გადაწყვეტილება №25393/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25393/2/2025
11 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 27.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25393/2/2025).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18324/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №001-41 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 184 129.49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 106 917
დღგ - 105 796
მოგების გადასახადი - 632
საშემოსავლო გადასახადი - 489
ჯარიმა - 52 754.5
საურავი - 24 457.99
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარეკლამო შესაფუთი საშუალებების (სტიკერი, კლიშე, ეტიკეტი, შესაფუთი ფირები), ჰიგიენური, დასუფთავებისა და მოვლის საშუალებების, საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთების ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენა, ასევე იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელს, ასევე, უფიქსირდება ბეჭდვითი მომსახურების შეძენა - მიწოდება (საშუამავლო მომსახურება). 2020 წლის თებერვლიდან საქმიანობას ახორციელებს ქ. -----ში, -----ის ქ. №--ში მდებარე იჯარით აღებულ სავაჭრო ობიექტში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.07.2022 წლის №18252 ბრძანება და №001-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28158 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 10.02.2023 წლის №18324/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №7278 ბრძანება და 5.04.2023 წლის №001-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნას, მის საფუძველზე გამოცემულ 4.04.2023 წლის №7278 ბრძანებას და 5.04.2023 წლის №001-41 საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 6.04.2023 წელს (მომჩივანიც იგივე თარიღს მიუთითებს საჩივარში), გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 8 მაისი (უქმე დღის გათვალისწინებით). დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 26 ივნისს (შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის 21 საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა დავების განხილვის საბჭოში 27.06.2025 წლის №56096-21-04 წერილით).
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/დოკუმენტს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება გასაჩივრების დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს №18324/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №18252 ბრძანება და №001-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №28158 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №18324/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №7278 ბრძანება და №001-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება გასაჩივრების დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“ );