დირექტორზე უპროცენტოდ გაცემული სესხის დაბეგვრა N 2641

2641 დირექტორზე უპროცენტოდ გაცემული სესხის დაბეგვრა 02.03.2017
№ დოკუმენტი 2641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დირექტორზე უპროცენტოდ გაცემული სესხის დაბეგვრა N 2641

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X"-მა დირექტორზე 2017 წლის 1 იანვარს გასცა სესხი 100 000 ლარი უპროცენტოდ. ფიზიკურმა პირმა მიღებული სესხი დააბრუნა 2017 წლის 30 ნოემბერს. შპს „X"-მა იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი - 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, იმავე პერიოდში გადაიხადა მოგების გადასახადი 17 647 ლარის ოდენობით, ხოლო ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით დაბრუნებულ სესხის თანხაზე განახორციელა 17 647 ლარის მოგების გადასახადის ჩათვლა.

· შპს „X"-მა გადახდის წყაროსთან არ დააკავა საშემოსავლო გადასახადის თანხა.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება და უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ხოლო ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო სარგებლის ღირებულებად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. ამასთან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

· იმის გათვალისწინებით, რომ დირექტორი წარმოადგენს შპს „X"-ის დაქირავებულ პირს, სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა 18 333 ლარი (100 000*20%*11/12=18 333) ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, არ განიხილება მისთვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, იანვარ-ნოემბრის საანგარიშო პერიოდებზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხა ითვლება ფიზიკური პირისთვის გადახდილ ხელფასად, სახეზე არაა ასევე 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია (მოგების განაწილება).

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ მოიცავს შპს „X“-ის მიერ გაცემული სესხის ძირითადი თანხის გაცემისა და მისი დაბრუნების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის შეფასებას