გადაწყვეტილება №19641/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19641/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19641/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის ჯარიმის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №CB1443653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7898 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №CB1443653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს (9.02.2023 წ. 15:45 სთ) გამოვლინდა, რომ ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 28 700 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირება (სატრანსპორტო საშუალების ნომერი: --------), სასაქონლო ზედნადების გარეშე.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7898 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 286-ე მუხლის 11 , 12 და 32 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია უსაფუძვლოდ და უნდა გაუქმდეს. კომპანია საქმიანობის ფარგლებში ეწევა როგორც მისთვის გამოყოფილი ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავებას და ექსპორტს, ასევე სათანადო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილი, ნაწილობრივ გადამუშავებული (დახერხილი) ხე-ტყის შეძენა გადამუშავებას და ექსპორტს. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ 8.02.2023 წელს ------- რესპუბლიკაში ექსპორტზე გატანის მიზნით, სათანადო დოკუმენტაციით, საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი იქნა წიფლის ჯიშის გადამუშავებული ხე-ტყის ფიცარი 32 მ 3 -ის ოდენობით, რომლებიც მის მიერ შეძენილი იქნა შპს ------გან (ს/ნ ------) 14,4 მ 3 -ის ოდენობით და შპს -------გან (ს/ნ -------) შეძენილი 44,4 მ 3 ფიცრის ნაწილი 17,65 მ 3 -ის ოდენობით, რაზედაც გაფორმებული იქნა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც მითითებული იქნა ხის დამხერხავი სახერხის მიერ გაცემული ცნობის ფირნიშის ნომრების მონაცემები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კონტროლის განხორციელების შედეგად დადგენილი იქნა, რომ კომპანიის მიერ შპს ------გან (ს/ნ -------) 14,4 მ 3 -ის ოდენობით შეძენილი წიფლის ფიცრის წარმოშობის მითით ებული დოკუმენტების მონაცემები (ფირნიშების ცნობების ნომრები) უკვე გამოყენებული იქნა სხვა შესყიდვის დროს და ამის საფუძველზე მიჩნეული იქნა, რომ კომპანიის მიერ ექსპორტზე წარდგენილი 32 მ 3 ფიცრიდან 14,35 მ 3 მიჩნეული იქნა კანონის დარღვევით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 22.02.2023 წელს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 10 000 ლარის ოდენობით და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევას, რაც არასწორია და უნდა გაუქმდეს, რადგანაც დღეის მდგომარეობით კომპანია, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, მოკლებულია სახერხების მიერ გაცემული ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის შესახებ გაცემული ცნობების გამოყენების შესახებ სახელმწიფოს საინფორმაციო ბაზებზე წვდომას, აგრეთვე არ გააჩნია საშუალება, როგორც პირადად ან ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით გადაამოწმოს გამყიდველის მიერ საქონლის, ამ შემთხვევაში წიფლის ფიცრის წარმოშობის დოკუმენტის სხვა გარიგებაში გამოყენება და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მისი მოქმედების კანონის შესაბამისად ტრანსპორტირებისათვის სასაქონლო ზედნადების გაფორმება, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში რაიმე სახის ბრალეულობას, რაც დასტურდება წარმოდგენილი საქონლის შესყიდვის და ტრანსპორტირებისათვის კომპანიის მიერ შედგენილი საბუთებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 , 12 და 32 ნაწილების თანახმად:
1 1 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
1 2 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
3 2 . ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №45983-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 9.02.2023 წელს ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------, რა დროსაც დადგინდა, რომ ----------- (პ/ნ ------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (28 700 ლარის საბაზრო ღირებულების 14,35 მ 3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალება გადამოწმებული იქნა საბაჟო ტერიტორიაზე, გადამხდელი ახორციელებდა საქონლის გატანას ექსპორტზე. საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა ტრანსპორტირებული საქონელის დოკუმენტაციის შესწავლა. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ მომჩივნისთვის საქონლის მიმწოდებელი კომპანიების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ცნობის ნომრები უკვე მითითებული იყო სხვა სასაქონლო ზედნადებებში. გამოვლენილი მონაცემებით 14,35 მ 3 ჩაითვალა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებულად და ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სანქცია. საქონლის მომწოდებლები მომჩივნის ურთიერთდამოკიდებული პირები არ არიან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.
მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებზე, რომლის თანახმად:
5. თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №CB1443653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისაგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის ჯარიმის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №CB1443653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს (9.02.2023 წ. 15:45 სთ) გამოვლინდა, რომ ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 28 700 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირება, სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7898 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(1)(2), 286(11)(12)(32), 269(7).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.