ბრძანება N 10726

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2023
№ დოკუმენტი 10726
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10726

15.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილის და 20 აპრილის სხდომებზე (ოქმი №36, ოქმი №42) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №79085/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-692 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღგ-ის დარიცხვის მიზნებისთვის შემოწმებისას არ ყოფილა გათვალისწინებული გაუქმებული ხელშეკრულებები და უკან დაბრუნებული თანხები. მიუთითებს, რომ დავის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები. ითხოვს მითითებული არგუმენტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის N12641 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33731 ბრძანება და ამავე თარიღის №006-692 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 289 501 ლარი, მათ შორის, გადასახადი 143 795 ლარი, ჯარიმა 73 632 ლარი, საურავი 72 074 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაყიდულია ფართები (საჯარო რეესტრის მონაცემებით, გადაფორმებებით), რომლის დეკლარირებაც გადამხდელს არ განუხორციელებია სრულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული ფართების ღირებულებები (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით ღირებულებები განსაზღვრულია აშშ დოლარში, რომელიც გადაანგარიშებულია შესაბამისი დღის ეროვნული ბანკის კურსით). აღნიშნული თანხა შემცირდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი (საავანსო) თანხებით. შედეგად, დეკლარირებულთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები, რაზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია უძრავი ქონება, რაზეც არ არის სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. შემოწმების მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული ფართების ღირებულებები, რომელიც შემცირდა ხელშეკრულებაში მითითებული შემძენი ფიზიკური პირების მიერ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი (საავანსო) თანხებით. მიღებულ შედეგსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/მტკიცებულება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღგ-ის დარიცხვის მიზნებისთვის შემოწმებისას არ ყოფილა გათვალისწინებული გაუქმებული ხელშეკრულებები და უკან დაბრუნებული თანხები. ითხოვს მითითებული არგუმენტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია უძრავი ქონება, რაზეც არ არის სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. შემოწმების მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული ფართების ღირებულებები, რომელიც შემცირდა ხელშეკრულებაში მითითებული შემძენი ფიზიკური პირების მიერ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი (საავანსო) თანხებით. მიღებულ შედეგსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/მტკიცებულება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161(1); 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 159(1); 163(1); 164(1); 275