გადაწყვეტილება №18915/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18915/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------ი (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 20.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18915/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №CB1366059 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1551 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 62 088.33 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.05.2022 წლის №11511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანი, 28.07.2022 წლის №CB1366059 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 27.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1551 ბრძანებით, საჩივარი განუხილველი დარჩა, გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებით, ასევე 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და დაასკვნა, რომ გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 15.08.2022 წელს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 27.01.2023 წელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, განუხილველად დატოვების თაობაზე და ითხოვს გამოკვლეულ იქნას, საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მომჩივანის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.05.2022 წლის №11511 ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაზეც 5.07.2022 წლის შეტყობინებით ჩაბარდა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი.
8.07.2022 წელს მომჩივანმა წარადგინა წერილობით პოზიცია, რომლითაც არ ეთანხმებოდა ოქმის პროექტში ასახულ შედეგებს, კერძოდ, კომპანიის უფლებამოსილი პირი დროულად არ იქნა ინფორმირებული თანამშრომლის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიღებისა და მისი გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ მას უნდა მიეცეს საშუალება, არსებითად იდავოს ოქმით დარიცხულ თანხებთან მიმართებით, მაშინ, როდესაც დარიცხვები განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №117263-21-11 წერილის მიხედვით, მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №CB1366059 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ამავე დღეს გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც გაეცნო 15.08.2022 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 14.09.2022 წელი. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 27.01.2023 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1551 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.