გადაწყვეტილება №23043/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23043/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23043/2/2024).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2024 წლის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2024 წლის №10161 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 67 530,51 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 41 243
ჯარიმა - 20 621
საურავი - 5 666,51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №2822 ბრძანებისა და მასში შესული ცვლილებების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2021, 2022, 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ანალიზის შედეგად შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლები 2020, 2021 და 2022 წლებში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 52 214 ლარი, ხოლო 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რითაც წარმოეშვა 2021, 2022 და 2023 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში წარმოდგენილი აქვს დეკლარაცია, თუმცა არაზუსტად. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული და საჯარო რეესტრი მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ მომჩივანს 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებები და ერთი მსუბუქი ავტომობილი.
დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არასრულად არის შესრულებული. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, ---------ს ქონების გადასახადის ნაწილში (გარდა მიწისა) დაერიცხა გადასახადის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2024 წლის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.05.2024 წლის №10161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 205- ე მუხლის მე-12 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე 272-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში ----------ზე რეგისტრირებულია ავტომობილი, რომელიც არის მოპარული და გაკეთებულია განაცხადი მის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 წლის უკან. სამწუხაროდ ზუსტი დრო არ ინახება არქივში. აგრეთვე გვსურს ქონების ფასის დაკორექტირება, რადგან საბაზრო ფასი მოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგ ქონებაზე ნაკლებია ვიდრე იყო მითითებული. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია გამოუცდელობის და არცოდნის გამო (პირველი შემთხვევაა და დღემდე შემოწმება არ გვყოლია). საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოგვიხსნათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმა, საურავების თანხები. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.11.2022 წლის №27777 ბრძანების თანახმად, თუ ძირ თანხას სრულად გადაიხდის ფიზიკური პირი მოეხსნას ჯარიმა და საურავზე დარიცხული თანხა, იმის გამო, რომ არის ფიზიკური პირი და არ აქვს შესაბამისი განათლება საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელის ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის 2020 წლის შემოსავალმა შეადგინა 52 214 ლარი, ხოლო 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რითაც წარმოეშვა 2021, 2022 და 2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში წარდგენილი აქვს დეკლარაცია, თუმცა არაზუსტად. გადასახადის გადამხდელს 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებები და ერთი მსუბუქი ავტომობილი, რაზეც სრულყოფილად არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში რეგისტრირებული ავტომობილი არის მოპარული და გაკეთებულია განაცხადი მის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 წლის უკან. არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების. მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია გამოუცდელობის და არცოდნის გამო და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას დარიცხული ჯარიმა და საურავი.
საგადასახადო დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე გადამხდელის მხრიდან მოპარულ ავტომობილთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2822 ბრძანებისა და მასში შესული ცვლილებების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2021, 2022, 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ანალიზის შედეგად შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლები 2020, 2021 და 2022 წლებში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 52 214 ლარი, ხოლო 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რითაც წარმოეშვა 2021, 2022 და 2023 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში წარმოდგენილი აქვს დეკლარაცია, თუმცა არაზუსტად.
ასევე,შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული და საჯარო რეესტრი მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ მომჩივანს 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებები და ერთი მსუბუქი ავტომობილი.
ამასთან დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არასრულად არის შესრულებული. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, მომჩივანს ქონების გადასახადის ნაწილში (გარდა მიწისა) დაერიცხა გადასახადის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომის №10161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ამასთან,მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201( „გ“); 202(5.8); 205(12); 269(7);