენა ევალებოდა აუდიტორისთვის ფიზიკურად ჩაბარების გზით. დამატებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საჩივარს (კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე) თან ერთვის „-------“-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობა (ორიგინალის დასკანერებული ვერსია და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი), რომლითაც დასტურდება, რომ მომსახურების გაწევის პერიოდში მომსახურების გამწევი წარმოადგენდა „-------“-ის რესპუბლიკის რეზიდენტს.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტ „-------“-ის კომპანიაზე 2024 და 2025 წლების განმავლობაში ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილია სულ 114 620 ლარი. დასაბეგრი თანხა შეადგენდა 127 355 ლარს, ხოლო დარიცხული გადასახადი - 12 735 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართულია არარეზიდენტ პირზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. ცნობის გაცემის თარიღია 2026 წლის 12 მაისი, თუმცა აღნიშნულ ცნობაში არ არის მითითებული შესაბამისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა დასტურდებოდეს შემოსავლის მიმღების რეზიდენტობა. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვით, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, ამ წესის მიზნებისათვის ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც დასტურდება შემოსავლის მიმღების რეზიდენტობა.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, ვინაიდან მომჩივნის მიერ დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობა იმ წლების მიხედვით, რომელშიც დასტურდება შემოსავლის მიღება გადასახადის გადამხდელი საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილია რეზიდენტობის ცნობის ქართული თარგმანი, თუმცა არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის დედანი. არ არის შესრულებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების შესაბამისი მოთხოვნები. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები. შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).