გადაწყვეტილება №5647/2/2018-2
📄 სრული ტექსტი
№5647/2/2018
03.04.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------““-ის საჩივარზე.
დავის საგანი:
პირგასამტეხლოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არ გათვალისწინება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;
დარიცხული თანხა: 717139.74 ლარი
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 353351 ლარი.
ჯარიმა - 162820 ლარი.
საურავი - 200968,74 ლარი.
პროცედურული გარემოებები
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების --.--.2017 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა --.--.2012 წლიდან --.--.2015 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №------ ბრძანება და №----- „საგადასახადო მოთხოვნა“.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
პირგასამტეხლოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არ გათვალისწინება;
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „----------“-ს დასაბეგრი შემოსავალი 2012-2014 წლებში სადაზღვევო საქმიანობის სფეროში (გამომუშავებული სადაზღვევო პრემია, გადაზღვევის ხარჯი, ანაზღაურებული ზარალები, გამოქვითული რეზერვები და გადამზღვევლის წილი ანაზღაურებულ ზარალებში) განსხვავებულია დეკლარირებულისაგან, კერძოდ დასაბეგრმა შემოსავალმა 2012-2014 წლებში შეადგინა 1528832 ლარი, ნაცვლად გადამხდელის მიერ დათვლილი 91127 ლარის ზარალისა. აღნიშნული სხვაობიდან 1524095 ლარზე წარმოადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება,აღნიშნული თანხიდან 926578 ლარი წარმოადგენს 2012-2014 წლებში ასანაზღაურებელ ზარალს, რომელიც კომპანიას არ აქვს გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში, ხოლო 597517 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.
შემოწმებით, 926578 ლარი გათვალისწინებული იყო ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში, ხოლო პირგასამტეხლო საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული გამოქვითვებში, სხვაობა 602245 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში, რომლის 2016-2017 წლებში გადახდის დოკუმენტაცია წარმოადგინა გადამხდელს ჯარიმა დაერიცხა 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული, საგადასახადო ვალდებულების შეცვლით დაკისრებული ჯარიმა 10%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.
ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,1.აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას - ნაღდი ფულის გადახდის მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას - ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება დასაშვებია ხარჯის ფაქტობრივად გაწევის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ დასტურდება, ამდენად, გადამხდელის მოთხოვნა მისი ხარჯებში გათვალისწინების თაობაზე უსაფუძვლოა.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო შემთხვევა განსხვავებულია ტიპიურისაგან, დარიცხული პირგასამტეხლო აღიარებულია საქართველოს სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში აღიარებული ვალდებულების გამოქვითვას სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად, რაც ტიპიური პირგასამტეხლოს თანხის ხარჯად აღიარებისგან რადიკალურად განსხვავდება, აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე შესაძლებელია წარმოდგენა მტკიცებულებების, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოები გადახდილი იყო მომჩივნის მიერ შემდგომ წლებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.“
ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.
საგადასახადო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა:
ა) შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან;
ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს).
საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,1.აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება დასაშვებია ხარჯის ფაქტობრივად გაწევის შემთხვევაში. ვინაიდან, მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით ადასტურებს, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მომჩივნის მიერ განხორციელდა შემდგომ წლებში, შესაბამისად, სადავო პერიოდში აღნიშნულის ხარჯად გათვალისწინებისა და გამოქვითვის საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1.საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.