გადაწყვეტილება №26147/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26147/2/2025
01 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 7.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26147/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №007-217 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22859 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 47 463 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 30 601.50
ჯარიმა - 15 301
საურავი - 1 560.50
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საწვავით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11699 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს აქვს ორი ავტოგასამართი სადგური (აგს) სოფელ ---ში და ---ში. ახდენს ორი სახეობის საწვავის რეალიზაციას: ბენზინი რეგულარისა და დიზელის. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად უფიქსირდება 490 700 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 36 000 ლარი. გადასახადის გადამხდელთან 2017 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 13 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2020 წლის 9 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა შემოწმებაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კაპიტალის ნაშთები, რომელიც განსხვავდება მიმდინარე შემოწმების საბუღალტრო პროგრამის კაპიტალის ნაშთისგან. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო წინა შემოწმების კაპიტალის ნაშთებს და დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანილი თანხები აღემატება კაპიტალში შენატან თანხებს. აღნიშნული სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №18027 ბრძანება და №007-217 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 47 463 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 3 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 ოქტომბრის №22859 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 27 ოქტომბერს ავტოგასამართი სადგურის აშენების პროექტის ღირებულება/თანხა ჩაიდო საწესდებო კაპიტალში, რაზეც არსებობს დამფუძნებელთა კრების ოქმი. აღნიშნული უნდა დაკვალიფიცირდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეცდომად/არცოდნად, რადგან კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს აქვს ორი ავტოგასამართი სადგური (აგს). ახდენს ორი სახეობის საწვავის რეალიზაციას: ბენზინი რეგულარისა და დიზელის. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად უფიქსირდება 490 700 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 36 000 ლარი. გადასახადის გადამხდელთან 2017 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 13 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2020 წლის 9 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა შემოწმებაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კაპიტალის ნაშთები, რომელიც განსხვავდება მიმდინარე შემოწმების საბუღალტრო პროგრამის კაპიტალის ნაშთისგან. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო წინა შემოწმების კაპიტალის ნაშთებს და დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანილი თანხები აღემატება კაპიტალში შენატან თანხებს. აღნიშნული სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).